ერთადერთი ქალი დისპეტჩერი ქართულ ელექტროსისტემაში სტერეოტიპებს არღვევს

საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი სტერეოტიპები ქალური და კაცური პროფესიების შესახებ, სამწუხაროდ, კვლავაც აქტიურად მუსირებს. ერთ-ერთ ასეთ პროფესიად ენერგეტიკოსობაც ითვლება.

თუმცა, ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ქალები, რომლებიც აქტიურად აბათილებენ ისეთ მცდარ და დრომოჭმულ მოსაზრებებს, როგორიცაა ტექნიკური საგნებისა და სპეციალობების, მხოლოდ მამაკაცისთვის შესაფერის და შესაძლებელ საქმიანობად აღქმა.

მათ შორის არის ეთო დედანაშვილი. ის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში ერთადერთი ქალი დისპეტჩერია. ეთო  სადისპეტჩერო ცენტრში  2020 წლიდან მუშაობს და მისი ძირითადი საქმიანობა ენერგოსისტემის ოპერატიული მართვაა, რაც გულისხმობს საქართველოში არსებული ჰიდროელექტროსადგურების, თბოელექტროსადგურებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერირებას.

ეთო ამბობს, რომ მას ძალიან მოსწონს საკუთარი პროფესია, თუმცა, თავდაპირველად ახლობლები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ მის გადაწყვეტილებას და ურჩევდნენ „ქალისთვის შესაფერისი პროფესიის“ არჩევას, რამაც მას ხსენებული პროფესიისადმი ინტერესი და სიყვარული კიდევ უფრო გაუმძაფრა.

„ენერგონიუსი’ დაინტერესდა, თუ როგორი იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ერთადერთი ქალი დისპეტჩერის პროფესიული გზა ქართულ ენერგეტიკაში.

 

როგორ აღმოჩნდით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ და ზოგადად, ენერგეტიკაში?

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განვაგრძე. გარკვეული  პერიოდის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ეს არ იყო ის სფერო რომელშიც საკუთარ თავს ვხედავდი.

ამიტომ,  მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტზე. ვინაიდან, ბავშვობიდან მიყვარდა მათემატიკა, ფიზიკა, როცა კიდევ ერთხელ გავაანალიზე თუ რა სფეროში შევძლებდი ჩემი ინტერესების პრაქტიკულ გამოყენებას, ავირჩიე ენერგეტიკა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სექტორის გაცნობაში, პროფესიულ ორიენტაციასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრმა.

სასწავლებელში 1 წელი ვსწავლობდი ენერგეტიკოსის პროფესიას და ასევე ვეცნობოდი ამ სექტორში დასაქმების ალტერნატივებს.  ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო პრაქტიკები დამეხმარა უშუალოდ  რეალურ სამუშაო გარემოში მენახა, რას მოითხოვდა ჩემი  პროფესია, რა წინააღმდეგობების დაძლევა მომიწევდა, გავეცანი სისტემის მუშაობის ყველა რგოლს და საბოლოოდ  სწორედ ამ პრაქტიკამ გადამაწყვეტინა დისპეტჩერობა.

 

ენეგეტიკა, ღრმად გამჯდარი სტერეოტიპების თანახმად, „მამაკაცურ პროფესიად“ ითვლება. რამ გამოიწვია „ქალისთვის შეუფერებელი საქმიანობით“ დაინტერესება და როგორ შეხვდნენ თქვენს არჩევანს ოჯახის წევრები და ახლობლები?

არჩევანი  ენერგეტიკაზე შევაჩერე, როგორც განვითარებად, მდგრად და რაც მთავარია  ქვეყნისთვის სტრატეგიულ მიმართულებაზე.

დავიწყებ იმით, რომ ქალის ადგილი არის ყველა პროფესიაში და ყველა პოზიციაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ასევე ძლიერია სტერეოტიპები, რომლებიც ახალგაზრდა გოგონებს უარს ათქმევინებს ხოლმე საკუთარ მისწრაფებზე.

