ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

„თურქული ნაკადის“ მილსადენის პროექტის განხორციელების პერსპექტივა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თუმცა, რუსულ საბრძოლო თვითმფრინავთან დაკავშრებული ინციდენტის შემდეგ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ თურქულმა საჰაერო ძალებმა ჩამოაგდო, პროექტის განხორციელების ყველა იმედი გაქრა.

ამ ეტაპზე, არც თურქეთს და არც რუსეთს არ გამოუთქვამს მზადყოფნას განიხილოს ეს საკითხი. როგორც რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება, კრემლი არ აპირებს „თურქული ნაკადის“ პროექტის პერსპექტივების შესახებ კომენტარის გაკეთებას.

ჩნდება ორი კითხვა: ვინ უფრო მეტად დაზარალდება პროექტის არ განხორციელების შემთხვევაში და ვის სჭირდება ის რეალურად? თავდაპირველად, „თურქული ნაკადის“ პროექტი დაიგეგმა „სამხრეთის ნაკადის“ ჩანაცვლების მიზნით და ევროკავშირი მის მიერ გატარებული რუსული გაზის საბოლოო მომხმარებლად განიხილებოდა. მაგრამ „თურქული ნაკადი“ მისი წინამორბედის მსგავსი პრობლემების წინაშე დადგა, კერძოდ, ევროკავშირი არ იყო მზად, მიეღო რუსული ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობა. საბაბს მესამე ენერგოპაკეტი წარმოადგენდა.

თუმცა, „სამხრეთის ნაკადის“ პროექტის განსახორციელებლად თავის დროზე გაცილებით მეტი სამუშაო ჩატარდა: რიგ ევროპულ ქვეყნებთან ხელი მოეწერა მთავრობათშორის შეთანხმებას პროექტის სახმელეთო ნაწილის განხორციელების მიზნით. ხოლო, რაც შეეხება „თურქულ ნაკადს“, რუსეთმა ვერ მიაღწია შეთანხმებას 7 გაზსადენის ევროპული ნაწილის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით მოსკოვმა გაზის მხოლოდ თურქულ ბაზარზე მიწოდების ვარიანტი აირჩია. თუმცა, პრობლემებმა აქაც იჩინა თავი: დიდი ხნის განმავლობაში რუსეთმა და თურქეთმა ვერ მოაგვარეს გაზის ფასთან დაკავშირებული უთანხმოება.

თურქეთი აცხადებს, რომ არ აპირებს შეიძინოს რუსული გაზი ფასდაკლების გარეშე. ის ვერ ხედავს დამატებითი რუსული გაზის საჭიროებას, მით უმეტეს მოსკოვის მიერ შემოთავაზებული ფასით. ამ შემთხვევაში თურქეთი მართალია.

სამ წელიწადში თურქეთი დაიწყებს გაზის მიღებას აზერბაიჯანული „შაჰ-დენიზის“ საბადოს მეორე ფაზიდან. გაზის ტრანსპორტირება ტრანსანატოლიური მილსადენით უნდა განხორციელდეს, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ანკარა თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს. თუ რუსეთი უარს იტყვის თურქეთის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, ანკარა აზერბაიჯანიდან და ირანიდან გაზის შესყიდვებს გაზრდის. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ მეჰმედ სიმსეკმა ერთ-ერთ თურქულ სატელევიზიო არხზე განაცხადა.

ამასთანავე, თურქეთში აცხადებენ, რომ ქვეყანას ამჟამად არ გააჩნია დამატებითი გაზის შენახვისათვის საკმარისი საცავები და მათი მშენებლობა ძალიან ძვირია. გაზის ფასი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი მთავარი წინაღობა „თურქული ნაკადის“ განხორციელების საკითხში.

ორივე მხარე მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და ახლა კიდევ უფრო რთული წარმოსადგენია, რომ რომელიმე მათგანი რაიმე დათმობაზე დათანხმდება. ასე რომ, „თურქული პროექტის“ განხორციელება უფრო შესაფერის დრომდე გადაიდო. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა, როგორც პროექტის ინიციატორმა დახუროს ის, როგოც ეს „სამხერეთის ნაკადთან“ დაკავშირებით გააკეთა. და თუ გავითვალისწინებთ იმ გამოწვევებს, რომლებსაც პროექტი განხორციელების ადრეულ ეტაპზე წააწყდა, მასზე გული არავის დაწყდება.

ენერგოდაიჯესტი

Leave a Reply