საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობი ძვირდება. ერთი ბარელი “ბრენტის” ღირებულება 84 დოლარამდე გაიზარდა, “ლაითის” ფასი 80 დოლარს აღწევს. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, “ურალსის” ფასმა 57 დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში, ერთკვირიან ჭრილში ნავთობი 7%-ითაა გაძვირებული. მოკლე პერიოდში მიღებულ ფასთა ცვლილებას საქართველოზე ასახვა არ ექნება. მეტიც, დარგის წარმომადგენლები და სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში საწვავის გაიაფების რესურსი ჯერ კიდევ დარჩენილია და შესაბამისად, ტენდენციის გაგრძელება მოსალოდნელია კიდეც.
ნავთობზე ფასის ზრდა გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული. პირველ რიგში, ენერგორესურსების გაძვირება ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, 2023 წლის იანვრიდან საერთაშორისო ტურისტებისა და მოგზაურებისთვის გაუქმდება კარანტინის მოთხოვნის ვალდებულება. კოვიდრეგულაციების შემსუბუქება იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთის მთავრობა ნულოვანი კოვიდპოლიტიკის გადახედვას გეგმავს, რაც, საბოლოო ჯამში, ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის აღდგენას და, შესაბამისად, საწვავზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს.
ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს კრძალავს იმ ქვეყნებში, სადაც რუსულ ნავთობზე ფასის 60-დოლარიანი ლიმიტია დაწესებული. აკრძალვა ძალაში 2023 წლის პირველი თებერვლიდან შევა და ის ხუთი თვის განმავლობაში იმოქმედებს, რის შემდეგაც რეგულაციის პირობები გადაიხედება. რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი „დიდი შვიდეულის“ წევრ სახელმწიფოებს აქვთ დაწესებული, რომელიც მოიცავს: აშშ-ს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, ავსტრალიასა და ევროკავშირის ქვეყნებს.
გარდა მოცემული ფაქტორებისა, ოპეკის ხელმძღვანელობა ისევ თავს იკავებს საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების გაზრდაზე. უფრო მეტიც, შესაძლოა, რომ ენერგეტიკულმა კავშირმა მომდევნო შეხვედრაზე ნავთობის წარმოება 500 000 ბარელით შეამციროს, რათა ფასები 80-90 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდეს.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე ეტაპზე მსოფლიოში არსებულ ფასთა ცვლილებების ასახვა ქვეყანაში არ მოხდება. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჯერჯერობით, ფასთა კლების ტენდენცია გაგრძელდება.
„საქართველოზე, ამ ერთ კვირიან ჭრილში მოცემულ გაძვირებას, არავითარი ასახვა არ ექნება. მეტიც, იანვრიდან ძალაში შევა დიზელზე ევრო 5-ის სტანდარტი და არც ამ ცვლილებას ექნება საქართველოზე გავლენა. მოგეხსენებათ, ჩვენ ძირითადი რაოდენობა, ბენზინისა თუ დიზელის, რუსეთიდან შემოგვაქვს, ანუ ყოველგვარი საერთაშორისო ფასის გარეშე. საწვავი შემოგვაქვს გაცილებით იაფად და აქედან გამომდინარე, მსოფლიოში არსებული გაძვირება საქართველოზე არანაირ ასახვას არ ჰპოვებს.
სადაც საწვავი იაფია, იქ ვყიდილობთ ნავთობპროდუქტს. შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი იქნება კარგად და მეტიც, ჯერჯერობით, ფასთა კლების ტენდენცია გაგრძელდება, რასაც მივესალმები. ეს მხოლოდ დადებითია ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკისთვის.
ასეთი მცირე რყევები ყოველთვის იყო და იქნება მომავალშიც სანავთობო ბირჟებზე. არავინ იცის რა იქნება ხვალ, რა მოხდება და როგორი სიტუაცია განვითარდება გლობალურ ბაზრებზე. საერთოდ, კონკურებცია თავად არეგულირებს და აწესრიგებს ყველაფერს. სწორედ ამიტომ ბიზნესი ყოველთვის იპოვის სათანადო გამოსავალს, რადგან კერძო სექტორი ორიენტირებულია სასარგებოლო გადაწყვეტილებაზე“, – განუცხადა „რეზონანსს“ ვახტანგ იობაშვილმა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი პაატა ბაირახტარი ერთ-ერთი მათაგნია, ვინც ასევე მიიჩნევს, რომ მოკლე პერიოდში საქართველოში არავითარი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
„გამორიცხულია, რომ ამ ერთ კვირიანმა გაძვირებამ საქართველოზე გავლენა მოახდინოს. ამის პირველი მიზეზი არის ის, რომ დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ფასის ნებისმიერ ცვალებადობას, რა პროპორციითაც არ უნდა მოხდეს, არ შეუძლია ადგილობრივ ბაზარზე ტენდენციის გადაცემა. მეორეც, თუ გავითვალისწინებთ ნავთობის შემცირების დინამიკას, ბოლო პერიოდში, და ამ მაჩვენებელს დღეს არსებულს ნავთობის ფასისას შევადარებთ პანდემიამდელ ნიშნულ, ის არის მნიშვნელოვნად შემცირებული და დაახლოებით 15-დოლარიანი სხვაობაა, ისეა დაახლოებული პანდემიმდელ მაჩვენებელთან ბარელის ღირებულება.
თავად კომპანიებს საკმაოდ დიდი მუხტი აქვთ, რომ ფასი არ გაზარდონ. ლარის კურსი მნიშვნელოვნად აზღვევს საწვავის ღირებულებას და ამ მიზეზების გათვალისწინებით, შემიძლია გითხრათ, რომ ნავთობიმპორტიორებს გაიაფების რესურსი კიდევ აქვთ დარჩენილი, არათუ რაიმე გაძვირებაზე ვისაუბროთ.
რაც შეეხება მსოფლიოს, გლობალურ ბირჟებზე ნავთობის გაძვირების სხვადასხვა ფაქტორი არსებობს, მაგრამ მთავარ მიზეზად უნდა გამოვყოთ ის გარემოება, რომ რუსულ ნავთობზე გარკვეული მარჟა დაწესდა ევროკავშირის მხრიდან. პუტინმა კი, გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვითაც, იმ ქვეყნებს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ ფასის შეზღუდვაში, შეუჩერებს ნავთობის მიწოდებას. ამან მოკლე მონაკვეთში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რუსული ნავთობის გაძვირებას. ეს არის მთავარი ფაქტორი, რამაც გლობალურ ბაზარზე მცირეოდენი ცვლილება გამოიწვია, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი მატება არ არის და არც მგონია, რომ ეს ხანგრძლივად გაგრძელდეს“, – განუცხადა „რეზონანსს“ბაირახტარმა.
საქართველოში საწვავის გაიაფების ტენდენცია უკვე რამდნიმე თვეა გრძელდება და ამ პერიოდში, საერთო ჯამში, ბენზინის ფასმა უკვე 1 ლარით დაიკლო. როგორც ირკვევა, ტენდენცია შენარჩუნდება და საქართველოში გაძვირებას არავინ ელის.
წყარო: resonancedaily.com