ახალი ბირთვული შეთანხმება: რა ხდება ირანის გარშემო?

ირანთან ბირთვული შეთანხმება (ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა) პირველად 2015 წელს გაფორმდა. აშშ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივ წევრებთან ერთად, ირანს მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ მძიმე ეკონომიკური სანქციების მოხსნას დაჰპირდა. შეთანხმების საფუძველზე, ირანმა შეამცირა ბირთვული წარმოება, გადააკეთა საწარმოები და გაეროს სადამკვირვებლო მისიას რეგულარული მონიტორინგის უფლება მისცა. სანაცვლოდ, სანქციების შემსუბუქებამ ირანს დამატებით ათობით მილიარდი დოლარის ნავთობშემოსავლები და, ასევე, დასავლური ქვეყნების მიერ გაყინულ აქტივებზე წვდომა დაუბრუნა.

2018 წელს ტრამპმა აშშ შეთანხმებიდან გამოიყვანა და ირანს კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესა. საპასუხოდ, შემდეგ წლებში ირანმა თავისი ბირთვული წარმოება მკვეთრად გაზარდა, ხოლო  გაეროს სადამკვირვებლო მისიას ირანის ბირთვულ საწარმოებზე წვდომა შეეზღუდა. ირანთან შეთანხმების განახლება ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. ახალი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კი 2021 წლის პირველივე თვეებში დაიწყო, როცა პანდემიით დასუსტებულ ირანის ეკონომიკას სანქციების წნეხის შემსუბუქება ძალიან სჭირდებოდა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის წარუმატებლობის მიუხედავად, 2022 წლის აგვისტოში შეთანხმების განახლების რეალური ნიშნები გაჩნდა. აგვისტოს დასაწყისში ვაშინგტონმაც და თეირანმაც განაცხადეს, რომ შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ. 8 აგვისტოს ევროკავშირმა, როგორც მედიატორმა, მხარეებს შეთანხმების „საბოლოო“ ვერსია გაუგზავნა. 15 აგვისტოს ირანმა დოკუმენტი ევროკავშირს „გონივრული“ შესწორებებით დაუბრუნა, ხოლო ვაშინგტონმა ირანის კომენტარების გასათვალისწინებლად მუშაობა დაიწყო. მიუხედავად ამისა, 31 აგვისტოს მდგომარეობით, რამდენიმე პრინციპული საკითხი კვლავ გადასაწყვეტი რჩება.

მოლაპარაკების პროცესში ირანმა უარი თქვა მის ერთ-ერთ პირველ მოთხოვნაზე – აშშ-ის მიერ ისლამური რევოლუციური დაცვისთვის (IRGC) „ტერორისტული ორგანიზაციის“ სტატუსის მოხსნაზე, რასაც ბაიდენმა „წითელი ხაზი“ უწოდა. შეთანხმებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი წყალგამყოფი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიმდინარე გამოძიებებია, რომელიც ირანის ტერიტორიაზე 2004 წლამდე აღმოჩენილი არადეკლარირებული ბირთვული საწვავის ნარჩენების წარმომავლობას ეხება.

29 აგვისტოს ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაიზიმ განაცხადა, რომ ამ გამოძიებების შეწყვეტამდე შეთანხმებაზე საუბარი შეუძლებელია. როგორც ექსპერტები განმარტავენ, გამოძიებების შეწყვეტით ირანს წარსულში ჩატარებული, სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების ბირთვული კვლევების კვალის დაფარვა სურს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გამოძიებები შეთანხმების ნაწილს არ წარმოადგენს და აშშ-ისგან დამოუკიდებელია, ირანი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მათ შესაწყვეტად იყენებს.

ამასთანავე, ირანის კიდევ ერთი მოთხოვნა აშშ-ისგან მყარი გარანტიების მიღებაა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცვლილებები ახალი შეთანხმების კიდევ ერთხელ შეწყვეტას აღარ გამოიწვევს. გარანტიების აუცილებლობის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა 31 აგვისტოს მოსკოვში ვიზიტისას ისაუბრა. თუმცა, თეთრი სახლი აცხადებს, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით „პრაგმატულ ოპტიმიზმს“ ინარჩუნებენ და ცდილობენ, ყველა ის „ხვრელი“ შეავსონ, რომელსაც ამჟამად ხედავენ.

განახლების შემთხვევაში, შეთანხმება თეირანის ბირთვულ შესაძლებლობებს დროებით შეზღუდავს და ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ ქცევას, სულ მცირე, რამდენიმე წლით გადაავადებს. სანაცვლოდ, ირანი შეძლებს ყოველდღიურად 1 მილიონი ბარელით მეტი ნავთობი გაყიდოს. ეს არა მარტო ირანისთვის, არამედ დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინაში ომის ფონზე ირანული ნავთობი რუსულს ჩაანაცვლებს და ბაზარზე ნავთობის ფასს მკვეთრად დასწევს. ამ კუთხით, შეთანხმების მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვისაა, რომელიც მომავალი წლიდან სრულად ამბობს უარს რუსულ ნავთობპროდუქტებზე.

შეთანხმების კრიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ ირანი კვლავ გააგრძელებს მილიტარიზაციას, თუნდაც, გარკვეული დროით ბირთვული კვლევები შეწყვიტოს. შეთანხმების განახლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ირანის ნდობის საფუძველი არ არსებობს და არავინ იცის, სანქციების შემსუბუქების მიუხედავად, შეასრულებს თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს.

შეთანხმებისადმი განსაკუთრებით სკეპტიკურადაა განწყობილი რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირე ისრაელი. როგორც 24 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, სანქციების მოხსნა ირანს ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარზე წვდომას მისცემს. ეს ფული კი „სკოლებსა და საავადმყოფოებს კი არა, არამედ რეგიონის დესტაბილიზაციას და ტერორიზმის გაძლიერებას მოხმარდება“. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანი ბირთვული სახელმწიფო გახდეს და „აგრესიულმა ისლამისტურმა რეჟიმმა რეგიონში ბირთვული საფრთხე შექმნას“.

წყარო: businessfeed.ge

Leave a Reply