გასულ წელს საუდის არაბეთმა თითქმის 85 მილიონი ტონა ნავთობი გაუგზავნა ჩინეთს, რომელიც ფასდაკლებით შესთავაზა და აღნიშნული ქმედებით მნიშვნელოვნად შეავიწროვა რუსეთი, საიდანაც 83 მილიონ ნახევარი ტონა ნედლეული მიიღო. რუსეთს პრობლემებს სხვა ექსპორტიორებიც უქმნიან – ერაყი, ბრაზილია, ანგოლა, შეერთებული შტატებიც კი, ჩინეთთან ეკონომიკური კონფლიქტის მიუხედავად, აქტიურად ზრდის ვაჭრობას.
“ნავთობის განხეთქილების ვაშლი”
საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მწარმოებლები და ექსპორტიორები არიან, რომლებიც გარდამავალი წარმატებით უწევენ ერთმანეთს კონკურენციას. ამ ეტაპზე საუდის არაბეთი აქტიურად მიმართავს დემპინგს – ფასების ხელოვნურად შემცირებას.
”მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი თქვა წარმოების შემცირებაზე OPEC + საგაზაფხულო შეხვედრაზე, საუდის არაბეთმა რეკორდული ფასდაკლება შესთავაზა ყველა რეგიონს, მათ შორის ჩინეთსაც, რითაც ამ უკანასკნელმა მაშინვე ისარგებლა”, – განმარტავს ირინა აიდრუსი, RUDN უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.
ბუნებრივია, რუსეთის ნავთობის ექსპორტი შემცირდა – 7,5 პროცენტით 2019 წელთან შედარებით. საუდის არაბეთმა კი პირიქით მნიშვნელოვნად გაზარდა და კრიზისამდე არსებულ დონესაც კი მიაღწია. ჩინეთის ბაზარი ყველასთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია. ქვეყანა ყველაზე მსხვილი იმპორტიორია, გლობალური მოხმარების 13 პროცენტზე მეტი სწორედ მასზე მოდის. წლის განმავლობაში მას მიეწოდა 542,4 მილიონი ტონა ნედლეული (10,85 მილიონი ბარელი დღეში). რაც იმის მაჩვენებელია, რომ პანდემიის მიუხედავად, იმპორტი 7,6 პროცენტით გაიზარდა.
”ჩინეთის რესპუბლიკის ეკონომიკა საგულისხმო ტემპით იბრუნებს ძველ პოზიციებს და საწვავზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. მალე დასრულდება 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელთა საერთო მოცულობა დღეში მილიონ ბარელზე მეტია. ამავდროულად, მოსახლეობა უახლოვდება მილიარდნახევარს, – ამბობს ოლეგ კალენოვი, პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკის უნივერსიტეტის სამრეწველო ეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ”აქედან გამომდინარე, ნავთობის მოხმარებაც იზრდება. სიმძლავრის მნიშვნელოვანი ნაწილი ფოკუსირებულია პლასტმასის წარმოებაზე. “
გარდა ამისა, ვაშინგტონთან სავაჭრო ხელშეკრულების თანახმად, პეკინი ვალდებულია 2021 წელს ენერგიის იმპორტი გაზარდოს თითქმის 34 მილიარდი დოლარით – ორჯერ მეტად ვიდრე 2020 წელს, აღნიშნავს ირინა აიდრუსი.
სამიზნე – აზიური ბაზარი
ნავთობპროდუქტების სიდიდით მესამე იმპორტიორი ქვეყანაა ერაყი, რომელმაც, აშშ–ს სანქციების გამო, ვენესუელადან იმპორტის მნიშვნელოვნად შემცირების ფონზე, გაზარდა მომარაგება 16 პროცენტით, დაახლოებით 60,12 მლნ ტონით. მეოთხე ადგილზეა ბრაზილია 42 მილიონით, მეხუთეზე – ანგოლა.
პოლიტიკური და ეკონომიკური უთანხმოების მიუხედავად, ამერიკული ნავთობის ექსპორტი სამჯერ გაიზარდა და 19,76 მილიონი ტონა შეადგინა. ”ამასთან, რუსული ნავთობი ჩინეთისთვის კვლავ იაფად რჩება, “აღმოსავლეთ ციმბირი – წყნარი ოკეანის” ნავთობსადენისა და ჩინეთის ქარხნებთან ახლოს მდებარე პორტების გამო,” – განაცხადა ოლეგ კალენოვმა.
