“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

სომხეთის გაზგამანაწილებელ კომპანიას სრულად ფლობს რუსული “გაზპრომი”, რომელმაც, მართალია, გაზი გაუიაფა ერევანს, მაგრამ ეს სამომხმარებლო ტარიფზე არ ასახულა. სომხეთი ცდილობს ალტერნატიულ წყაროდ ირანული გაზი აქციოს, თუმცა რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ ამის გაკეთებას ნაკლებად შეძლებს.
სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელმა კომისიამ სექტემბრის ბოლოს დააკმაყოფილა “გაზპრომ სომხეთის” განცხადება, სომხეთში ბუნებრივი გაზის განაწილებისა და ტრანსპორტირების ლიცენზიის ორი წლით გახანგრძლივების შესახებ. კომისიამ, ასევე, განიხილა და დააკმაყოფილა ამავე კომპანიის შვილობილი “ტრანსგაზის” განაცხადი ლიცენზიის ორი წლით გახანგრძლივებაზე. ის სომხეთში გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს.

მარეგულირებელმა კომისიამ, ასევე, დააკმაყოფილა კომპანიის განაცხადი, საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის ლიცენზიის 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივების შესახებ.

გასულ წელს სომხეთის მთავრობამ უარი თქვა თავის 20%-იან წილზე  კომპანიაში “არმროსგაზპრომი”, რის შემდეგაც კომპანიას, რომელსაც “გაზპრომ სომხეთი” დაერქვა და მას სრულად ფლობს რუსული “გაზპრომი”. სწორედ ამის შემდეგ გამოძებნა “გაზპრომმა” სომხეთისთვის გაზის გაიაფების საშუალება და 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე მოქმედი ტარიფით, 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასი 189-დან 165 დოლარამდე შეამცირა.

“გაზპრომ სომხეთის” გენერალური დირექტორის ვარდან არუთუნიანის თქმით, სომხეთისთვის რუსული გაზის გაიაფებისთვის მოლაპარაკებას ორი პრინციპი დაედო საფუძვლად:

  1. არ მოეხდინა ამას სომხეთის ეკონომიკაზე ნეგატიური ზემოქმედება და
  2. გაზპრომის შვილობილმა კომპანია “გაზპრომ სომხეთმა” შეძლოს ქვეყანაში გაზის სატრანსპორტო ფუნქციის საიმედო და შეუფერხებელი ექსპლუატაცია.

“165 დოლარი – ის ოპტიმალური ფასია, რომელიც ორივე ამოცანის გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა,” – განაცხადა ვარდან არუთუნიანმა.

გაზის გაიაფების მიუხედავად, სომხეთში სამომხმარებლო ტარიფი არ შემცირებულა. არუთუნიანი ამას მიღწევად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ტარიფი მომხმარებლებისთვის აუცილებლად გაიზრდებოდა სომხეთში იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი მას გაზს არ გაუიაფებდა. მისი თქმით, სწორედ ამ გაიაფების შედეგად მიეცა კომპანიას იმ ფინანსური დანაკარგების კომპენსირების საშუალება, რომელიც სომხეთის სავალუტო ბაზარზე სერიოზულმა რყევებმა გამოიწვია. ამას გარდა, კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მათ მთელი რიგი საინვესტიციო პროგრამები განახორციელეს, რაც, კანონის შესაბამისად, აისახება ტარიფზე.

არუთუნიანი განმარტავს, რომ ტარიფის ფორმირებაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ნედლეულის და სხვა მასალების გაძვირება, საექსპლუატაციო ხარჯები, ხარისხის უზრუნველყოფა და ა.შ. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ რუსული გაზი საზღვარზე სომხეთისთვის 165 დოლარამდე შემცირდა, მაგრამ ამას არ შეუმცირებია სომხეთში გაზის სამომხმარებლო ტარიფი:

“იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეამცირებდა გაზზე ფასს თავისი სტრატეგიული პარტნიორისთვის, ფასის ზრდა გარდაუვალი იქნებოდა”.

არუთუნიანის თქმით, მისთვის ასევე ცნობილია პრეტენზიები, რომ რუსეთიდან იაფი გაზის მიღების მიუხედავად, სომხეთში მომხმარებლები უფრო მეტს იხდიან გაზში, ვიდრე, მაგალითად, უკრაინაში. არუთუნიანის თქმით, აქ გასათვალისწინებელია, რომ იმავე უკრაინას თავისი გაზი აქვს. მისივე თქმით, ხშირად მოყავთ ბელარუსის მაგალითიც, რომელიც ნავთობმომპოვებელი და სატრანზიტო ქვეყანაა:

“ამ უპირატესობის ხარჯზე ბელარუსში გაზის ტარიფის სუბსიდირებას ახდენს სახელმწიფო. იგივე ეხება საქართველოსაც, რომელიც იღებს მნიშვნელოვან შემოსავალს გაზის ტრანზიტით და ამის ხარჯზე შეუძლია შიდა ტარიფის სუბსიდირება. ჩვენს ქვეყანას ასეთი შესაძლებლობები არ აქვს,” – აცხადებს არუთუნიანი.

მისივე თქმით, სომხეთში გაზის ტრანსპორტიების სისტემა დიდი ხანია არ გარემონტებულა და საჭიროებს სერიოზულ საექსპლუატაციო ხარჯებს.

“მთელი ამ წლების მანძილზე ინვესტიციები ძირითადად ხორციელდებოდა გაზგამანაწილებელი ქსელის მოდერნიზაციისთვის, რომლის შედეგად, სხვათა შორის, ჩვენ კოლოსალურ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენ გაზიფიკაციის ყველაზე მაღალი დონე გვაქვს და ავტოგასამართი სადგურების ყველაზე განვითარებული ქსელი. ახლა ჩვენი ყურადღება გადატანილია გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე, რომლის სიგრძე 1688 კილომეტრია. ქსელის 10%-ის საშუალო ასაკი 50 წელია, ამიტომ აქ მოდერნიზაცია აუცილებელია, ხოლო ხარჯები მასზე არ შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული ტარიფში,” – განაცხადა არუთუნიანმა.

