„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოს ანდრია გვიდიანის განცხადებით, „აფბა” დაინტერესდა ენერგოსექტორში არსებული საინვესტიციო გარემოთი და პროექტებით, რომლის განხორციელებაც 2015 წელსა დაგეგმილი.
„აფბა”-ს შეფასებით, ენერგეტიკის სექტორში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი გენერაციის წყაროების ათვისების კუთხით”,-აღნიშნა გვიდიანმა „რეპორტიორში”გამართულ ბრიფინგზე.
„ახალგზრდა ფინანსისტებს მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობასთან ერთად უმნიშვნელოვანესია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა როგორებიცაა ხუდონჰესი, ნენსკრა, ნამახვანი ჰესებსების კასკადი და ა.შ. ასეთი დიდი ჰესების მშენებლობა ხელს შეუწყობს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული მდგრადობის გაუმჯობესებას. ამასთან მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებისა და ინვესტორი კომპანიის მხრიდან უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ვინაიდან კარგად გააცნობიერონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგოსქტორის განვითარებისთვის. ასევე საგულისხოა, რომ მოსახლეობასთან წარმატებული მოლაპარაკების პრეცედენტის შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგოსექტორის მიმართ ინტერესი სხვა ინვესტორების მხრიდან”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
ანალიტიკოსის თქმით, ენერგოსექტორის საინვესტიციო პორტფელში ყველაზე დიდი წილი სამხრეთის გაზის ნაკადის მშენებლობას უჭირავს და პროგნოზების მიხედვით, 2015 წელს ამ პროექტში, დაახლოებით 300 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. მისივე თქმით,TANAP-ის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის ენერგეტიკული პროექტი, რომლის განხორციელებაში ჩართულია საქართველო.
„ეს პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანული გაზის ევროპამდე მიყვანას (საქართველოსა და თურქეთის გავლით). და მისი საერთო საინვესტიციო მოცულობა 40 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოში 2 მილიარდი უნდა დაიხარჯოს. პროექტში ინვესტირება გაწერილია წლების მიხედვით და 2015 წლის წილი ამ პროექტში დაახლოებით 300 მილიონი დოლარია. „აფბა” მიიჩნევს, რომ სამხრეთ გაზის ნაკადის პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს რეგიონულ როლს და გარკვეულწილად აამაღლებს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის ხარისხს, გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი აირის გატარებით საქართველო მიიღებს გატარებული აირის 5%-ს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხით, სადაც მშენებლობის ეტაპზე მოხდება 2000 ადამიანის ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ 130 ადამიანის დასაქმება.
რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 9 ჰესის მშენებლობა. ამ ჰესების მთლიანი საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 800 მილიონ დოლარამდეა, რაც
გაწერილია წლების მიხედვით და მხოლოდ 2015 წელს აღნიშნული ჰესების მშენებლობაში 160 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. აქვე ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე, მშენებლობებით საქართველოს გენერაციას 530 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ენერგია შეემატება, რაც დღეს არსებული ჰიდროენერგეტიკული გენერაციის დაახლოებით 24%-ს შეადგენს.
როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ხაზგასასმელია სამინისტროს პოლიტიკა ალტერნატიული ენერგიის ათვისების კუთხით. წელს პირველად სახელმწიფომ წამოიწყო ქარის ელექტროსადგურ „ქართლის” მშენებლობა, ხოლო შემდგომ ეტაპზე ქარის სადგურის მშენებლობის სურვილი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) გამოთქვა. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 35 მლნ აშშ დოლარია დადგმული სიმძლავრე 20მგვტ, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 87მლნ კლვტ/სთ. „აფბა” თავის მხრივ მიესალმება ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისებას და ახალგაზრდა ფინანსისტები მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით მუშაობის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია”, -‘განაცხადა გვიდიანმა.
„აფბა” იმედოვნებს, რომ დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული იქნება როგორც გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან, ისე ადგილობრივ მოსახლეობასთან.