მოსკოვისთვის დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური შედეგები გამოიწვია, თუმცა ამ შეზღუდვებმა ომის შეჩერება ჯერჯერობით ვერ შეძლო. რუსული აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან იყო ლაპარაკი, რომ შეჩერების ერთადერთი გზა ენერგეტიკულ რესურსებზე ემბარგოს დაწესება იქნებოდა, რადგან სწორედ მათი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალია მოსკოვისთვის ომის დაფინანსების მთავარი წყარო. სამხედრო აგრესიის გაგრძელებასთან ერთად სულ უფრო გააქტიურდა რუსეთის მთავარ ფინანსურ წყაროზე დარტყმაზე მსჯელობა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია, თუ რა ფორმით უნდა ყოფილიყო შეზღუდვები. ნავთობზე ემბარგოს მოწინააღმდეგე ქვეყანა იყო უნგრეთი, თუმცა საბოლოოდ მოხერხდა შეთანხმება და მიმდინარე წლის 31 მაისს ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების მე-6 პაკეტის შესახებ აცნობეს საზოგადოებას. აღნიშნული შეზღუდვები მოიცავს რუსულ ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს, უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტის – Sber-ბანკის გათიშვას SWIFT-ის გლობალური ფინანსური სისტემიდან, რომელსაც ბაზრის 37%-იანი წილი უჭირავს, სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის მოხსნას ევროკავშირის სატელევიზიო სივრციდან და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პირების ინდივიდუალურ სანქცირებას, რომელთაც ბრალი მიუძღვით ომის დანაშაულში. ეჭვგარეშეა, რომ სანქციების ამ პაკეტში ყველაზე საგულისხმო რუსული ნედლი ნავთობის ნაწილობრივი ემბარგოა, რომელსაც ევროგაერთიანების ლიდერები უდიდეს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. საინტერესოა, უფრო კონკრეტულად რას ითვალისწინებს ამ პაკეტის ენერგეტიკული კომპონენტი და რა გავლენა ექნება რუსული აგრესიის მიმდინარეობაზე.
სანქციების წინა, მე-5 პაკეტში ევროპამ რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი აკრძალა, რომელიც მისი ჯამური იმპორტის 19%-ს შეადგენს და თანხობრივად 8 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. შეზღუდვების მე-6 რაუნდი კი ნედლ ნავთობს შეეხო, თუმცა ამ დრომდე ვერ ახერხებს ევროპა რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმას. მის მიერ იმპორტირებული გაზის დაახლოებით 40% რუსეთიდან მოდის. ენერგეტიკული რესურსების შემოსავლებიდან მოსკოვის უმთავრესი წყარო მაინც ბუნებრივი აირია, რომლის ექსპორტის სანაცვლოდაც, მხოლოდ ევროპიდან ყოველთვიურად 18-20 მილიარდ აშშ დოლარს იღებს. იმ ფონზე, როდესაც გლობალურად ბუნებრივი აირის ფასი 60%-ით არის გაზრდილი, მისთვის ეს დამატებით შემოსავალს ნიშნავს და წლიურ 350 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ამ რესურსით იგი ახერხებს შექმნას იმიტაცია, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩვეულ რეჟიმში მოქმედებს და თან მეზობელ ქვეყანაში აგრესიული ომი აწარმოოს.
ფაქტია, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს ამ ბუნებრივი რესურსით მანიპულირებას და მიწოდებას უწყვეტს მათ, ვინც მის მოთხოვნილ საფასურს რუბლში არ იხდის. ფინეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის შემდეგ ასეთი ქვეყანა ნიდერლანდები აღმოჩნდა, რომელსაც მიმდინარე წლის 30 მაისს გაზმომარაგება შეუჩერა. ევროგაერთიანებაში ჯერჯერობით ბუნებრივი აირის აკრძალვაზე აქტიური დისკუსია არ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ევროპის რამდენიმე ქვეყანას გაზის შეფერხებასთან მძიმე ისტორიული მეხსიერება აკავშირებს, რამაც მაშინ ამ სახელმწიფოებს საკმაოდ მძიმე შედეგები მოუტანა. თუმცა, მხედველობაში უნდა მივიღოთ დღევანდელი მძიმე მოცემულობა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება. იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობის ემბარგოს შესახებ გადაწყვეტილებას მსჯელობის დაწყებიდან ერთი თვე დასჭირდა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ამ კუთხით რამე ახალ გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ.
წყარო: gfsis.org.ge