გაზსაცავის მშენებლობის საკითხი მთავრობისთვის აქტუალური არ არის. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იმ ფორმით, როგორც პროექტის განხორციელება იგეგმებოდა, თანამედროვე სტანდარტისთვის მიუღებელია, რის გამოც გადაწყვეტილება კრიტიკას ნაკლებად იმსახურებს. გაზსაცავის ალტერნატივად ენერგეტიკოსების ნაწილი ტანკერს მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ანალოგიური სისტემა განვითარებულ ქვეყნებში მაღალ დოენზეა დანერგილი და ეს ჩვენს რეალობაში შეიძლება სამომავლოდ იქნას გათვალისწინებული.
იმ ფონზე, როცა სახელმწიფოში ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად 200 მილიონი გამოიძებნა და ,,ხუდონჰესის” მშენებლობა იგეგმება, გაზსაცავის უაღრესად საჭირო პროექტზე მთავრობა, სავარაუდოდ, უარს ამბობს, რაც ამ ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ დაადასტურა კიდეც.
მისივე თქმით, ამ პროექტის ნაცვლად, მთავრობა მცირე ზომის გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობაზე მსჯელობს და გაზსაცავის პარალელურად, განიხილება გათხევადებული გაზის ტერმინალის მშენებლობის საკითხიც.
გაზსაცავის მშენებლობაზე უკვე წლებია მიმდინარეობს საუბარი, შესაბამისი ადგილი სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო შერჩეული. ეს საკითხი ევროპაში პრობლემის დაწყებამ უფრო გაააქტიურა. ახლა კი მთავრობაშიფიქრობენ, აღარ გვინდა გაზსაცავი და სხვა რაღაცას აშენებენ, მათ შორის თხევადი გაზის ტერმინალს.
,,ბიზნეს-რეზონანსი” დაინტერესდა, რამდენად გამართლებულია ეს კონკრეტული შემთხვევისთვის, რატომ ვერ გამოინახა თანხა ისეთი პროექტისთვის, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხიოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და ენერგოდამუკიდებლობის ხარისხს საგრძნობლად ზრდის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ევროპაში ენერგომომარაგების მხრივ დიდი გამოწვევაა. ფაქტობრივად ყველა განვითარებული ქვეყანა, რომელსაც ბუნებრივი აირის ხელსაყრელ ფასში მიღება შეუძლია, ცდილობს გაზსაცავი შეავსოს და გამოუვალ სიტუაციაში გამოიყენოს.
ადრე გაზსაცავის მშენებლობაზე საქართველოში მუდმივად იყო საუბარი, მაგრამ ვერანაირად გამოინახა რესურსი, ახლა კი საერთოდ უარს ამბობენ. ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საცავი იმ ფორმით, როგორც უნდა აშენებულიყო, მოძველებულია და ამით არის განპირობებული საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა.
ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან” ამბობს, რომ მთავრობამ გაზსაცავის მშენებლობაზე გაცილებით ადრე თქვა უარი, რაც ტექნოლოგიური ფაქტორით იყო განპირობებული.
,,გაზსაცავის პროექტის მიხედვით, ტევადობა 300 მილიონი კუბ/მ მოცულობისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ სავარაუდოდ, არ განხორციელდება მთავრობის პოზიციის გამო. ვერ გეტყვით, რომ ინფორმაცია მოულოდნელია. მიწისქვეშა გაზსაცავები დღის წესრიგიდან დიდი ხნის წინ ამოვარდა. ახლა ლითონის უზარმაზარი გაზსაცავები იქმნება, რომელსაც ნებისმიერ ადგილას განათავსებ. მიწაში ბევრია დანაკარგი, თანაც, მკვდარი ზონაა. ბევრი ისეთი ნიუანსია, რის გამოც გაზსაცავის მშენებლობამ უპირატესობა დაკარგა იმ ფორმით, როგორც გეგმავდნენ.
