არსებობს ხალხი, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ განვითარებად ქვეყნებს ნავთობით სწრაფად გამდიდრების შანსი აქვთ. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ნავთობის გაიაფების გეოპოლიტიკური შედეგები მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადია.
ნავთობმოპოვების გეოპოლიტიკაში პროგნოზების გაკეთება ყოველთვის სარისკოა. შესაძლოა ეს მნიშვნელოვანიც კია, მაგრამ ნავთობზე ფასი, მოვლენების განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი ნამდვილად არ არის. თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის მნიშვნელოვანი გაიაფების შემთხვევაში, გლობალური ძვრები აუცილებლად მოხდება. გადახედეთ, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში, თუ რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასის ცვლილება საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ მოვლენებზე.
1970-იან წლებში, „ნავთობის შოკმა” საერთაშორისო ლანდშაფტი საგრძნობლად შეცვალა და ახლო აღმოსავლეთმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. 1980-იან წლებში ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, დაინგრა საბჭოთა კავშირი და ეს ფაქტი ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ საბჭოთა კავშირში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა. 1990-იან წლებში სადამ ჰუსეინმა ქუვეითში შეჭრის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ შემოსავლის შემცირების შემდეგ, ახალი ტერიტორიის მითვისება მოისურვა. ალჟირი აგრეთვე ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული. ერთი ბარელი ნავთობის 10 დოლარამდე გაიაფების შემდეგ, ქვეყანაში ისლამისტებმა გაიმარჯვეს, რის შემდეგაც სამოქალაქო ომი მოხდა. ამიტომ ძნელია იმის თქმა, თუ ვინ იქნება გამარჯვებული და ვინ დამარცხებული. დასავლეთის ლიბერალური დემოკრატიებისთვის საბჭოთა ბლოკის დაშლა, რა თქმა უნდა, მომგებიანი იყო. თუმცა ძნელია იმის მტკიცება, რომ ნავთობის გაიაფებამ მუსლიმანურ სამყაროში მშვიდობა და სტაბილურობა გააძლიერა.
დღეს უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის გაიაფებამ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის ზრდისა და მოდერნიზაციის იმედები შეასუსტა. იმის ილუზიაც ქრება, რომ ეს ქვეყნები სტაბილური მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების მომხრეები იქნებიან. ბევრი მათგანი საკუთარ ამბიციებს ნედლეულის მაღალ ფასებზე ამყარებდა, ახლა კი, განვითარებადი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაში არიან. რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა – კრისტინ ლაგარდმა თქვა, რომ ეს ქვეყნები ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელიც ეკონომიკური ზრდის შენელებაში მდგომარეობს და მათი მომავალი გაურკვეველია. მაგალითად, ბრაზილიას, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, სამხრეთ ამერიკის ლიდერად ითვლებოდა, დღეს ეკონომიკური პრობლემები აქვს, რომლებიც ნავთობკომპანია Petrobras-თან დაკავშირებულმა სკანდალმა კიდევ უფრო გაამწვავა. ბრაზილია დემოკრატიული სახელმწიფოა და ცუდია რომ ამ ქვეყანაში არასტაბილური ვითარებაა. ნავთობზე დაბალი ფასები აფრიკაში ნავთობმოპოვების ლიდერის – ნიგერიის ახალ მთავრობაზეც ცუდად აისახება. და ეს ხდება იმ დროც, როცა ჯიჰადისტური დაჯგუფებები რეგიონში გავლენის გაზრდას ცდილობენ.
ნავთობის გაიაფება ზიანს მხოლოდ იმ ქვეყნებს არ აყენებს, რომელთა მიმართ დასავლეთი კეთილგანწყობილია. რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი, მისი ქვეყნის საერთაშორისო გავლენის აღდგენის მიზნით, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ავანტიურას ახორციელებს. მაგრამ დღეს, რუსეთს სულ უფრო მძიმე ფინანსური პრობლემები ემუქრება. ცოტა ხნის წინ კრემლმა სახელმწიფო ხარჯების 10%-იანი შემცირების შესახებ განაცხადა. საერთაშორისო სანქციები და საწვავის გაიაფება ურტყამს რუსეთის ეკონომიკას, რომელიც ბარელ ნავთობზე 100-დოლარიან ფასს ეფუძნებოდა. ნავთობის ფასების კლებით დაზარალებული სხვა რეჟიმები დანაკარგის კომპენსაციის მიზნით, ფულს ეროვნული კეთილდღეობის ფონდებიდან იღებენ. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც რომ, არც ეს ფონდებია უსაზღვრო.
ვენესუელა – ეს არის აღმავლობისა და დაცემის კიდევ ერთი მაგალითი, რასაც ხშირად „რესურსების წყევლასაც” უწოდებენ. ნავთობის ფასზე მეტისმეტი დამოკიდებულება მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციის პროცესებს აზარალებს. ვენესუელის „ბოლივარიანული მოდელის” კრიზისი რეგიონული მასშტაბის პრობლემებს წარმოქმნის, ამას იგრძნობს კუბაც, რომელიც დიდი ხანია ვენესუელიდან სუბსიდიებს იღებდა, ახლა კი, აშშ-სთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან იწყებს.
ნავთობის გაიაფების გეოპოლიტიკური შედეგები ყველაზე მეტად ახლო აღმოსავლეთზე აისახება, და იქ, მოვლენების წინასწარ განსაზღვრაც შეუძლებელია. საუდის არაბეთს, რომელიც ფასების ვარდნას „დირიჟორობს”, ნავთობის ბაზარზე დაბრუნების მოსურნე ირანის დასუსტება შეუძლია. ცნობისთვის, ირანი ნავთობის საექსპორტო ბაზარს უბრუნდება. თუმცა, ნავთობის გაიაფებამ, შესაძლოა, სპარსეთის ყურის ქვეყნების მმართველ დინასტიებსაც პრობლემები შეუქმნას. დროთა განმავლობაში ეს ალბათ მათ აგრესიულობასაც შეამცირებს. ახლო პერსპექტივაში კი ამ რეჟიმებმა შეიძლება შიდა პრობლემებიდან ყურადღება აგრესიულ რიტორიკაზე გადაიტანონ. ალბათ რუსეთი სწორედ ასე მოიქცევა. პრინციპში, ჩინეთის რეაქციაც არაპროგნოზირებადია. ამ ფაქტების გაანალიზის შემდეგ, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ნავთობიდან მიღებული ძალიან დიდი შემოსავალი შეიძლება ისეთივე დამღუპველი იყოს, როგორც მცირე მოგება.
ავტორი: ვასილ მამულაშვილმა
წყარო: პოლიტკომერსანტი