ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

რუსეთის მარშრუტით ყაზახური ნავთობის მიწოდება შესაძლოა, 4-ჯერ შემცირდეს – როდის გაფორმდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე საბოლოო კონტრაქტი

კასპიის მილსადენის კონსორციუმით (CPC) ყაზახური ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზარზე შესაძლოა, 15 მილიონ ტონამდე შემცირდეს. ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, CPC-ის რუსულმა ოპერატორმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ყაზახური ნავთობექსპორტის მთავარ მარშრუტზე მიწოდება ისევ შემცირდა, რის მიზეზადაც კონსორციუმმა ნოვოროსიისკში ნავთობის ორი ნავმისადგომის დაზიანება დაასახელა. კონსორციუმი სულ ჩატვირთვის სამ მოწყობილობას იყენებს, რომლიდანაც ორი ერთეულის კორპუსზე მყვინთავებმა აგვისტოში ბზარები აღმოაჩინეს. ამჟამად ჩატვირთვის ოპერაციები მხოლოდ მესამე დისტანციური დასამაგრებელი მოწყობილობით მიმდინარეობს.

„კომერსანტის“ ცნობით, კონტრაქტორის შერჩევისთვის აუცილებელი პროცედურებისა და მოახლოეული შტორმის სეზონის გათვალისწინებით, აღდგენითი სამუშაოები შესაძლოა, გაზაფხულამდე გადაიდოს. ამ შემთხვევაში, „კომერსანტის“ მონაცემებით, CPC-ით მიწოდება შესაძლოა, წლიური თვალსაზრისით, მინიმუმ, 50%-ით, 28-30 მლნ ტონამდე შემცირდეს. ასეთ პროგნოზს რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის ექსპერტი, იგორ იუშკოვიც ადასტურებს. მან „კომერსანტს“ განუცხადა, რომ ნორმალურ რეჟიმში, როგორც წესი, ჩატვირთვის ორი მოწყობილობა მუშაობს, მესამე კი მათ საჭიროების შემთხვევაში უერთდება. აქედან გამომდინარე, 2022 წლისთვის 67 მილიონ ტონამდე ჩატვირთვის მიწოდების გეგმის გათვალისწინებით, ორი დასამაგრებელი მოწყობილობის გამორთვა, მიწოდებას, წლიური თვალსაზრისით, დაახლოებით, 30 მილიონ ტონამდე შეამცირებს. შესაბამისად, თუ რემონტი ექვსთვიანი დაგვიანებით ჩატარდა, მარტისთვის ნავთობის ჩატვირთვა მხოლოდ 15 მილიონ ტონას შეადგენს.

თავად კონსორციუმი რემონტის ვადებს არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ დასამაგრებელი ჩასატვირთი მოწობილობების ჩანაცვლება რეზერვში არსებული ერთეულებით მოხდება. თუმცა ამ ოპერაციის შესასრულებლად ორგანიზაციების წინასწარი საკვალიფიკაციო შერჩევა არის საჭირო. „კომერსანტის“ წყარო, რომელიც სიტუაციას იცნობს, აცხადებს, რომ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რემონტი, დიდი ალბათობით, გაზაფხულამდე გადაიდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანია კონტრაქტორის შერჩევას მოახერხებს და მასთან ხელშეკრულებას ოქტომბრამდე გააფორმებს, დაიწყება შტორმის სეზონი, რომლის დროსაც სამუშაოს შესრულება შეუძლებელი გახდება.

„კომერსანტი“ წერს, რომ ალტერნატიული მარშრუტი გულისხმობს ყაზახური ნავთობის ტანკერებით მიწოდებას კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, შემდეგ კი მის ექსპორტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით. თუმცა, გამოცემის შეფასებით, თავისუფალი სიმძლავრეები ამ მიმართულებით წელიწადში 5 მილიონ ტონას არ აღემატება. ამასთან, იგორ იუშკოვი მიიჩნევს, რომ თუ რემონტი სექტემბერში დასრულდება, მაშინ ყაზახეთისთვის ახალი საექსპორტო მარშრუტების ძიებას აზრი ეკარგება.

თუმცა გამოცემა ხაზგასმით შენიშნავს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ყაზახური მხარე ალტერნატიული მარშუტს მაინც ავითარებს. ამის მაგალითად „კომერსანტს“ 16 აგვისტოს „ყაზმუნაიგაზის“ გამგეობის თავმჯდომარის, მაგზუმ მირზაგალიევის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის პრეზიდენტ როვშან ნაჯაფთან შეხვედრა მოჰყავს. ბაქოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კომპანიებს შორის ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურის განვითარებაში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს, რის შემდეგაც მირზაგალიევი საქართველოშიც ჩავიდა და ბათუმის ნავთობტერმინალის, ასევე, ბათუმის საზღვაო პორტის მუშაობას გაეცნო.

ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ „ყაზმუნაიგაზი“ SOCAR-თან მოლაპარაკებებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით წელიწადში 1.5 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის გაყიდვაზე აწარმოებს. Reuters-ის ცნობით, საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება, ხოლო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გატარება ერთი თვის შემდეგ დაიწყება. სააგენტოს მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის არსებულ ნაკადთან ერთად, მოცულობა დღეში 100 000 ბარელს, ანუ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნაკადის 8%-ს გადააჭარბებს. ამასთან, წელიწადში კიდევ 3.5 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი შესაძლოა, 2023 წელს აზერბაიჯანული მილსადენით საქართველოს შავი ზღვის სუფსის პორტამდე დაიწყოს.

რუსული Forbes წერს, რომ მიმდინარე ზაფხულს CPC-ის მუშაობას პრობლემა უკვე მეორედ შეექმნა და ორივეჯერ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის რუსეთში ვიზიტის შემდეგ გაჩნდა, რომელმაც ივნისში პუტინს პირისპირ განუცხადა, რომ რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები „კვაზისახელმწიფოებრივი ტერიტორიებია“ და ყაზახეთი მათ არასდროს აღიარებდა. გამოცემა იხსენებს, რომ ივლისში ტოკაევმა მთავრობას რუსეთის გვერდის ავლით ნავთობმიწოდების ახალი, მათ შორის საზღვაო გზების მოძიება დაავალა. ამასთან, ტოკაევმა მთავრობას ატირაუ-კენკიაკის და კენკიაკ-კუმკოლის ნავთობსადენების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის ზომების მიღება დაავალა.

„ყაზახეთის პრეზიდენტმა პრიორიტეტად ტრანსკასპიური მარშრუტი დაასახელა, რომელიც ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით გადის,“ – წერს Forbes.

CPC ყაზახეთის ნავთობის მთავარი საექსპორტო მარშრუტია. კასპიის მილსადენის კონსორციუმით გამავალი ნავთობის 80% ყაზახურია. მიმდინარე წლის ჩასატუმბი გეგმა 67 მილიონ ტონას შეადგენს. მოცულობის ძირითადი ნაწილი „თენგიზის“ გიგანტური საბადოს ოპერატორს, Tengizchevroil-ს ეკუთვნის, რომელის ყველაზე დიდი წილის მფლოებელი ამერიკული Chevron-ია. თავად CPC-ის აქციონერები არიან რუსეთი (31%-ით), ყაზახეთი (20,75%-ით), Chevron (15%-ით), LUKARCO B.V. (12,5%-ით), Mobil Caspian Pipeline Company და Rosneft-Shell Caspian Ventures (თითოეული 7,5%-ით), ასევე, BG Overseas Holding და Eni International (თითოეული 2%-ით) და Oryx Caspian Pipeline LLC (1,75%-ით).

წყარო: bpn.ge

Leave a Reply