ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაზე მკვეთრად განსხვავდება დაბინძურების წყაროს გეოგრაფიული არეალის განსხვავებების მიხედვით.
ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტისა და სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა პირველია, რომელმაც გააკეთა სიმულაცია, თუ როგორ მოქმედებს დამაბინძურებლები კლიმატსა და ჰაერის ხარისხზე მთელ მსოფლიოში.
ნაშრომში, რომელიც დაიბეჭდა გამოცემა „Science Advances-ში“, გამოკვლეულია აეროზოლების კლიმატსა და ჰაერის ხარისხზე გავლენა. აეროზოლი არის მცირე ზომის მყარი ნაწილაკებისა და თხევადი წვეთების ნაზავი, რომელიც ხელს უწყობს სმოგის წარმოქმნას და ძირითადად გამოიყოფა სამრეწველო ქარხნებიდან, ელექტროსადგურებიდან და სატრანსპორტო საშუალებების მაყუჩიდან. აეროზოლები ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკურ პროდუქტიულობაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგი და აეროზოლები ხშირად ერთდროულად გამოიყოფა საწვავის წვის დროს, ამ ორი ნივთიერებას განსხვავებული გავლენა აქვს დედამიწის ატმოსფეროს შრეზე“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა გეტა პერსადმა, ოსტინის ჯექსონის გეომეცნიერებათა სკოლის ასისტენტ პროფესორმა.
”ნახშირორჟანგს, გამოყოფის წყაროს მიუხედავად, ყოველთვის ერთი და იგივე გავლენა აქვს კლიმატზე, მაგრამ აეროზოლის ტიპის დამაბინძურებლებს გაცილებით დიდი გავლენა აქვს იმ ტერიტორიაზე, სადაც ფიქსირდება მათი ემისია, შესაბამისად სადაც მათი კონცენტრაცია უფრო მაღალია“.
მეცნიერებმა შეისწავლეს რვა ძირითადი რეგიონი: ბრაზილია, ჩინეთი, აღმოსავლეთ აფრიკა, დასავლეთ ევროპა, ინდოეთი, ინდონეზია, ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ აფრიკა.
„ეს კვლევა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად არასაკმარისადაა შეფასებული გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედება. ნახშირორჟანგი გლობალური ტემპერატურის ზრდას იწვევს, მაგრამ ის ასევე გამოიყოფა სხვა ნაერთებთან ერთად, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანებსა და მცენარეებზე, ამავდროულად იწვევს კლიმატის ცვლილებებს“, – თქვა ჯენიფერ ბერნიმ, კვლევის თანაავტორმა.
ნაშრომი, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ფიზიკოსების გეტა პერსადისა და ჯენიფერ ბერნის, აგრეთვე, ეკონომისტთა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფის თანამშრომლობის შედეგია.
ნახშირორჟანგთან შედარებით, აეროზოლების გავლენის შესასწავლად გუნდმა შექმნა კლიმატის სიმულაციების ნაკრები ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული Community Earth System Model 1-ის გამოყენებით. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტები, რომლის მიხედვითაც გამოავლინეს, რა შედეგით დასრულდებოდა ზემოხსენებულ რვა რეგიონში აეროზოლის ემისიების ერთი და იმავე ოდენობით გამოყოფა. შემდეგ მათ ეს მონაცემები დაუკავშირეს კლიმატის ცვლილებას, ჰაერის ხარისხს, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობას, მოსავლის პროდუქტიულობასა და მთლიან შიდა პროდუქტს. და ბოლოს, მათ შეადარეს აეროზოლის ემისიით გამოწვეული მთლიანი სოციალური ხარჯები CO2-ის სოციალურ ხარჯებს.
შედეგი ასახავს მრავალფეროვან და რთულ სურათს. მოცემულ 8 გეოგრაფიულ არეალში აეროზოლის გამოყოფა ზოგჯერ მეზობელ რეგიონებზე უფრო მეტ გავლენას ახდენდა, იმ რეგიონზე, რომელიც ემისიის წყაროს წარმოადგენდა. მაგალითად, ევროპაში გამოყოფილი გამონაბოლქვი იწვევს ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ოთხჯერ უფრო მაღალ მაჩვენებელს მეზობელ რეგიონებში, ვიდრე თავად ევროპაში.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ აეროზოლზე, როგორც გამაგრილებელი ეფექტის მქონე ნივთიერებაზე, როდესაც მის ყველა ეფექტს შევხედავთ ერთობლივად, აღმოვაჩენთ, რომ არც ერთი რეგიონი არ განიცდის საერთო ლოკალურ სარგებელს აეროზოლების გამოყოფისგან“, – თქვა პერსადმა.
წყარო: greenpole.org