ჩინეთი ქვანახშირის ენერგიის გამოყენების ზრდას გეგმავს, რაც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების ზრდაში დაეხმარება. თუმცა ჩინეთის ახალმა გადაწყვეტილებამ მისი კლიმატური მიზნები შესაძლოა, უკან დახიოს.
ჩინეთის ოფიციალური გეგმით, მიმდინარე წელს ქვანახშირის წარმოების სიმძლავრე 300 მილიონი ტონით გაიზრდება, რაც გასული წლის მთლიანი წარმოების (4.1 მილიარდი ტონა) 7%-ით ზრდას უდრის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქარისა და მზის ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორიცააა, თუმცა გასულ წელს ეკონომიკური ზრდის შემცირებისა და ქარხნების გათიშვის შედეგად, ქვეყნის ლიდერებმა ქვანახშირის ენერგიის გამოყენების ზრდა მოითხოვეს. ამას დაერთო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაც, რის შედეგადაც საზღვარგარეთიდან ნავთობისა და ქვანახშირის მიწოდების შეფერხების რისკები გაიზარდა.
კაბინეტის ოფიციალური წევრების განცხადებით, ქვანახშირი ქვეყნის „ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“ უმნიშვნელოვანესია. 20 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, კაბინეტის წევრებმა ქვანახშირის წარმოების გაფართოების გეგმებიც განიხილეს.
ჩინეთი ქვანახშირის წამყვანი მწარმოებელი და მომხმარებელია. შესაბამისად, გლობალური ტენდენციები დიდწილად სწორედ ჩინეთის კლიმატურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ კომუნისტურმა პარტიამ უარი თქვა ემისიების ვალდებულებებზე, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საჭიროებით ახსნა. ასევე არ შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებიც ქვანახშირზე მომუშავე ელექტროენერგიის შეწყვეტას ეტაპობრივად გეგმავენ. ჩინეთი 2030 წლამდე ნახშირბადის ემისიების პიკს მიაღწევს, 2060 წლისთვის კი ქვეყანას ნახშირბადნეიტრალიტეტის მოპოვება სურს.
World Resources Institute-ის ცნობით, ამჟამად ჩინეთზე გლობალური ემისიების 26.1% მოდის, რაც ორჯერ აღემატება კიდევ ერთი უმსხვილესი დამბინძურებლის, ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებს (12.8%).
წყარო: forbes.ge