ყველა კრიპტოს წინააღმდეგ

ნებისმიერ ახალ ფინანსურ შესაძლებლობასა თუ ინსტრუმენტებს ყოველთვის ჰყავს კრიტიკოსი. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ პესიმისტურადაა განწყობილი, ზოგიერთი კი ლოგიკურ არგუმენტებსაც იშველიებს. გამონაკლისი არც კრიპტოა. მას შემდეგ, რაც კრიპტოსამყარო პოპულარული გახდა, განსაკუთრებით კი ბიტკოინის ფასის $20 000-მდე ავარდნისას, კრიტიკა იმატებს და იმატებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასი მანამდე უფრო დიდი პროცენტულობით იზრდებოდა (2013 წელს 13$-დან 1 100$-მდე, 6600%-ით), 2017 წელს ბიტკოინი და ზოგადად კრიპტოსამყარო საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი გახდა. მანამდე თუ ბიტკოინი იყო უბრალოდ არარსებული ვალუტა, რომლის გადარიცხვაც შეიძლებოდა, დროთა განმავლობაში ის იქცა ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სავაჭრო ინსტრუმენტად, რომელმაც ზოგიერთ ნაწილში გადარიცხვის, ვაჭრობისა და ინვესტირების სტანდარტული მეთოდები ჩაანაცვლა. მედიასაშუალებები, ინვესტორები, პოლიტიკოსებიც კი კრიპტოზე საუბრობდნენ და სწორედ ამ დროს დაიწყო კრიტიკის უფრო დიდი ტალღაც. კრიპტოვალუტების ფასის ყოველ ზრდაზე კრიტიკის ახალი ეტაპი იწყებოდა და განსაკუთრებით ძლიერდებოდა, როცა ბირჟაზე კრიპტოს ფასები უეცრად ეცემოდა. გამონაკლისი არც უკანასკნელი პერიოდის ვარდნაა.

უმეტესობა მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ან ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტა ფინანსური „პირამიდაა“, საიდანაც მხოლოდ ერთეულები იღებენ სარგებელს, ხოლო მოთამაშეების ძირითადი ნაწილი ზარალდება. სწორედ ამიტომ იყვნენ სკეპტიკურად განწყობილნი. თუმცა, გამოცდილი ინვესტორები მსჯელობას უფრო ლოგიკურ არგუმენტებზე აფუძნებენ. ცნობილი ინვესტორი უორენ ბაფეტი და უდიდესი ტექკომპანიის მფლობელი ბილ გეითსი საკუთარ კრიტიკას მსგავსი არგუმენტით ამყარებენ: კრიპტო არ ეფუძნება არანაირ მატერიალურ ღირებულებას, მას არაფერი ამყარებს, ეფუძნება მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებისა და განწყობების თეორიებს და, რაც მთავარია, არ აწარმოებს არაფერს, საბოლოო პროდუქტი არ აქვს. უორენ ბაფეტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კრიპტობირჟებზე ფასების ცვლილებითა და კრიპტოებში ინვესტიციებით ბევრი ნახავს სარგებელს, საბოლოო ჯამში, არაფერზე დაფუძნებული სავაჭრო ობიექტები აზრს დაკარგავენ. ეკონომიკას ქმნის შედეგი, პროდუქტი, ხოლო უბრალოდ გაცვლა-გამოცვლის ობიექტები, ადრე თუ გვიან, კვდებიან. ბილ გეითსიც იმავე პოზიციას იზიარებს და ყველაზე უსაფრთხო საინვესტიციო მიდგომად მიაჩნია ტრადიციული ინვესტიციები – აქციები და სხვა. კომპანიის აქციები ან ნებისმიერი სხვა ტრადიციული საინვესტიციო ობიექტები რეალური პროდუქტებია და მატერიალურ ღირებულებებს ეფუძნება.

მეორე არგუმენტი დამყარებულია კრიპტოვალუტების ფასების სწრაფ ცვლილებებზე, რომელიც ნაკლები რეგულაციებითაა გამოწვეული. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის – კრისტინ ლაგარდის განცხადებით, მნიშვნელოვანია მცირე ინვესტორების დაცვა ეროვნული რეგულაციებით, რომელიც კრიპტოვალუტებს შეეხება. ეს იმთავითვე ეწინააღმდეგება კრიპტოვალუტის საფუძველს (დეცენტრალიზებული და არარეგულირებული სავაჭრო ვალუტა). პრეზიდენტის არგუმენტიც იმას ემყარება, რომ კრიპტოები არ ეფუძნება არანაირ მატერიალურ ღირებულებას, აბსტრაქტული სავაჭრო ობიექტებია და ზედმეტად მოწყვლადია.

აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ბიტკოინს და ზოგადად კრიპტოვალუტას განიხილავდა და განიხილავს, როგორც დოლარის დომინაციისთვის საფრთხის შემცველს, რადგანაც ინვესტორებს არ უყვართ რეგულაციები და მათ სწორედ კრიპტოებით აარიდებენ თავს.

იმავე ნარატივს აფუძნებს თავის მოსაზრებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინიც, რომელსაც კრიპტოვალუტა მიაჩნია სახელმწიფოსადმი ფინანსური ვალდებულებების თავის არიდების მექანიზმად და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველად.

მიუხედავად მრავალი კრიტიკისა, რომელთაგან ზოგიერთი ლოგიკურ და რეალურ არგუმენტებს ეფუძნება, კრიპტოსამყარო აგრძელებს განვითარებას. მართალია, უკანასკნელ პერიოდში მას კიდევ ერთი ვარდნა ჰქონდა, თუმცა, ტრადიციულ საინვესტიციო ობიექტებსაც განუცდიათ კრახი, მაგრამ დღესაც განაგრძობენ არსებობას. კრიპტოვალუტით ვაჭრობა ნამდვილად რისკის შემცველია და ის ფაქტიც, რომ ის მოთხოვნა-მიწოდებისა და განწყობების გარდა არაფერს ეფუძნება, ჭეშმარიტია. თუმცა, არსებობს ე.წ. Stablecoin-ები, რომელსაც ზურგს სხვადასხვა ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტი უმაგრებს.

არგუმენტების, რისკებისა და ბოლო პერიოდის ვარდნის მიუხედავად, მსოფლიო მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია ჩართული კრიპტოსამყაროში.

წყარო: businessfeed.ge

Leave a Reply