თანამედროვე, ახალი სისტემა იქმნება, რომელიც ეკონომიკურად და ფინანსურად უფრო მომგებიანია. ეს არის ლითონის საცავები, წარმოიდგინეთ სისტემები, რომელშიც ასხამენ ბენზინს ან სხვა ნავთობპროდუქტს, თუმცა გაზის შესანახი მოწყობილობისგან გაცილებით მცირეა, დაახლოებით ისეთი, როგორც ტანკერია, რითაც თხევადი გაზი გადააქვთ. უფრო იაფიც ჯდება და ბევრად ეფექტურია. ამიტომ სწორია, რომ მიწისქცვეშა გაზსაცავი, რომელზეც არაერთი წელი იმუშავეს, არ გაკეთდება. სხვა ფორმით განხორციელდება, ახალი ტანკერები შეიქმნება”, – განაცხადა რევაზ არველაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან”.
საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის მურმან მარგველაშვილის აზრით შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროს ამ განცხადების საფუძველი შესაბამისი კვლევებია.
„რადგან ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეს შეფასება გააკეთა, ალბათ, შესაბამისი კვლევა აქვს. თუმცა, მე მივიჩნევ, რომ საქართველოსთვის გაზსაცავს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ახლაც აქვს. თუ ხარ სრულად დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, ეს ყოველთვის პრობლემაა. თუ გინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმებიც უნდა შექმნა. რადგან მთავრობა უარს ამბობს დიდი გაზსაცავის პროექტზე, იმედია, აქვთ შესაბამისი დასაბუთება“, – აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.
სპეციალისტების განცხადებით, გაზსაცავი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაზმომარაგების სისტემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს შეადგენს. მოქმედი მსხვილი მიწისქვეშა საცავის რაოდენობამ მსოფლიოში 600-ს აჭარბებს.
როგორც ენერგეტიკოსმა ლიანა ჯერვალიძემ “ბიზნეს-რეზონანსთან“ განაცხადა, პროექტის შეჩერება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის, რამდენადაც იგი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
,,გაზსაცავის მშენებლობა ენერგოუსაფრთხოებისთვის აუცილებელი პროექტია. მას უნდა შეეწყო ხელი ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებისა და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებისთვის, ხოლო მომწოდებელი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყნის მომხმარებლების საცავიდან გაზის შეუფერხებელი მომარაგება.
ახლა მსოფლიოში მძიმე პროცესებია, გაზსაცავი აქტუალური პროექტია, რომელიც ენერგოუსაფრთხეობას ეხება და მთლიანად რომ გაჩერდეს, წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ჯერვალიძემ “ბიზნეს-რეზონანსთან“.
ცნობილია, რომ 2018 წელს გაფორმდა 150 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო შეთანხმება “კაეფვე”-სთან, თუმცა პანდემიის პერიოდში ამ თანხიდან €120 მილიონი მთავრობამ მიმდინარე ხარჯებზე გადაამისამართა და პროექტისთვის მხოლოდ 30 მილიონი დატოვა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის როემო მიქაუტაძის თქმით, 30 მილიონი სეისმური კვლევებისა და დასაბუთებისთვის საკმარისი იყო, თუმცა ახალ რეალობაში (უკრაინის ომის ფონზე) ამხელა გაზსაცავი შესაძლოა, საქართველოსთვის აღარ იყოს საჭირო.
„იმისთვის, რომ ქვეყნის გაზმომარაგება მოხდეს ორი თვის ვადით, ეს შესაძლოა, უფრო მცირე გაზსაცავით და თხევადი გაზის ტერმინალით განხორციელდეს, რომლის პროექტმაც მნიშვნელობა უკვე შეიძინა. რუმინეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი – ეს დერეფანი ამ კუთხით შეიძლება საინტერესო იყოს. ჩვენ ამ ალტერნატივებიდან გამომდინარე დონორ ორგანიზაციებსა და მათ საკონსულტაციო კომპანიებს ვკითხეთ, იქნებ, რამე ალტერნატივა იყოს. ეს უფრო მოქნილი, სწორი და იაფიც იქნება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
ამ დრომდე არსებული გათვლებით, გაზსაცავის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 მლნ ევროს აღემატებოდა, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (კაეფვე) კრედიტებით უნდა დაფინანსებულიყო.
სამშენებლო სამუშაოები სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე იყო დაგეგმილი. არსებული პროექტის მიხედვით, გაზსაცავში 300 მლნ კუბური მეტრი გაზის შენახვა იყო შესაძლებელი.
წყარო: resonancedaily.com