ნაციონალური მოძრაობის, პოპულიზმი და დემაგოგია „გაზპრომის“ თემის ირგვლივ

ნაციონალური მოძრაობის პოპულიზმი და დემაგოგია „გაზპრომის“ თემის ირგვლივ

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“, ეხმაურება გაზპრომის თემის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს. ორგანიზაციის ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის შეფასებით, ბოლო პერიოდში „გაზპრომის“ თემის ირგვლივ ხშირად ისმის პოლიტიკური სპეკულაციები.  ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ძალების მხრიდან არსებული უსაფუძვლო კრიტიკა, პოლიტიკური ქულების მოპოვებას ემსახურება.

გვიდიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მათთან დაახლოებული ექსპერტების მხრიდან გაკეთებული რადიკალური განცხადებები, საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და ხელისუფლების მიმართ უნდობლობის დათესვას ემსახურება.

„აფბას“ ანალიტიკოსი ასახელებს იმ ფაქტებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ენერგოსექტორში და კონკრეტულად „გაზპრომის“ შემთხვევაში რუსულ მხარესთან თანამშრომლობას ასახავს.

„რუსულ „გაზპრომთან“ ურთიერთობები წლების მანძილზე არსებობდა და ეს ბუნებრივი პროცესია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გადის და აღნიშნული მილსადენი, ქართული სახელმწიფოს საკუთრებაა. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა „გაზპრომთან“, უფრო მეტიც 2008 წლის საომარი მოქმედებების პირობებში რუსეთიდან მიღებულმა, როგორც ტრანზიტიდან, ისე დამატებითი მოცულობებიდან ბუნებრივი აირის მოცულობამ, მთლიანი მოხმარების დაახლოებით 50% შეადგინა. ასევე, აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 370 მილიონამდე დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება იმის შესახებ, რომ „ფულს სუნი არ აქვს“, იქნება ეს რუსული თუ სხვა წარმომავლობის. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების კრიტიკული მიდგომები აღნიშნული თემის ირგვლივ არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია და მეტი არაფერი“, – აცხადებს „აფბას“ ანალიტიკოსი.

რაც შეეხება, ენერგოუსაფრთხოების საკითხს, გვიდიანის აზრით „გაზპრომი“ არ არის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც რუსეთს გააჩნია და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში რუსეთს თავისუფლად შეეძლება საქართველოსთვის პრობლემების შექმნა „გაზპრომის“ გარეშეც.

„აქვე აუცილებლად მინდა შევეხო ენერგოუსაფრთხოების საკითხს, აღსანიშნავია, რომ სწორედ წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზსადენის გასხვისების საკითხი, რაც იქნებოდა კიდეც საქართველოს ენერგოუსაფრთხოების დამანგრეველი ნაბიჯი, ამასთან აღნიშნული გაზსადენის გასხვისებით მთლიანად რუსეთის ხელში აღმოჩნდებოდა სომხეთამდე არსებული ინფრასტრუქტურა და რუსეთის დომინანტურ პოზიციას რეგიონში მნიშვნელოვნად გააძლიერებდა, საბედნიეროდ ასეთი მავნებლური იდეა მაშინ დასავლეთის დიდი ძალისხმევის შედეგად „დაიბლოკა“ და საქართველომ მილსადენის გაუსხვისებლობით შეინარჩუნა ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედების ბერკეტი.

ასევე, როცა ენერგოუსაფრთხოებაზეა საუბარი უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთს სხვა საკმაოდ ბევრი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ  საქართველოს ენერგოსექტორში პრობლემები შექმნას. არავინ საუბრობს თუნდაც იმაზე, რომ საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული და ამ კუთხით მას საკმაოდ ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია, გამომდინარე აქედან, რუსეთის ფედერაციისთვის თვითმიზანი არ გახლავთ ის, რომ რამენაირად ბუნებრივი აირის ბაზარზე შემოვიდეს და შემდგომ ეცადოს ამ კუთხით პრობლემების შექმნას.

აქვე, აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო მოლაპარაკებები რუსული მხარისთვის ენგურჰესის მიყიდვაზე. მართალია, ენგურჰესი ქართული მხარის საკუთრებაში დარჩა, თუმცა, 2008 წლის დეკემბერში, რუსეთთან საომარი მოქმედებების შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსულ „ინტერ რაოსთან” ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, ენგურჰესის ეფექტიანი ექსპლუატაციის შესახებ, ანუ ენგურჰესი რუსულ მხარეს, პრაქტიკულად, მართვაში გადაეცა. ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის მიერ 2005 წელს „გაზპრომისთვის” ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთავაზება, რომელიც გაზსადენის მართვას განახორციელებდა“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

 

Leave a Reply