ამასთან, ვარდან არუთუნიანი აცხადებს, რომ კომპანიას პირველად გაუჩნდა შესაძლებლობა დაასრულოს წელი მოგებით. ამის მიუხედავად, ახლა სულ უფრო მეტი სპეციალისტი საუბრობს სომხეთში ირანული გაზის მნიშვნელობაზე. ამჟამად მოქმედი ირანი-სომხეთის გაზსადენის გამტარუნარიანობაა 1.1 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. თუმცა, როგორც ეკონომიკური ჟურნალის “ბაზისის” მთავარმა რედაქტორმა აშოტ არამიანმა განაცხადა, “სომხეთს 2009 წლიდან, როცა ორ სახელმწიფოს შორის ამოქმედდა ბარომეტრის სქემა ,,გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ” (ირანული გაზის თითოეულ კუბურ მეტრზე სომხეთი უკან გზავნის 1 კვტსთ ელექტროენერგიას), არასდროს გამოუყენებია მაქსიმალურად გაზსადენის შესაძლებლობა და მთელი ამ გასული წლების მანძილზე, ჯამში, მიიღო 2 მლრდ კუბური მეტრი გაზი. ხოლო მთელი გასული წლის მანზილზე სომხეთმა ირანისგან მხოლოდ 383 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტი მოახდინა”.

ამის მიზეზად ექსპერტი ასახელებს იმ ფაქტს, რომ სომხეთმა ვერ შეძლო მიეღო მეტი გაზი (იმის მიუხედავად, რომ მილის ტექნიკური შესაძლებლობა ამის საშუალებას იძლევა), რადგან სანაცვლოდ ტექნიკური მიზეზებით ვერ მოახერხა ირანისთვის დაებრუნებინა შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია.

“აი, რატომ იძენს მეტ მნიშვნელობას ირანსა და სომხეთს შორის რიგით მესამე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებელობა, რომლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა სულ ახლახან,” – განაცხადა აშოტ არამიანმა.

ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულდეს და 120 მილიონი დოლარი დაჯდება. ამგვარად, 2017 წლიდან გაზსადენის შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, ანუ სომხეთს შეეძლება ირანიდან მიიღოს 1.1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და უკვე მესამე მაღალი გადამცემი ხაზის მეშვეობით დააბრუნოს უკან 3.3 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგია. სომხეთში ირანული გაზის იმპორტის გაფართოების საკითხი ახლა აქტიურად განიხილება ორივე მხარის მიერ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული ბარტერული სქემა ძალიან მომგებიანია სომხეთისთვის, რამდენადაც ელექტროენერგია ირანული გაზის ბაზაზე გამომუშავდება ეკონომიურ ენერგობლოკში – ერევნის თბოელექტროსადგურში. ამასთან, ამ ელექტროენერგიის ნაწილი ირანთან ურთიერთ ანგარიშსწორების შედეგად გამოსაყენებლად რჩება სომხეთში.

ირანთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობაზე “ნეტგაზეთს” ესაუბრა ანალიტიკური ცენტრის “მოდუს ვივენდის” დირექტორი არა პაპაიანიც. თუმცა, მისი აზრით, “აქ დიდი შესაძლებლობები არაა, რადგან ჩვენ გვაქვს შეთანხმებები რუსეთთან და ვალდებულნი ვართ შევიძინოთ საწვავი მისგან”.  ამას გარდა, “გაზის გამანაწილებელი ქსელი ასევე არის რუსეთის საკუთრება და კიდეც რომ შემოვიდეს სომხეთში გაზი ირანიდან, არ ვფიქრობ, რომ ის მომხმარებლამდე მივა, მაგრამ სომხეთმა უნდა განაცხადოს, რომ მზადაა ირანული გაზის ტრანსპორტირებისთვის, თორემ მოიძებნება ალტერნატიული ვარიანტები. ერთი რამ ცხადია – თუკი ევროპისთვის არ იქნება ირანული გაზი, მაშინ იქნება თურქმენული ან აზერბაიჯანული გაზი,” – დაასკვნა მან.

ჯერჯერობით სომხეთის და ირანის მთავრობები აცხადებენ, რომ არ არის არავითარი წინაღობა სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის (ამაზე ახლახან განაცხადა ერევანაში ირანის ვიცეპრეზიდენტმა ესხაგ ჯახანგირმა). მან უკვე გამოთქვა იმედი, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით შესაძლებელი იქნება სპარსეთის ყურის დაკავშირება შავ ზღვასთან. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ აქ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება რუსეთის ინტერესებზე, რომელიც ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა სომხეთის დამოუკიდებელ ნაბიჯებს.

სომხეთი მთლიანად დამოკიდებულია გაზის იმპორტზე. სომხეთის საზღვრამდე გაზის მიწოდებას ახორციელებს “გაზპრომ ექსპორტი”, საზღვარზე გაზს იძენს “გაზპრომი სომხეთი”. 2014 წელს “გაზპრომმა” სომხეთს მიაწოდა 2.062 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

“გაზპრომსა” და “გაზპრომ სომხეთს” შორის 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სომხეთს 2014-18 წლებში მიეწოდება რუსული გაზი, ყოველწლიურად 2.5 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობით, რომლის ფასი განისაზღვრება რუსეთში გაზზე ფასწარმოქმნის შესაბამისად.

ავტორი: აშოტ გაზაზიანი

წყარო: netgazeti.ge

Leave a Reply