არც მე ვარ გამონაკლისი. ბავშვობიდან მაინტერესებდა ე.წ ტექნიკური საგნები, თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ,  ქალის ადგილს ვერ ხედავს საზოგადოება ამ სფეროში და მეც უფრო „მისაღები“ სფერო და პროფესია შევარჩიე.

ოჯახი და ახლობლები სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს ინტერესს ტექნიკური საგნების მიმართ და ეს სკეპტიციზმი უფრო გაძლიერდა, როდესაც  პროფესიისა და უნივერსიტეტის შეცვლა გადავწყვიტე. დამეთანხმებით, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება დღემდე.  იმდენად დიდი იყო წნეხი, რომ  1 წელი ორივე  მიმართულებით, ორ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. თუმცა,  რაც უფრო მეტს ვსწავლობდი ენერგეტიკაზე, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ერთ-ერთ ყველაზე მზარდ, განვითარებად და მდგრად სფეროში ვიწყებდი კარიერას, მთელს ენერგიას და ძალისხმევას ვდებდი სწავლასა და განვითარებაში. საბოლოოდ, ეს ენთუზიაზი ჩემს გარშემომყოფებსაც გადაედოთ.

 

რა სირთულეებს წააყდით მუშაობის პროცესში?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ  დისპეტჩერის პოზიციაზე  დასაქმების დღიდან, სადისპეტჩეროს გუნდის თითოეული წევრი ცდილობდა როგორც ჩემს მხარდაჭერას, ასევე დახმარებასა და ხელშეწყობას  სწავლასა და მუშაობის სპეციფიკასთან შეგუებაში.  თუმცა,  როგორც  ნებისმიერ  სხვა სამსახურში, ცხადია, ორგანიზაციულ კულტურასთან და გუნდთან  ინტეგრაცია  გამოწვევა იყო, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს პროფესიაში  გუნდურ მუშაობას, ნდობასა და პასუხისმგებლების გაზიარებას პროფესიულ კომპეტენციასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე, რამდენიმე ათწლეულია რაც გუნდში ქალ დისპეტჩერს არ უმუშავია, რამაც შეიძლება ცოტა არეულობა და დისონანსიც  კი გამოიწვია თავდაპირველად, თუმცა, დღეს თავს გუნდის სრულფასოვან წევრად ვთვლი და ვიცი, რომ თავად გუნდიც იგივეს ფიქრობს ჩემთან მიმართებაში.

 

თუ გიგრძვნიათ კოლეგებისგან უნდობლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ბრძანდებით და არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალებს არაფერი ესაქმებათ აღნიშნულ სფეროში?

მახსენდება რამდენი შემთხვევა, როდესაც ტელეფონით საუბრისას მთხოვდნენ სხვა დისპეტჩერთან გადამისართებას, ან იბნეოდნენ და განმეორებით რეკავდნენ, რადგან სადიპეტჩეროში ქალ დისპეტჩტერს არ ელოდნენ. თუმცა, გარკვეულ დროის შემდეგ, მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორებულა. როგორც აღვნიშნე, ამ შემთხვევაშიც, ჩემი გუნდის წევრები მიჭერდნენ მხარს და მენდობოდნენ, რაც სხვა სამსახურების ნდობასაც განაპირობებდა ჩემს მიმართ.

 

თქვენ ახსენეთ, რომ ადრე მუშობდა ქალი ქართულ ელექტროსისტემაში, თუ შეგიძლიათ მის შესახებ მოგვიყვეთ?

როგორც ვიცი, ქ-ნი თამარ კეკელაშვილი 1983 წელს ,,საქენერგო’’-ს სადისპეტჩერო ცენტრში მუშაობდა. იმ პერიოდში, სადისპეტჩერო სამსახურში ძირითადად მამაკაცები მუშაობდნენ  და ქალი მსგავს ადგილას კიდევ უფრო მეტად იშვიათი და გასაკვირი იყო, ვიდრე დღეს. მიუხედავად ამისა, სადისპეტჩეროს ხელმძღვანელს შეუნიშნავს თამარის განსაკუთრებული უნარები  და ის  უფროს დისპეტჩერად დაუნიშნავს. უფროსი დისპეტჩერი იღებდა გადაწყვეტილებებს სისტემის მართვის შესახებ და პასუხისმგებელი იყო ენერგოსისტემის მდგრადობაზე. ქ-ნი თამარი იყო პირველი ქალი დისპეტჩერი, რომელიც 40 წლის განმავლობაში მართავდა ენერგოსისტემას.

 

მომავალში რა გეგემები გაქვთ?

ჩვენი სფერო მუდმივად იცვლება და ვითარდება. მინდა მეც ფეხი ავუწყო ამ ცვლილებებს და განვაგრძო სწავლა და ახალი გამოწვევების მიღება. ასევე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თავადაც ჩავერთო სტუდენტებისა და მოსწავლეების სწავლაში, დავეხმარო მათ ჩვენი სფეროს უკეთ გაცნობასა და რაც მთავარია, პროფესიათან დაკავშირებული სტერეოტიპების დამსხვრებაში.

 

რას ურჩევდით ქალებს, რომლებსაც ასევე სურთ ისეთ პროფესიებში სცადონ საკუთარი შესაძლებლობები, რომლებიც „ქალისთვის შეუფერებლად“ ითვლება?

ვურჩევდი რომ   პირველ ყოვლისა  საკუთარ თავს მოუსმინონ და მიუხედავად საზოგადოებისა, თუ ოჯახის წინააღმდეგობისა, ეცადონ  მათთვის სასურველ პროფესიაში დაიმკვიდრონ თავი.  ასევე ვეტყოდი, რომ  არ დანებდნენ, თუ არ გამოუვათ ყველაფერი ისე როგორც დაგეგმეს, სწავლა და განვითარება, ან პროფესიის რადიკალურად შეცვლა არასოდეს არის გვიანი.

დაბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო ყველა დამწყებ ენერგეტიკოსს, ასევე, თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ცდილობს გარკვეულ პროფესიაში დაიმკვიდროს თავი. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ განვმეორდები, დღევანდელ სამყაროში არ არსებობს პროფესიები რომელშიც ქალის ადგილი არაა და გამიხარდება თუ ჩვენს გუნდსაც შემოუერთდება  მეტი ქალი ენერგეტიკოსი. მით უფრო, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც საშუალებას აძლევს მომავალ ენერგეტიკოსებს, განურჩევლად სქესისა, სრულიად უსასყიდლოდ გაიარონ გადამზადების პროგრამა და კომპანიაში დასაქმდნენ.

„ენერგონიუსი“ კი წარმატებებს უსურვებს ეთო დედანაშვილს პროფესიულ საქმიანობაში და იმედოვნებს, რომ მისი მაგალითი წაახალისებს, პირველ რიგში, ყველა ქალს, ვისაც სურს ისეთ პროფესიებში სცადოს საკუთარი შესაძლებლობები, რომლებიც მცდარი და დრომოჭმული სტერეოტიპების თანახმად „ქალისთვის შეუფერებლად“ ითვლება და ასევე, სხვა ენერგოკომპანიებსა (და არა მარტო) და მათში დასაქმებულ მამაკაცებს, რათა მიბაძონ ეთოს კოლეგებს და დაამსხვრიონ არსებული სტერეოტიპები, რომლებიც არა მხოლოდ მცდარი, უსაფუძვლო და უსამართლოა, არამედ ხელისშემშლელიცაა ნებისმიერ საქმიანობაში უფრო დიდი და მდგრადი წარმატების მიღწევაში.

 

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply