გაზი ევროპისკენ: საქართველოს გავლითა და რუსეთის გვერდის ავლით

გაზი ევროპისკენ: საქართველოს გავლითა და რუსეთის გვერდის ავლით

ტრანსადრიატიკის მილსადენი, რომელიც ევროპას რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდებს აზერბაიჯანის გაზს, საშუალებას მისცემს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში ჩართულ ქვეყნებს (მათ შორის, საქართველოსაც), არა მარტო ეკონომიკურად იხეირონ, არამედ უსაფრთხოებაც განიმტკიცონ – ასეთია ეკონომიკის ექსპერტთა მთავარი დასკვნა, რომელიც ტრანსადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყებას უკავშირდება. ამ მილსადენის მარშრუტი საბერძნეთიდან ალბანეთსა და ადრიატიკის ზღვაზე გადის და სამხრეთ იტალიამდე აღწევს. ახალი მილსადენი, რომლის ამოქმედება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი, ნაწილია მილსადენთა ქსელისა, რომლის ერთი მონაკვეთი საქართველოზეც გადის.

ტრანსადრიატიკის 870 კმ-იანი მილსადენი (‪#‎TAP‬), რომელმაც საბერძნეთი იტალიასთან უნდა დააკავშიროს, აზერბაიჯანული გაზის იმედად შენდება და, თავის მხრივ, წარმოადგენს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ 3 460 კმ-იანი მარშრუტის ნაწილს, რომელიც აზერბაიჯანიდან იწყება და გადის ასევე საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის შემადგენელი ნაწილებია: 1. „სამხრეთკავკასიური მილსადენი“ (‪#‎SCP‬), რომელიც „შაჰ დენიზის“ სახელით არის ცნობილი, აზერბაიჯანს, საქართველოს გავლით, აკავშირებს თურქეთთან; 2. „ტრანსანატოლიის მილსადენი“ (‪#‎TANAP‬) თურქეთს აკავშირებს საბერძნეთთან; 3. „ტრანსადრიატიკის მისალდენი“ (TAP) საბერძნეთს, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით, აკავშირებს სამხრეთ იტალიასთან. ამ პროექტს მხარს უჭერს როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.

ტრანსადრიატიკის (TAP) მილსადენის მშენებლობას 17 მაისს საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში აუნთეს მწვანე შუქი და ამ მოვლენას ერთად ზეიმობდნენ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერები. მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვითაც გამოვიდა. ითქვა, რომ საქართველო, როგორც აზერბაიჯანული გაზით ევროპის მომარაგების იდეის ერთგული მხარდამჭერი, „შაჰ დენიზის“ მეორე ფაზის ფარგლებში, აქტიურად მონაწილეობს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში და დიდ იმედებს ამყარებს ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიცირების პერსპექტივებზე. გიორგი კვირიკაშვილი 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გამტარიანობის უნარის მქონე TAP-ის პროექტის განვითარებაში ახალ პერსპექტივებს ხედავს:

როდესაც მომავლისთვის მისაღებ სარგებელზე ლაპარაკობდა, 17 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც დააკონკრეტა, რომ შაჰ დენიზის საბადოს მეორე ფაზის განვითარების პროცესში, რაც სულ 45 მლრდ დოლარს მოითხოვს, საქართველოში დასახარჯი 2 მილიარდი დოლარიდან 400 მლნი დოლარი მომსახურებისა და საქონლის უშუალოდ საქართველოში შეძენაზე მოდის. მან ხაზი გაუსვა ასევე იმ გარემოებას, რომ „სამხრეთკავკასიური მილსადენის“ გაფართოების პროექტი მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე 2 000 ადამიანის დასაქმებას გულისხმობს, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. აღნიშნული მილსადენით ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობების ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო, ტრანზიტის საფასურად, ყოველწლიურად, დაახლოებით, 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply