ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების პერსპექტივა საქართველოს ენერგეტიკულ დერეფანში

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში დაცულ მასალებზე დაყრდნობით ქვეყნდება ანალიზი, რომელიც ევროპაში არსებული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ყაზახური ნავთობის, როგორც დივერსიფიცირების ერთ-ერთი საშუალებისა და საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური შემადგენელის შესახებ მოგვითხრობს. ანალიზში ასევე დეტალურადაა ნაჩვენები ყაზახეთის ნავთობის მიწოდების არსებული მარშრუტები (რუსეთი, ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კავკასია):

დღევანდელი გლობალური პროცესები და რეგიონში ჩამოყალიბებული პოლიტიკური ვითარება შანსს აძლევს საქართველოს გამოიყენოს მისი დერეფნის უპირატესობები და ერთ დროს აბრეშუმის გზად წოდებულ მარშრუტს კიდევ უფრო აუმაღლოს, (დაუბრუნოს) პრაქტიკული გამოყენების ფუნქცია. ჯერ კიდევ XX-ე საუკუნის დასაწყისში ბევრი ექსპერტი უსვამდა ცენტრალური აზიის როლს ევროპის ნედლეულით უზრუნველყოფაში, ბრიტანელი მკვლევარი მაკინდერი კი ანვითარებდა თეორიას იმის შესახებ, რომ ცენტრალური აზიის რესურსების მაკონტროლებელი იქნებოდა ევრაზიის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო.

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღევანდელ სიტუაციაში. რუსეთ-უკრაინის ომმა შეცვალა როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური კავშირები ქვეყნებს შორის და ტრადიციული მარშრუტების ხელახლა გადახედვა მოითხოვა.

ყაზახეთის ნედლი ნავთობის ექსპორტი ევროპაში ყოველ წელს დაახლოებით 60 მილიონი ტონაა და შემდგომი ზრდის პოტენციალით. ყაზახეთის და რუსეთის დღევანდელი პოლიტიკური ურთიერთობები აღარ არის ისეთი ურთიერთ შეთანხმებული როგორც ნაზარბაევის პრეზიდენტობის პერიოდში იყო. პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარ ტოკაევი პროდასავლური და ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების ზრდის პოლიტიკის გატარების სურვილით გამოირჩევა. აღსანიშნავია, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ელჩის თანამდებობებზე, ყაზახეთის დასავლურ ინსტიტუტებთან და ჩინეთთან დაახლოებას ემსახურებოდა და დღესაც, პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, დასავლეთის საიმედო პარტნიორად მოიაზრება.

ყაზახეთში გასულ წელს მაღალ თანამდებობებზე ადრე დანიშნულმა ხალხმა პოლიტიკური უკმაყოფილების პროვოცირება მოახდინეს და საბაბად ქვეყნის შიგნით საწვავზე გაზრდილი ფასები გამოიყენეს. ტოკაევის მთავრობა გაუმკლავდა ამ გამოწვევას და სიტუაცია დაასტაბილურა რითაც მოქმედმა პრეზიდენტმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები ქვეყნის შიგნით და გარეთ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საერთაშორისო არენაზე მისი თამამი ანტიპუტინისტური პოზიციები ისეთ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხში, როგორიცაა დონეცკისა და ლუგანსკის კვაზი- სახელმწიფოების, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკა, რაც ადასტურებს ყაზახეთის მზაობას აწარმოოს რუსეთისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკა, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.

ყაზახეთის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი ნედლი ნავთობისთვის დასავლეთით ალტერნატიული მარშრუტების გამოყენების შესახებ, რის პროვოცირებაც მოახდინა 2022 წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ ყაზახური ნავთობის ტრანზიტის ოთხჯერ შეზღუდვა, რაც სავარაუდოდ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყო გათვლილი და ნაკლებად იყო დაკავშირებული ტექნიკური პრობლემებთან, როგორც ამას რუსული მხარე მიუთითებდა.

რეგიონში არსებული პრობლემების შედეგად შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით ნავთობის ფასდამდგენი სააგენტოების და ექსპერტების ანალიზით ყაზახეთის ნედლი ნავთობის ნაწილის ექსპორტი დასავლურ ბაზრებზე

რუსეთის გვერდის ავლით მოხდება. დღეისათვის ყაზახეთის ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება ძირითადად ნავთობსადენით CPC-თი ხდება (გამტარუნარიანობა 67 მლნ ტ/წ, გამტარუნარიანობა ყაზახეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 55 მლნ ტ/წ) რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკამდე საიდანაც შავი ზღვით გადის ევროპის ბაზარზე. ნოვოროსიისკი 300 კმ რადიუსშია საომარი მოქმედებებიდან, რის გამოც ნავთობის მყიდველებს ტვირთის დაზღვევა საკმაოდ ძვირი უჯდებათ და აღარ უღირთ. ამას გარდა რუსეთის ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ დახურა რუსული ტერმინალი რომლითაც „კასპიის მილსადენის კონსორციუმი” (CPC-ს ოპერატორი კომპანია) 30 დღის განმავლობაში ოპერირების შეწყვეტის შესახებ. ასევე, რუსული მხარის განცხადებით, მწყობრიდან გამოვიდა არსებული სამიდან ორი მოტივტივე ჩამტვირთი მოწყობილობა. ამის გამო, ყაზახებს აქვთ გეგმა და ოფიციალურ დონეზეც ახმოვანებენ რომ სურთ ალტერნატიული სტაბილური მარშრუტის ფუნქციონირების უზრუნველყოფა რაც შეიძლება მოკლევადიან პერიოდში.

ყაზახური ნავთობის სამხრეთ კავკასიიის მარშრუტზე გადმომისამართების პროცესში ქართული მხარეცაა ჩაბმული. აღსანიშნავია ქართული სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთში, სადაც უმაღლეს დონეზე განხილულ სხვა საკითხებთან ერთად, სავარუდოდ, ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემებიც განიხილეს. შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურის გამართულობა და ახალი ლოგისტიკური ჰაბების შექმნა.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ და უკვე არსებულ ნავთობსადენებს, რკინიგზას და პორტებს ასევე ტერმინალებს, ეს ნამდვილად მიმზიდველია ყაზახური მხარისთვის როგორც აქამდე არსებული ძირითადი რუსული მარშრუტების ალტერნატივა.

ყაზახეთის გეგმებში პირველ რიგში შედის საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების შევსება რადგან ეს ყველაზე სწრაფი, კომერციულად მიმზიდველი და ეფექტური გზაა ნედლი ნავთობის დიდი რაოდენობის ტრანსპორტირებისთვის. ყაზახეთის მხარე აქტიურად მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების დასატვირთად და როგორც ცნობილია 2023 წლისთვის სამხრეთ კავკასიური მარშრუტით, დაახლოებით 5 მილიონამდე ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება.

ასევე მიდის კოორდინირებული მუშაობა რკინიგზით ტრანსპორტირების საკითხებზეც. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა ასეთი ინტენსივობით მუშაობა ამ საკითხზე ადრე არასდროს ყოფილა. მან აღნიშნა რომ ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხებს რეგიონის პარტნიორი ქვეყნები სავარაუდოდ წლის ბოლომდე შეათანხმებენ, რის შემდეგაც სავარაუდოდ 2023 წლიდან დაიწყება ყაზახური ნავთობის საქართველოს დერეფანში სატრანსპორტო ნაკადების ზრდა.

 

საქართველო

ბაქო-თბილის-ჯეიჰანის (BTC) და ბაქო-სუფსის (WREP) ნავთობსადენების გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ნედლულის ერთერთი მიწოდების ალტერნატიული წყაროა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანის ტერიტორიულ წყლებში არსებულ ნავთობტერმინალებთან (ბაქო, სანგაჩალი, დიუბენდი) და სამომავლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებსყაზახური ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის შავი ზღვის საექსპორტო ტერმინალემაბდე და გრძელვადიან პერპექტივაში, თურქეთის მიმართულები (ყაზახური მხარე აქტიურად განიხილავს საქართველოს გავლით ნედლეულის სარკინიგზო გადაზიდვას).

2022 წლის მარტის დასაწყისში საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TITR) განვითარების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს „ევრაზიის სარკინიგზო ალიანსის“ შექმნას, რომლის მიზანი საერთო რეგულაციების დამტიკება და მისაღები სატრანზიტო სატარიფო პოლიტიკის შემუშავება. დამატებით, 31 მარტს საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ოთხმხრივ დეკლარაციას ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნის (Trans-Caspian East-West Middle Corridor) განვითარების შესახებ, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული სატრანზიტო პოტენციალის ათვისება.

ბათუმის ნავთობტერმინალი

საქართველოს ენერგეტიკული დერეფანი წარმოადგენს ყაზახური ნედლეულის ერთერთ ყველაზე მიმზიდველ საექსპორტო მარშუტს საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნულიდან გამომდინარე 2008 წლის თებერვალში ყაზახურმა სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილის „ყაზტრანსოილის” მიერ დაარსებულმა კომპანიამ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ექსკლუზიური მართვის უფლება 49 წლით11 და ბათუმის ნავთობტერმინალის აქციების 100%-იანი პაკეტი შეიძინა. ტერმინალის მეშვეობით, დამატებით შეიქნმა შესაძლებელობა კასპიიის ზღვის ქვეყნებიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებასთვის.

ყულევის პორტი
ყულევის ნავთობტერმინალი 2008 წლიდან ოპერირებს. ტერმინალი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-ის კუთვნილებაა.

სუფსის ტერმინალი – სახმელეთო ტერმინალი დაკავშირებულია WREP-ის ნავთობსადენთან, რომლის მეშვეობითაც მარაგდება აზერბაიჯანის ტერიტორიულ წყლებში მოპოვებული ნედლეულით. ტერმინალის მფლობელი და ოპერატორია ბრიტანული კომპანია British Petroleum-ის (BP) ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული საერთაშორისო კონსორციუმი.

 

საქართველოს პერსპექტივები

ყაზახეთში ნავთობის მოპოვების ზრდასთან ერთად (2025 წლისათვის ნავთობის მოპოვება 86 დან 100 მლნ ტონამდე გაიზრდება), გაიზრდება საექსპორტო პოტენციალიც, რაც დამატებით ახალი სატრანსპორტო მაშრუტების საჭიროებას განაპირობებს. გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით ყაზახური მხარე აქტიურად განიხილავს სამხრეთ კავკასიურ სატრანზიტო ენერგეტიკულ დერეფანს, რომელსაც არსებული ინფრასტრუქტურით შეუძლია ყაზახური ნედლეულის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

აღნიშნული დერეფნით, მათ შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით, ყაზახეთი 2022 წელს გეგმავს 3 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას, ასევე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაჯანულ კომპანია SOCAR-თან მოკლევადიან პერსპექტივაში ბაქო-სუფსით (WREP) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენებით (ამჟამად ტრანსპორტირებული ყაზახური ნავთობის მოცულობა თვეში 55 ათას/ტ შეადგენს12) ნედლეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.

2022 წელს ყაზახური ნავთობი საქართველოს ენერგეტიკულ დერეფანში

  • აქტაუ – BTC -1,5 მლნ ტ/წ. (სანგაჩალის ტერმინალში, ნავთობსაქაჩ სადგურზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ).
  • აქტაუ – ბათუმი -1,5 მლნ ტნ/წ რკინიგზით.

 

2023-2025 წლებში ყაზახური ნავთობი საქართველოს ენერგეტიკულ დერეფანში

საშუალოვადიან პერსპექტივაში წელიწადში 20 მილიონ ტონამდე ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლებელია რეგიონში არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

  • აქტაუ-ბაქო-ბათუმი 5 მილიონი ტონა რკინიგზით.
  • აქტაუ-ბაქო-სუფსა 3.5 მილიონი ტონა ნავთობსადენით13
  • აქტაუ- ВТС 5 მილიონი ტონა ნავთობსადენით (ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე ВТС-ს შეუძლია დამატებით 20-25 მლნ ტ ნავთობის გატარება)

ყაზახური ნავთობის მიწოდებისათვის ევროპის ბაზარზე, პერსპექტიული პროექტებიდან აღსანიშნავია ევრო-აზიის ნავთობის სატრანზიტო კორიდორის (EAOTC) პროექტი, რომელიც ძირითადად მოიცავს არსებული ნავთობსადენების ინფრასტრუქტურას და დამატებით უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე (ბროდი-ადამოვოს მონაკვეთი) 397 კმ-ია დამაკავშირებელი მილსადენის მშენებლობას. არსებული ინფრასტრუქტურის საშუალებით, პროექტის განვითარების პირველ ეტაპზე, შესაძლებელია ყოველწიურად 10 მლნ ტონამდე ნავთობის მიწოდება ევროპის (უკრაინის ჩათვლით) ბაზარზე. მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია აზერბაიჯანი საქრთველოს მონაკვეთზე ახალი, დაახლოებით 830 კმ-იანი სიგრძის ნავთობსადენის მშენებლობა ან რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდა.

EAOTC – ის პროექტის ოპერატორია MPR ,, სარმატია“ Sp. Z.o.o. რომლის აქციონერებიც არიან ,,სოკარი (აზერბაიჯანი) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სს ,,უკრტრანსნაფტა“ (უკრაინა), PERN S.A. (პოლონეთი) და AB ,,კლაიპედოს ნაფტა“ (ლიეტუვა).14

2020 წელს, როდესაც ბელორუსიაში შეიქმნა პრობლემა რუსეთიდან ნავთობის მოწოდებასთან დაკავშირებით, სამხრეთ-კავკასიური დერეფანი იყო ნედლეულის მიწოდების ერთერთი წყარო, რომელიც ბელორუსიის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებს ამარაგდებდა საქრთველოს პორტებიდან, უკრაინის მაგისტრალური ნავთობსადენების ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კასპიის ზღვის ტერიტორიულ წყლებში მოპოვებული ნედლი ნავთობით. ცხრილში მოცემულია ბელორუსიაში ენერგეტიკული კრიზისის დროს ევრო-აზიის ნავთობის სატრანზიტო დერეფნის სამხრეთ-კავკასიურ, უკრაინაზე გამავალი სექციების გამოყენებით მიწოდებული ნედლი ნავთობის მოცულობები.

ევრო-აზიის ნავთობის სატრანზიტო დერეფანს (EAOTC) არასებული ნავთობსადენების სისტემით, შეუძლია კრიზისულ სიტუაციებში, დამატებითი მოცულობების მიწოდება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. როგორც ბელორუსიის კრიზისმა გამოააშკარავა, მიწოდების ალტერნატიული წყაროს არსებობა მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების გრძელვადიანი პერსპექტივა საქართველოს ენერგეტიკულ დერეფანში

გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი მოცულობის ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისათვის მიზანმიმართულად უნდა შეიქმნას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სამხრეთ-კავკასიური მარშრუტისათვის (ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ნავთობსადენისათვის).

ამ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა დიდი მოცულობის ინვესტიციები, რომელიც ითვალისწინებს:

ყაზახეთში

  • ესკენე-კიურიკის ნავთობსადენის მშენებლობას, კაშაგანის საბადოზე მოპოვებული ნავთობის მისაწოდებლად 750 კმ სიგრძის და 23 მლნ ტ/წ გამტარუნარიანობის მილსადენით ესკენედან კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს პორტ კიურუკამდე. პროექტის რეალიზაციის შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა 35 მლნ ტ/წ-მდე;
  • აქტაუს და კიურიკის ნავთობტერმინალების გამტარუნარიანობის გაზრდას;
  • ატურაუდან კიურიკის პორტამდე სარკინიგზო დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას;
  • კასპიის ზღვაზე დიდი მოცულობის ნავთობზიდი ტანკერების ფლოტის ჩამოყალიბებას.

აზერბაიჯანში

  • ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის სასურველია გაფორმდეს გრძელვადიანი (მინიმუმ 10 წლიანი) ხელშეკრულება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენით, ყოველწლიურად გარანტირებული მოცულობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.

საქართველოში

  • EAOTC-ის პროექტის ფარგლებში საქართველო და აზერბაიჯანის სარკინიგზო მონაკვეთზე ინვესტიციების განხორციელება თხევადი ტვირთის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით.
  • სამხრეთ-კავკასიურ დერეფანში არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლობების გარდა, საჭიროა ყველა დაინტერესებული მხარისათვის კომერციულად მისაღები სატარიფო პოლიტიკის შემუშავება.

 

ანალიზის სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს:

https://drive.google.com/file/d/1UjtjwNmiTuUxYGMMiQvyJi5A_hhRpo0f/view?fbclid=IwAR0dHjkH0LKRO9OseMJbFq_eiS2Qgj1__U3jkQ0KH-kn8qBcCfiGakk_weI

Leave a Reply