ემბარგო რუსულ ნავთობზე – ომის შეჩერების მოლოდინში?

მოსკოვისთვის დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური შედეგები გამოიწვია, თუმცა ამ შეზღუდვებმა ომის შეჩერება ჯერჯერობით ვერ შეძლო. რუსული აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან იყო ლაპარაკი, რომ შეჩერების ერთადერთი გზა ენერგეტიკულ რესურსებზე ემბარგოს დაწესება იქნებოდა, რადგან სწორედ მათი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალია მოსკოვისთვის ომის დაფინანსების მთავარი წყარო. სამხედრო აგრესიის გაგრძელებასთან ერთად სულ უფრო გააქტიურდა რუსეთის მთავარ ფინანსურ წყაროზე დარტყმაზე მსჯელობა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია, თუ რა ფორმით უნდა ყოფილიყო შეზღუდვები. ნავთობზე ემბარგოს მოწინააღმდეგე ქვეყანა იყო უნგრეთი, თუმცა საბოლოოდ მოხერხდა შეთანხმება და მიმდინარე წლის 31 მაისს ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების მე-6 პაკეტის შესახებ აცნობეს საზოგადოებას. აღნიშნული შეზღუდვები მოიცავს რუსულ ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს, უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტის – Sber-ბანკის გათიშვას SWIFT-ის გლობალური ფინანსური სისტემიდან, რომელსაც ბაზრის 37%-იანი წილი უჭირავს, სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის მოხსნას ევროკავშირის სატელევიზიო სივრციდან და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პირების ინდივიდუალურ სანქცირებას, რომელთაც ბრალი მიუძღვით ომის დანაშაულში. ეჭვგარეშეა, რომ სანქციების ამ პაკეტში ყველაზე საგულისხმო რუსული ნედლი ნავთობის ნაწილობრივი ემბარგოა, რომელსაც ევროგაერთიანების ლიდერები უდიდეს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. საინტერესოა, უფრო კონკრეტულად რას ითვალისწინებს ამ პაკეტის ენერგეტიკული კომპონენტი და რა გავლენა ექნება რუსული აგრესიის მიმდინარეობაზე.

ევროკავშირი შიდა მოხმარების ნავთობის 25%-ს სწორედ რუსეთისგან ყიდულობს. იმპორტირებული ნავთობის 2/3-ის ტრანსპორტირება საზღვაო გზით, ტანკერებით, ხდება, ხოლო 1/3 მილსადენ „დრუჟბას“ გავლით მიეწოდება ევროპას. მისი ჩრდილოეთ განშტოებით გერმანია და პოლონეთი მარაგდებიან, ხოლო სამხრეთ სეგმენტით – უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.

სანქციების მე-6 პაკეტი ითვალისწინებს რუსული ნავთობის 2/3-ის აკრძალვას, ანუ იმის, რისი ტრანსპორტირებაც საზღვაო გზით ხორციელდება, ხოლო „დრუჟბას“ მილსადენი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას. შეთანხმება უნგრეთის წინააღმდეგობის გამო გაჭიანურდა, რომელიც ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად ხმელეთით შემოსაზღვრული ქვეყანაა და მათი დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალია. უნგრეთის შემთხვევაში ესაა 86%, ჩეხეთის რესპუბლიკის – 97%, ხოლო სლოვაკეთის – 100%-იანი მაჩვენებელი. ევროგაერთიანების ლიდერების განცხადებით, წლის ბოლომდე ევროკავშირი რუსული ნავთობის 90%-ს აკრძალავს, მას შემდეგ, რაც გერმანია და პოლონეთი სრულად შეწყვეტენ ამ მილსადენის ჩრდილოეთ სეგმენტით სარგებლობასა და რუსული ნავთობის შესყიდვას. „დრუჟბას“ სამხრეთ განშტოებით გატარებული ნავთობი ევროკავშირში ჯამური რუსული ნავთობის იმპორტის 10%-ს შეადგენს, რაც ჯერჯერობით, ამ ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ძალაში რჩება. თუმცა, აღინიშნა, რომ როდესაც ევროგაერთიანება მონახავს ტექნიკურ გამოსავალს, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული ქვეყნების ნავთობით მომარაგება, ისინი სრულად შეწყვეტენ რუსული ნავთობის იმპორტს. გრაფიკი 1-ზე მოცემულია ევროკავშირში ნავთობის იმპორტი ქვეყნების მიხედვით, სადაც რუსეთი მოწინავე სახელმწიფოა და 25%-იანი წილი უჭირავს. ფაქტობრივი შედეგების წინაშე აღმოჩენილ ევროპას, საკუთარი დანაკლისის შევსების მიზნით, აქტიურად მოუწევს მუშაობა ბაზრების დივერსიფიცირებისთვის, რისი რესურსიც ნამდვილად არსებობს.

 

ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობის ემბარგოს გადაწყვეტილებამ მყისიერი გავლენა მოახდინა ნედლი ნავთობის გლობალურ ფასზე. ლონდონის ბირჟაზე ბრენტის ტიპის საწვავის ფასმა 121$-ს გადააჭარბა, რაც დაახლოებით ერთი კვირით ადრე 112 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. რაც შეეხება ამერიკულ WTI-ის ტიპის ნავთობს, მისმა ფასმა ბარელზე 119 დოლარს მიაღწია, რაც სულ რამდენიმე დღით ადრე 110 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ევროკავშირში რუსული ნავთობის შეზღუდვა, ცხადია, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი თანხების შემცირებას ნიშნავს. ბლუმბერგის დათვლებით, ნედლი ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვით რუსეთი წლიურ 10 მილიარდ აშშ დოლარ შემოსავალს დაკარგავს, ხოლო თუ გერმანია და პოლონეთი მილსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით შეწყვეტენ რუსული ნავთობის მიღებას, ამ შემთხვევაში დანაკარგი კიდევ 12 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.

წყარო: gfsis.org.ge

Leave a Reply