რა მდგომარეობაა ქართულ ენერგოსექტორში?

რა მდგომარეობაა ქართულ ენერგოსექტორში?

რა მდგომარეობაა საქართველოში ენერგეტიკის მიმართულებით, როდის დასრულდება მცირე და დიდი ჰესების მშენებლობა და იქნება თუ არა საქართველო იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული, ამის შესახებ  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი საუბრობს.

ინვესტირების თვალსაზრისით საქართველოს ენერგოსფერო უცხოელებისთვის მიმზიდველად გამოიყურება. თუმცა, ამ მხრივ ქვეყანას გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა. რა გახდა ამის მიზეზი?

ინვესტიციებთან დაკავშირებით სწორება FDI-ს მიხედვით ხდება, რაც არასწორია. ეს სპეციფიკური მაჩვენებელია და ვერ ასახავს საინვესტიციო სურათს ენერგოსექტორში. მთლიანი ინვესტიციები ენერგეტიკაში გაცილებით უფრო მეტია. რაც შეეხება კონკრეტულად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მისი გამოთვლა მხოლოდ იმით არ განისაზღვრება უცხოურმა კომპანიამ გარკვეული თანხა დააბანდა თუ არა. ეს მაჩვენებელი იმასაც ითვალისწინებს, რომ საქართველოში მოქმედი კომპანიები ზარალს განიცდიან ან დივიდენდი გააქვთ, რაც უკვე მინუსია. ძირითადი შემცირებები სადისტრიბუციო კომპანიებზე მოდის, რომლებმაც ლარის კურსის ცვლილების გამო იზარალეს. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი სასიამოვნო არ არის. თუმცა, ჰიდროენერგო პროექტების თვალსაზრისით, ინვესტიციები არ შემცირებულა. ვიმედოვნებთ, რომ ეს რაოდენობა შემდეგ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ენერგეტიკით ინტერესედებიან ისეთი საერთაშორისო და მასშტაბური ინვესტორები, როგორიცაა “ტატა ჯგუფი”, “ჩალიკ ენერჯი” და სხვა. პროექტებს ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები აფინანსებენ, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და სხვა. მთლიანობაში ჰიდრორესურსების კუთხით ძალიან კარგი სიტუაცია გვაქვს. ამაზე მეტყველებს ჩვენს მიერ ხელმოწერილი სხვადასხვა მემორანდუმები. ასე რომ, პროექტები ხორციელდება. ამჟამად, დაახლოებით მილიარდნახევარი დოლარის პროექტები ხორციელდება, ხოლო 3 მილიარდი დოლარის პროექტების კვლევა და შესწავლა უკვე მიმდინარეობს. მემორანდუმების ნაწილი ჰესების მშენებლობის დაწყებას 2016 წელს ითვალისწინებს. ასევე დიდ პროექტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სადაც დაახლოებით 3-დან 4 მილიარდ დოლარამდე ინსვესტიცია იქნება ჩადებული. ჩვენი პროგნოზებით, შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში ჰესების მშენებლობებში 4-დან 6 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციები განხორციელდება.

რაც შეეხება მცირე და დიდი ჰესების მშენებლობას? ამ მხრივ რა მდგომარეობაა და მშენებლობები როდის დასრულდება?

200 მეგავატი უკვე აშენებეულია, დაახლოებით 600 მეგავატის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენი ვარაუდით, 2 000-დან 2 500 მეგავატამდე ჰესების მშენებლობა 2016 წელს უნდა დაიწყოს. ზოგადად, მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას 3-4 წელიწადი სჭირდება, ხოლო დიდი ჰესების – 6-7 წელიწადი.

ხუდონჰესთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება მიიღეთ? გვახსოვს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომლებიც სვანეთში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან. მათ თავიანთი არგუმენტი აქვთ, რომ მშენებლობა ბუნებრივ კატასტროფებს გამოიწვევს…

ინვესტორმა კომპანიამ რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროს, რომ ხუდონჰესის მშენებლობა დაიწყოს. პირველი – განსახლების გეგმა, შემდეგ გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების დადებითი შეფასება (გზშ) უნდა მოიპოვოს. ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვა უნდა მიიღოს. რაც შეეხება ინვესტორთან მოლაპარაკებებს, შეიძლება ითქვას, დასასრულს მიუახლოვდა. მემორანდუმს უახლოეს პერიოდში მოვაწერთ ხელს. მემორანდუმით გაწერილი გრაფიკის მიხედვით, ხუდონჰესის მშენებლობა 2016 წლის მესამე კვარტალში უნდა დაიწყოს.

ქართველ ენერგეტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში ჰესების მშენებლობა ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებით უნდა ჩაანაცვლონ, რაც თანხებსაც დაზოგავს და ეკოსისტემას განადგურებისგან დაიცავს. ამასთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნის – თურქეთის მაგალითი მოჰყავთ, რომელიც 2020 წლისთვის მთლიანად ალტერნატიული ენერგიით მომარაგებაზე გადასვლას გეგმავს. ეს საკითხი საქართველოს ენერგოსისტემაში თუ განიხილება? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 2016 წლის ბოლოს ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კანონიც უნდა მიიღონ…
პრაქტიკულად, თურქეთმა არსებული ყველა რესურსი აითვისა. ალბათ, ალტერნატიულ წყაროებზე გადავა. თუმცა, ჩვენ თურქეთის მაგალითი არ უნდა ავიღოთ. თურქეთი წელიწადში 2 000 მეგავატამდე ჰიდრორესურსს ავითარებს. პრაქტიკულად რესურსი ამოწურა და ამიტომ, ალტერნტიულ ენერგიაზე გადადიან. ჩვენთან ეს საკითხი არ დგას, რადგან ამ მხრივ საქართველოს დიდი რესურსი გააჩნია. ჩვენი ჰიდრორესურსების ჯერ მხოლოდ 18% გვაქვს ათვისებული.

საქართველოს ზამთარში ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს, რის გამოც იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ვართ დამოკიდებული. ძირითადი მომწოდებელი რუსეთია. რამდენად რეალურია, რომ მცირე და დიდი ჰესების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ საქართველო იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული არ იქნება?
ჩვენი გათვლები სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტს აღარ საჭიროებდეს. მას შემდეგ, რაც წარმოებაში 2 000 მეგავატამდე მცირე და საშუალო ჰესები შევა, რასაც 700 მეგავატამადე თბოელექტრო სადგურები დაემატება, ასეთ შემთხვევაში რუსეთზე დამოკიდებული აღარ ვიქნებით.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply