ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

ევროპა აზერბაიჯანს გაზის მოცულობის გაზრდას სთხოვს, მაგრამ ახლო მომავალში ბაქო ამას ვერ მოახერხებს

7-8 წლის შემდეგ შეიძლება სიმძლავრის გაორმაგება, მანამდე კი ევროპას მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერის მოსმენა მოუწევს.

2030 წლისთვის აზერბაიჯანი ევროპას დაახლოებით 27 მილიარდი კუბ/მ გაზით მოამარაგებს. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 10-11 მილიარდ კუბ/მ-ს შეადგენს, რაც ევროპის ჯამური მოხმარების 3%-ია. როგორც სპეციალსიტები აღნიშნავენ, აზერბაიჯანული გაზი ევროპისთვის მინიმალურ დონეზეც არ არის საკმარისი, მაგრამ მცირე შეღავათს კონტინენტს მაინც მისცემს. როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდასთან დაკავშირებით მიმართეს.

,,რეზონანსი“ დაინტერესდა  რა რეალური შესაძლებლობა აქვს აზერბაიჯანს, ნაწილობრივ მაინც მიაწოდოს შეუვსოს ევროპას გაზის დეფიციტი და მოახერხებს თუ არა თავისი ინფრასტრუქტურის იმ დონეზე მოდერნიზებას, რომ ევროპამ ამით ცოტათი მაინც იგრძნოს შვება?

ამის პოტენციალი აზერბაიჯანს მეტ-ნაკლებად აქვს. კერძოდ, როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნავს, მომდევნო 7-8 წელიწადში აზერბაიჯანს შეუძლია, რომ  დაახლოებით 27 მილიარდი კუბ/მ გაატაროს ტრანსკასპიური გაზსადენის  მეშვეობით, თუმცა გარკვეული მოდერნიზება დასჭირდება. არსებული ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზე მაქსიმუმ 20 მილიარდი კუბ/მ გაზის გატარების საშუალებას იძლევა.

,, 2030 წლისთვის  აზერბაიჯანს შეუძლია, რომ  დაახლოებით 27 მილიარდი კუბ/მ გაზი გაატაროს ტაპ-ის მეშვეობით, ტანაპს ამ მხრივ გაცილებით ნაკლები რესურსი აქვს.  ცხადია, ამას სჭირდება დრო, დაახლოებით 8 წელიწადში 12-დან 17 მილიარდ კუბ/მ- შეძლებს წარმოების გაზრდას, 3 საკომპრესორო დანადგარი დამონტაჟდა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე. თუკი თურქმენეთი ჩაებმევა ამ ხაზს და ყაზახეთის ნაწილიც, მაშინ უფრო დიდი მასშტაბები გამოიკვეთება. დაახლოებით,  როგორც რუსეთს აქვს გაკეთებული ,,ჩრდილოეთი-1“ და ,,ჩრდილოეთი-2“-ის ნაკადები, ამ სტილის სამუშაოების წამოწყება შესაძლებელია. ცხადია, თუკი თურქმენეთი და ყაზახეთი ინებებენ ჩვენი ტერიტორიიდან გაზის გატარებას. არსებული მილსადენით უკვე შეუძლია, რომ 20 მილიარდ კუბ/მ გაზი გაატაროს“, – განუცხადა,,რეზონანსს“ არაბიძემ.

რუსეთიდან ევროპა  ყოველწლიურად 300-350 მილიარდ კუბ/მ გაზს იღებდა. ამის ფონზე აზერბაიჯანის შესაძლებლობები ზღვაში წვეთია, მაგრამ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისთვის, რომ ევროპამ შეღავათი იგრძნოს.

,,ის, რომ ევროპა აზერბაიჯანზე გახდება დამოკიდებული, ეს წარმოუდგენელია. ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, მაგრამ მცირე შეღავათს მიიღებენ. მაგალითისთვის, ბულგართს 3 მილიარდი კუბ/მ გაზი აქვს დანაკლისი, აქედან  1,5 მილიარდი კუბ/მ რომ მიიღოს აზერბაიჯანიდან, უკვე წელში გაიმართება.

ჩვენი მეზობელი ევროპის ბაზარზე რადიკალურად ვერ შეცვლის სიტუაციას, მაგრამ კრიზისს ცოტათი შეარბილებს. ამ ეტაპზე მას შეუძლია ევროპის ჯამური მოხმარების 3% დააკმაყოფილოს, რაც იტალიისთვის 45%, ხოლო ბულგარეთის შემთხვევაში 50%-ის დონეზეა“, – აღნიშნა გია არაბიძემ.

რაც შეეხება სარგებელს საქართველოსთის, ეს გატარებული გაზის დამატებით 5%-ია. რაც მეტს გაატარებს მილსადენი, მეტი სარგებელი დარჩება ქვეყანას.  ეს არის ე.წ. სოციალური გაზი, რომელიც ხმარდება მოსახლეობას და თბოელექტროსადგურებში ელექტროენერგიის გამომუშავებას. ამითაა განპირობებული, რომ გაზისა და დენის ტარიფი რეგიონში ყველაზე ნაკლები საქართველოშია.

,,ტრანზიტიდან მიღებული სარგებელი ტარიფის კორექტირებას ხელს ვერ შეუწყობს, ვინაიდან თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგია ძალიან ძვირია. თუმცა იმპორტის ნაკლები საჭიროება იქნება და ექსპორტზე გატანასაც შევძლებთ. ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, ძალიან კარგი შესაძლებლობა ექმნება საქართველოსაც“, – დასძინა არაბიძემ ,,რეზონანსთან“.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს მეცხრე გლობალურ ფორმუზე – „გლობალური წყობილების საფრთხეები“ – სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო თვების განმავლობაში მიიღეს თხოვნა რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ვფც არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ გაზი მოპოვება. ამ დროისთვის ევროკავშირთან სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში ენერგორესურსების მოთხოვნაზე სიტუაციის ძირეული ცვლილება აზერბაიჯანის ენერგორესურსების მიმართ ინტერესს ზრდის.

აზერბაიჯანმა 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო გაზის მიწოდება ევროპის კონტინენტისთვის გაზსადენ „ტაპ“-ის მეშვეობით, რომელიც გახლავთ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შემადგენელი ნაწილი. კონქრაქტი გათვლილია 25 წელზე და ითვალისწინებს წლიურად 10 მლრდ კუბ/მ ბუნებრივი აირის ევროპის ბაზრისთვის მიწოდებას, საიდანაც 8 მლრდ მოდის იტალიაზე, 1 მლრდ საბერძნეთზე და 1 მლრდ ბულგარეთზე. 878 კმ-იანი „ტაპ“-ის გამტარუნარიანობა შეადგენს 10 მლრდ კუბ/მ-ს წლიურად. იგემება ამ მაჩვენებლის გაორმაგება.

ბუნებრივი აირის მარაგების საერთო მოცულობით აზერბაიჯანი მსოფლიოში 25-ე ადგილზეა და გლობალური რეზერვის 0.5%-ს ფლობს. წარმოების წლიური მაჩვენებლით კი ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 31-ე ადგილს იკავებს.

რუსეთის ფედერაცია ბუნებრივი აირის მარაგების მოცულობით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა, წარმოების მაჩვენებლით კი – მეორეზე. რუსეთი გლობალური რეზერვების 24.3%-ს აკონტროლებს.

ევროკავშირის მიერ ყოველწლიურად იმპორტირებული გაზის საერთო მოცულობის 45% სწორედ რუსეთიდან შედის.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply