ჩინეთს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს ბირთვულ სფეროში. ათობით რეაქტორი ამჟამად მშენებლობის ან შესწავლის პროცესშია. ამასთან, ეს ქვეყანა არ არის თვითკმარი ურანის მარაგების მხრივ და სურს არსებული სიტუაციის გამოსწორება.
ჩინეთი: ბირთვული ენერგიის მომავალი დიდი მოთამაშე
ჩინეთი ცნობილია, როგორც მსოფლიოში ქვანახშირის უდიდესი მწარმოებელი. იგი კვლავაც აქტიურად აგრძელებს ხსენებული წიაღისეული საწვავის გამოყენებას. თუმცა, ქვეყანამ ასევე დაიწყო ენერგეტიკული ტრანსფორმაციისკენ სვლა და მის ფარგლებში, აქტიურად დაინტერესდა ბირთვული ენერგიით. მსოფლიო ბირთვული ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში შენდება 19 რეაქტორი, დაგეგმილია კიდევ 115-ს მშენებლობა, ასევე აქტიურად მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოებიც. სამწუხაროდ ჩინეთისთვის, მას არ აქვს ურანის საკმარისი მარაგი ხსენებული რეაქტორების ასამუშავებლად.
2021 წლის 13 მაისის ჰონგ-კონგის ყოველდღიური გამოშვება South China Morning Post-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მშენებლობის ამჟამინდელი ტემპი (ექვსიდან რვა ქარხანა წელიწადში) ნიშნავს, რომ ჩინეთს წლიურად 35,000 ტონა ურანი დასჭირდება. ამჟამად ქვეყანას აქვს 170,000 ტონა მარაგი,რომელიც, სავარაუდოდ, სულ რაღაც ხუთ წელიწადში ამოიწურება.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ურანის მარაგების 70%-ზე მეტი მოდის უცხოური მაღაროებიდან, ძირითადად ავსტრალიიდან და კანადიდან. ხსენებული ქვეყნები კი შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან, რაც ჩინეთს აწუხებს, ამ ქვეყანასთან ამჟამინდელი ურთიერთობის გათვალისწინებით.
რთული, მაგრამ არა შეუძლებელი
აცნობიერებს, რომ მომავალში მარაგები შეიძლება შემცირდეს, ან საერთოდ ამოიწუროს, ჩინეთი ფიქრობს რისკების აღმოფხვრაზე, ე.წ. ”არატრადიციული” რესურსების გამოყენებით. მათ შორის არის ზღვის წყალი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 3 მგ ურანს 1 კუბურ მეტრ სითხეზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ძალიან კარგ შესაძლებლობას წარმოადენს, მისი გამოყენება რთულია. ურანი ზღვის წყალში ძალიან დაბალი კონცენტრაციით გვხვდება და საკმაოდ მდგრადი ფორმითაა დაკავშირებული ნახშირბადსა და ჟანგბადთან. ეს კი ნიშნავს, რომ ხსენებული წყაროდან ურანის მოპოვება ძალზე ძვირადღირებული ოპერაციაა: კილოგრამზე დაახლოებით ათასი დოლარი, რაც ათჯერ ძვირია, ვიდრე სტანდარტულ საბადოში მოპოვება.
ამის მიუხედავად, ჩინეთს სურს ექსპერიმენტის მოსინჯვა და უკვე გამოაცხადა საპილოტე ქარხნის მშენებლობის შესახებ, რომელიც დაახლოებით ათი წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს. ქვეყანამ არ გაასაჯაროვა რაიმე კონკრეტული ტექნიკური დეტალი, მაგრამ აღნიშნა, რომ ბოლო წლების მანძილზე რამდენიმე კვლევით ჯგუფს აქვს მიღწეული პროგრესი აღნიშნულ სფეროში. მართლაც, ბოლო 60 წლის განმავლობაში, ურანის შთანთქმისთვის საჭირო ნივთიერებების ეფექტურობა სამჯერ გაიზარდა.
ყველაზე პერსპექტიული ხსენებული ნივთირებებიდან არის ამიდოქსიმი. ჟურნალ Chemical Science– ში გამოქვეყნებული 2020 წლის ჩინური კვლევის თანახმად, ხსენებული ნივთიერების შთანთქმის მოცულობა თექვსმეტჯერ აღემატება ხშირად გამოყენებულ პოლიმერულ მასალებისას. აღნიშნული კი შეამცირებს ურანის მოპოვების ღირებულებას 1 კილოგრამზე 190 დოლარამდე, რაც უფრო შეესაბამება დღევანდელ ფასებს (100 დოლარიდან 335 დოლარამდე 1 კილოგრამზე).
ნინო სამადაშვილი