საქართველოს ბენზინგასამართი სადგურების ერთ-ერთი მსხვილი ქსელი, “რომპეტროლი”, კონკურენციის სააგენტოს კვლევის შედეგად გაჩენილ კითხვებს რადიო თავისუფლებასთან პასუხობს. სააგენტოს ბოლო კვლევის მიხედვით, ეს ის კომპანიაა, რომელიც რუმინეთიდან საქართველოში შემოტანილ იაფად ნაყიდ საწვავს კონკურენტებზე დაბალ ფასად ყიდის, საკუთარ ქსელში, ბენზინგასამართ სადგურებში კი ძვირად შეძენილი საწვავი გააქვს გასაყიდად.
კომპანია აცხადებს, რომ საცალო ბაზარზე თავის კონკურენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა აკავშირებს – ისინი საწვავს წინასწარი შეკვეთით ყიდულობენ იმ დროისთვის არსებული ფასით.
“საწვავის ყოველ ახალ შემოსულ პარტიას აქვს განსხვავებული თვითღირებულება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მაღალი, ასევე დაბალი. შესაბამისად, საცალო რეალიზაციისთვის განკუთვნილი საწვავის თვითღირებულება შესაძლოა, განსხვავდებოდეს საბითუმო ვაჭრობისთვის შესყიდული საწვავის თვითღირებულებისგან”, – აცხადებენ “რომპეტროლში”.
კომპანიაში არ პასუხობენ კითხვას, აქვთ თუ არა ბენზინგასამართ სადგურებში მათ მიერვე შემოტანილ საწვავზე კონკურენტებთან შედარებით უფრო დაბალი ფასი.
“კომპანია მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება საწვავის ფასების ზრდას მომხმარებლების განწყობიდან გამომდინარე და სწორედ ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ საწვავის სარეალიზაციო ფასი რუმინეთში უფრო მაღალია, ვიდრე რუმინული საწვავის სარეალიზაციო ფასი საქართველოში”.
იმის მიუხედავად, რომ კონკურენციის სააგენტოს ბოლო კვლევამ კონკურენტ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასთან დაკავშირებით შესაძლო შეთანხმების არსებობაზე გააჩინა ეჭვი, “რომპეტროლში” ამას გამორიცხავენ.
“ჩვენ მკაცრად ვიცავთ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას, ვართ ბაზრის ინდივიდუალური მონაწილეები და თავად განვსაზღვრავთ ჩვენს კომერციულ და საფასო პოლიტიკას”, – ამბობენ კომპანიაში.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 2022 წლის შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში შემოტანილი საწვავისა და ბენზინგასამართ სადგურებზე რეალიზაციის ფასები შეისწავლა და დაადგინა, რომ ფასზე არ აისახება არაერთი განმასხვავებელი ფაქტორი. კვლევა, რომელიც 17 აგვისტოს გამოქვეყნდა, აჩვენებს იმ მიგნებებს, რომლებითაც კონკურენტი ბენზინგასამართი სადგურები და დისტრიბუტორები მუშაობენ.
წყარო: radiotavisupleba.ge