ზოგადად, რუსი ეკონომისტები ჩინეთის ბაზარზე რუსეთისთვის რაიმე განსაკუთრებულ რისკს ვერ ხედავენ: ”საუდელებმა მიაღწიეს მხოლოდ დროებით უპირატესობას მიწოდების მოცულობის მხრივ, მაგრამ არა მთლიანი შემოსავლების მხრივ, ძირითადად დემპინგის წყალობით. რუსეთს ასევე შეუძლია უზრუნველყოს ფასდაკლება და ამით გამოასწოროს ეს ხარვეზი. თუმცა, მაშინ ხაზინა მოგებას ვერ მიიღებს”, – ამბობს პეტრ პუშკარევი, TeleTrade-ის ინფორმაციისა და ანალიტიკური ცენტრის წამყვანი ეკონომისტი.
იგი აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთის ბიუჯეტი მეტად არის დამოკიდებული ნავთობზე, ვიდრე რუსეთის. წელს ელ-რიადისთვის კრიტიკული იყო ბაზრის წილის შენარჩუნება ან გაფართოება პანდემიის ფონზე. აქედან მოდის დემპინგიც.
თუმცა, რუსეთის შემოსავლები იანვარ-ნოემბერში თითქმის 41 პროცენტით შემცირდა, დაახლოებით 66.4 მილიარდ დოლარამდე. აღნიშნულ მონაცემებს ფედერალური საბაჟო სამსახური ავრცელებს.
ასევე, ნავთობისა და გაზის წილი ბიუჯეტის შემოსავლებში შემოდგომისთვის თითქმის 14 პროცენტით შემცირდა, 29.3-მდე, რაც ისტორიული მინიმუმია.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოპოვებისა და რეალიზაციის მომგებიანობა კრიზისის დროსაც ძალიან მაღალია. ეკონომისტების აზრით, დისბალანსი შეიძლება აღმოიფხვრას ინდუსტრიაზე გადასახადების გაზრდით და შემოსავლის გადანაწილებით.
2020 წელს რუსეთი გადაარჩინა ოქროს და სავალუტო რეზერვებმა, რომელიც წლის განმავლობაში 40 მილიარდი დოლარითაც კი გაიზარდა. ”რუსეთის ნავთობკომპანიების მოგებამ, რუბლებში გაცვლითი კურსის შესუსტებისა და შიდა ბაზარზე ბენზინის პრაქტიკულად უცვლელი, მაგრამ საკმაოდ მაღალი ღირებულების გამო, ხელი შეუწყო საექსპორტო ნავთობის ფასის შენარჩუნებას. თუმცა, მოცულობა შემცირდა”, – განმარტავს პუშკარევი.
ახლა ფასდაკლების დრო დასრულდა, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა აქტიურად აღდგება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინია, რომ საშუალო ფასები 2021 წელს 20 პროცენტით გაიზრდება 2020 წელთან შედარებით.
როგორც არ უნდა იყოს, რუსი ანალიტიკოსები ნავთობის ბაზარზე კონკურენტებს რუსეთისთვის საშიშად არ თვლიან. აზიაში მათ ექსპორტიორებს დიდი ისტორია აქვთ. უფრო მეტიც, ჩინეთისა და ინდოეთის ქარხნებს შეიძლება კიდევ უფრო მეტი საწვავი დასჭირდეთ შემდეგი ხუთი-შვიდი წლის განმავლობაში, რადგან ისინი არ ჩქარობენ მწვანე ენერგიაზე გადასვლას. ხსენებულ ქვეყნებში სამრეწველო წარმოების განვითარების ტემპი მუდმივად მაღალია.
გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ფიქლის წარმოება სავარაუდოდ შემცირდება, რადგან ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აკრძალა ბურღვითი სამუშაოების ჩატარება ფედერალურ მიწებზე. როგორც ჩანს, ფიქლის კომპანიებს არ ექნებათ ის პრივილეგიები, რაც დონალდ ტრამპის დროს ჰქონდათ. აღნიშნული კი იმის მაჩვენებელია, რომ ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩება შიდა ბაზარზე.
ნინო სამადაშვილი