ილია ელოშვილი: კვლევებზე არის გატანილი 4 მილიარდის პროექტები

ილია ელოშვილი: კვლევებზე არის გატანილი 4 მილიარდის პროექტები

საქსტატის მონაცემების მიხედვით 2013 წლიდან მოყოლებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ენერგეტიკაში მცირდება. წინასწარი მონაცემებით 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ენერგეტიკამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით 100 მილიონი დოლარით ნაკლები მოიზიდა. ხოლო 2013 წელთან შედარებით 155 მილიონი დოლარით ნაკლები. მთავრობა ამბობს, რომ ამის ძირითადი მიზეზი მეთოდოლოგიაა და საქსტატი სწორად არ ითვლის. მაგალითად მთავრობას შაჰ დენიზის პროექტი მოყავს, რომელიც თავისი არსით ენერგეტიკული პროექტია, თუმცა მოზიდული ინვესტიციები ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორს ეთვლება.

ანალიტიკოსების ნაწილი კი ამბობს, რომ ინვესტიციების შემცირებას უფრო ფუნდამენტური საფუძვლები აქვს და ერთ-ერთი გამოსავალი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა იქნება. ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ელოშვილმა გადაცემა „ბიზნესკოტაქტთან“ ისაუბრა თუ რა ხდება ენერგეტიკაში.

– რა სჭირს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს? 

– პირველ რიგში, მთავარი არის გავიგოთ, რომ მცდარია აზრი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ასახავს სრულად იმას, რა ხდება ენერგეტიკაში. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არის იმ უცხოური რეზიდენტის აქტივობა საქართველოში, ანუ ფულის დაბანდება ან გატანა საქართველოდან ისეთი კომპანიებიდან, რომლებიც დააფუძნა ამ ადამიანმა და ფლობს წილობრივად 10%-ზე მეტს. ანუ უცხოელი რეზიდენტის მოქმედებებს ასახავს თავის საკუთარ კაპიტალში.

– ამავდროულად ასახავს ამ დარგის მიმზიდველობას და კონკურენციასაც. ალბათ ამაზე არ ვიკამათებთ. 

– რაც შეეხება დარგის კონკურენციას, პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყოველთვის როცა საუბრობთ ამ მონაცემებზე, ეს არის პირველადი მონაცემები. მაგალითისთვის 2014 წლის წინასწარი მონაცემები გაიზარდა 2-ჯერ. იყო 90 მილიონი და გახდა 180 მილიონი. 2014 წლის პირველი 2 კვარტალი თავის მართლების რეჟიმში ვიყავით და აღმოჩნდა, რომ თურმე 2-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად ახლა რომ გელაპარაკოთ 2015 წელზე, სანამ არ მექნება საბოლოოდ დაზუსტებული მონაცემები, ჩემი მხრიდან მცდარი იქნება.

– მოლოდინი არსებობს, რომ ისე შეიძლება დაკორექტირდეს ეს მონაცემები, რომ წინა წელთან შედარებით 100 მილიონიანი დანაკლისი შეივსოს? 

-კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ 100 მილიონი დაკორექტირდა ზუსტად 2014 წლის მონაცემებიც. ეს არის პირველადი მონაცემები, შესაბამისად თუ კი თქვენ გინდათ, რომ შევაფასო 2015 წელი კონკრეტულად, მე აუცილებლად დაველოდები საბოლოო მონაცემებს. ამას აკეთებს საქსტატი, ჩვენ არ ვაკეთებთ და შესაბამისად როცა გაქვს პრეცედენტი, რომ 2-ჯერ გაიზარდა ერთი წლის მონაცემები, დაველოდები საბოლოო მონაცემებს და გავაკეთებ ანალიზს. დარგის კონკურენციაზე მინდა გითხრათ. 2012 წლის მეოთხე კვარტლიდან დაზუსტებული 2013- 2014 მონაცემებით და 2015 წლის დაუზუსტებელი მონაცემებით ჩვენ ყველა დარგს შორის ვართ მე-2 ადგილზე. 570 მილიონი დოლარი არის შემოსული ამ პერიოდში ენერგეტიკაში. ერთადერთი რაც გვისწრებს არის კავშირგაბმულობა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დათვლაა მცდარი, უბრალოდ მეთოდოლოგიაა ასეთი და ითვლიან ასე. ჩვენ ამასთან პრეტენზიები არ გვაქვს, უბრალოდ რეალობაა, რომ შაჰ დენიზი ენერგეტიკული პროექტია, ენერგეტიკის სამინისტრო მთლიანადაა ჩართული და თანხები მთლიანად ენერგეტიკაში შემოდის.

 – დავუშვათ ენერგეტიკის სამინისტრომაც აწარმოოს ამ ტიპის სტატისტიკა და გვაჩვენოს სრული სურათი, იმიტომ რომ ფაქტია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა მეთოდურად ქვეყნდება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები იმ პროექტების შესახებ, რაც რეალურად ენერგეტიკაშია. 

– ენერგეტიკის სამინისტრომ რომ აწარმოოს სტატისტიკა ცალკე, ეკონომიკის სამინისტრომ ცალკე, და ყველა სამინისტრომ ცალ-ცალკე მაშინ სტატისტიკის დეპარტამენტი და სტატისტიკის ეს განყოფილება რად გვინდა?

–  თქვენ თუ ამბობთ, რომ სტატისტიკას არ მიუწვდება ხელი იმ ინვესტიციებზე, რომლებიც რეალურად ხორციელდება, მაგრამ არ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფორმით შემოსული საქართველოში, მაშინ რატომ არ უნდა აწარმოოთ ამ ტიპის სტატისტიკა, რომ დავინახოთ მთლიანი სურათი? 

– სტატისტიკას კი არ ვაწარმოებთ, ეს ორგანო არსებობს ყველა დარგის სტატისტიკის საწარმოებლად. ჩვენ ვუყურებთ თუ როგორ ვითარდება პროექტები და ზუსტად ვიცით, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში 507 მილიონი დოლარი ჩაიდო და აშენდა 404 მეგავატის საწარმოები. დღესდღეობით მიმდინარეობს 800 მეგავატის მშენებლობა, რაც არის 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში და შემიძლია პროექტები ჩამოგითვალოთ. გარდა ამისა გეგმაში არის დაახლოებით 2000 მეგავატის პროექტები, რაც არის დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. არ არსებობს არც ერთი ჩავარდნილი პროექტი ენერგეტიკის სამინისტროში.

– სულ ცოტა ხნის წინ თქვით, რომ ამ პროექტებიდან ყველას დასრულება შეიძლება არ განხორციელდეს.

-14 პროექტი უკვე განხორციელდა, 500 მილიონი უკვე ჩაიდო. 2 მილიარდის პროექტების მშენებლობა მიმდინარეობს უსწრაფესი ტემპებით და ფაქტიურად ნახევარი მათგანი დასრულებულია და ნახევარი დასრულების ფაზაშია. კვლევებზე არის გატანილი 4 მილიარდის პროექტები. ჩვენ გვაქვს ისეთი წესები, რომ ინვესტორს საერთოდ არ ჭირდება ჩვენთან შეხვედრა, ისე შეუძლია მიიღოს და განავითაროს პროექტი. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ნებისმიერ ინვესტორს და ზუსტად ამან გამოიწვია, რომ 500 მილიონი რაც ჩაიდო ბოლო სამი წლის განმავლობაში, ის 2 მილიარდის ინვესტიციები, რომელთა მშენებლობაც დღეს მიმდინარეობს, 4 მილიარდის, რომელზეც კვლევები მიმდინარეობს. პლიუს ამას შაჰ დენიზის პროექტი, რომელშიც 700 მილიონ დოლარამდე ჩაიდო სამი წლის განმავლობაში.

-200 მილიონი დოლარის ხაზები აშენდა, რომელიც ასევე არ აისახება ჩვენი სტატისტიკის მიხედვით ენერგეტიკულ სფეროში და რატომღაც საფინანსო სექტორშია. სტატისტიკის მეთოდოლოგიას ეჭვ ქვეშ არ ვაყენებთ, უბრალოდ რეალობა არის ის რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა განხორციელებული. ჩვენ ვუყურებთ მთელ ინვესტიციებს. აქ არის პირდაპირი უცხოური და პირდაპირი არაუცხოური ინვესტიციები, სხვა უცხოური ინვესტიციები და აქ არის დამატებით არაუცხოური ინვესტიციები. საერთო ჯამში ამათი მოცულობა ჩვენთვის არის განმსაზღვრელი, აქედან ვუყურებთ ჩვენ ენერგეტიკის ინვესტიციებს.

– შეიძლება 2015 წლის მონაცემებზე არ ვისაუბროთ, მაგრამ 2013 წლიდან შეინიშნება შემცირების ტენდენცია. არ ფიქრობთ, რომ რეალურად გასააზრებელია თუ რა უდევს საფუძვლად კლებას? 

– პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას აქვს შემდეგი საფუძველი: მათი ძირითადი ბირთვი, ანუ დიდი პროექტები დაიწყო 2013 წელს. პირველი დიდი პროექტების მოზიდვის ტალღა იყო 2013 წელს. შემდგომში უკვე მათ დაიწყეს სესხების გადახდა, რაც უარყოფითი მაჩვენებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების. როცა ყველა დიდი პროექტი შევიდა მშენებლობის ფაზაში და ამოწურეს თავისი კაპიტალის ხარჯვა, გადავიდნენ სესხების გასტუმრებაზე. ასევე გარკვეულწილად ლარის კურსმაც ზარალიანობის მიხედვით იმოქმედა და ამან გამოიწვია კლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ინტერესია. დაიწყო ნენსკრას პროექტი, რომელიც ფაქტიურად არ შესულა 2015 წლის მონაცემებში და შევა 2016 წლის მონაცემებში. ასევე იგეგმება ონის პროექტის დაწყება. ასევე იგეგმება დაახლოებით 500-დან 1000 მეგავატამდე ახალი მცირე და საშუალო სადგურების მშენებლობის დაწყება 2016 წელს. კაპიტალში შემოტანილი ის დადებითი მონაცემები რასაც ინვესტორები შემოიტანე იქნება შემდეგი ტალღა, რომელიც ისევ სწრაფ მატებას გვაჩვენებს.

– ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის შეიძლება არ იყოს მიმზიდველი გარემო, რასაც სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები აჩვენებს, არის მათ შორის სემეკის გადაწყვეტილება ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კომერციული ტარიფი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის, რომ შემოვიდნენ და დაინტერესდნენ ამ დარგით. როგორ ფიქრობთ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი საფუძველი?

– ნებისმიერი ანალიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ასახავს პირდაპირ ენერგეტიკაში ინტერესის შემცირებას, მზად ვარ, რომ დავუჯდე და ავუხსნა, რომ ასე არ არის. 500 მილიონი დოლარი ჩაიდო ბოლო სამ წელიწადში. წინა წელს დაიწყო დაახლოებით 600-700 მეგავატის ახალი პროექტები, რაც არის 2 მილიარდის ახალი ინვესტიცია და როგორ შეიძლება ინტერესის კლება იყოს ასეთ დროს.

ავტორ(ებ)ი : ბიზნესკონტაქტი

Leave a Reply