ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული სქემის მიხედვით გაზის საფასურის გადახდაზე უარი ჯერ პოლონეთმა თქვა, შემდეგ კი- ბულგარეთმა. შესაბამისად, „გაზპრომმა“ მათ გაზის მიწოდება შეუწყვიტა. BBC-მ შეისწავლა, არის თუ არა ეს დიდი ზარალი რუსული ექსპორტისთვის და რა ელით თავად „უარის მთქმელებს“.
რა ხდება?
27 აპრილის დილიდან რუსეთმა ბულგარეთისა და პოლონეთისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა, რადგან მათ „რუბლით“ გადახდაზე უარი განაცხადეს. იმავე დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ამ ორ ქვეყანას მიბაძა ფინეთმა (ამის შესახებ ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრმა განაცხადა) და ესტონეთმა (ეს ინფორმაცია ადგილობრივი გაზის კომპანიის ხელმძღვანელმა გაავრცელა). „გაზპრომს“ ამ უკანასკნელთა ქმედებაზე ჯერ არ უპასუხია, მაგრამ სხვა ქვეყნების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, გაზის მიწოდების შეწყვეტა უახლოესი მომავლის საკითხია.
რაში მდგომარეობს კონფლიქტი?
“გაზი რუბლში” – არც თუ ისე კორექტული დასახელებაა სქემისთვის, რომლის გამო სარქველები გადაიკეტა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა (კერძოდ, მთელმა ევროკავშირმა) გაზის საფასური უნდა გადარიცხონ არა „გაზპრომის“ ევროპულ ანგარიშზე, არამედ – კონკრეტულად რუსეთის „გაზპრომბანკის“ ანგარიშზე. ასეთი ანგარიშები უკვე გახსნა 10-მა ქვეყანამ, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იტალია იყოს, – წერს Bloomberg-ი. რუსეთის მიერ შემოთავაზებულ სქემას ოფიციალურად ჯერჯერობით მხოლოდ უნგრეთი დასთანხმდა.
მყიდველისგან ვალუტის მიღების შემდეგ (როგორც ეს კონტრაქტებშია გაწერილი), „გაზპრომბანკმა“ თავად უნდა გადაცვალოს ის რუბლში და ჩარიცხოს გამყიდველის იმავე „გაზპრომის“ ანგარიშზე. აქედან გამომდინარე, მყიდველი კი არ „იხდის რუბლით“, არამედ „გაზპრომი“ „იღებს ანაზღაურებას რუბლში“. როდესაც რუბლი აღნიშნული კომპანიის ანგარიშზე მოხვდება, გადახდის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება.
ბოლო ეტაპი და მთავარი განსხვავება ახალ და ძველ სქემებს შორის („გაზპრომი“ დიდი ხანია ვალდებულია თავისი სავალუტო შემოსავლის ნაწილი რუბლებში გადაიყვანოს) და მთავარი დაბრკოლება არის ის, რომ ევროკომისია აქ სანქციების შესაძლო დარღვევას ხედავს. ამ უკანასკნელის განმარტება ასეთია: კონვერტაციის პროცესი მთლიანად რუსეთის ხელისუფლების ხელშია. ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე წვდომის მიღება ცენტრალურ ბანკს შეუძლია. სანქციების მიხედვით კი, ეს უკანასკნელი სავალუტო ოპერაციებისგან ჩამოშორებული უნდა იყოს.
ამავდროულად, კანონის – „გაზი რუბლში“ მიხედვით, არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ვადაში უნდა გადაცვალოს ვალუტა „გაზპრომბანკმა“, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი შეიძლება ხანგრძლივი იყოს. ასეთ დროს ანაზღაურება გადაიქცევა სესხად, რომელიც ევროპელი იურიდიული პირისგან რუსეთის იურიდულ პირზე გაიცემა, რაც ასევე სანქციებით აკრძალულია. ევროკომისიის განმარტებით, სანქციების გათვალისწინებით ცალსახად „სუფთა“ ვარიანტია ყველაფერი ძველებურად გაკეთდეს: რუსეთი კონტრაქტის პირობებს შესრულებულად თვლის იმ მომენტში, როდესაც ვალუტა „გაზპრომის“ ანგარიშზე მოხვდება და სად იქნება ის გახსნილი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთსა და ბულგარეთში ნავთობის გადაზიდვაზე რუსეთის უარი მორიგ პროვოკაციად შეაფასა . „გასაკვირი არ არის, რომ კრემლი ენერგორესურსებს შანტაჟისთვის იყენებს,“- განაცხადა მან.
პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ახალი სქემის შანტაჟად განხილვაზე უარი თქვა და მას ბუნებრივი ნაბიჯი უწოდა იმის საპასუხოდ, რომ რუსეთს „რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი“ მოჰპარეს. ეს სქემა ნამდვილად ასახავს კრემლის შიშს, რომ “გაზის ევროპელი მყიდველები ევროს ევროპულ ანგარიშებზე ჩარიცხავენ და მერე თავადვე დააპატიმრებენ”, – ირონიულად აღნიშნა BBC-სთან საუბარში ბანკ „რენესანს კაპიტალის“ ეკონომისტმა სოფია დონეცმა. ის მსგავს სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.
რა ელოდებათ პოლონეთსა და ბულგარეთს?
ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, თავიდან მათთვის ადვილი არ იქნება. ევროკავშირისთვის მიწოდებული გაზის 40%-ი რუსეთზე მოდის, ამიტომაც მასზე უარის თქმა უფრო რთული იქნება, ვიდრე – ნავთობსა და ნახშირზე. ამასთანავე, ბულგარეთისა და პირველ რიგში, პოლონეთის პოზიცია ბევრად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე – მათი მეზობლების მდგომარეობა.
ჯერ ერთი, „გაზპრომთან“ მათ მრავალწლიან კონტრაქტებს ვადა მიმდინარე წელს მაინც ეწურებოდა, – ამბობს ენერგეტიკისა და ფინანსების ინსტიტუტის პრეზიდენტი მარსელ სალიხოვი. მეორე მხრივ, პოლონეთსა და ბულგარეთს რუსული გაზის ალტერნატივა აშკარად აქვთ. პოლონეთისთვის ეს არის Baltic Pipe-ი (გაზსადენი ნორვეგიიდან), რომელიც უნდა დასრულდეს 2022 წლის ოქტომბრისთვის, ზუსტად გათბობის ჩართვის სეზონის დასაწყისამდე. „ნორვეგიული გაზი რუსულზე ოდნავ ძვირი იქნება, მაგრამ განსხვავება უმნიშვნელოა“, – ამბობს საინვესტიციო სტრატეგი სერგეი სუვეროვი.
პოლონეთი მზად არის, სრულად უარი თქვას რუსულ გაზზე, – ირწმუნება სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული საკითხების მიმართულებით ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი პიოტრ ნაიმსკი. ის იმედოვნებს, რომ პოლონეთი Baltic Pipe-ის მეშვეობით წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. თითქმის იმავე რაოდენობას იღებდა ოფიციალური ვარშავა „გაზპრომისგან“- 9,67 მილიარდი კუბური მეტრი (ეს არის 2020 წლის ოფიციალური მონაცემები, უფრო გვიანდელი არ არის).
ბულგარეთში ყველაფერი უფრო რთულად არის. ერთი მხრივ, ის თითქმის 90%-ით არის რუსულ გაზზე დამოკიდებული. მეორე მხრივ, ქვეყანა გაზს აზერბაიჯანიდან იღებს. სალიხოვი ხაზს უსვამს, რომ ბულგარეთი ადრეც აპირებდა, რუსულ გაზზე უარის თქმას, მაგრამ არა პოლიტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ აზერბაიჯანული გაზი უფრო იაფია. ამასთანავე, საბერძნეთ-ბულგარეთის დამაკავშირებელი დამატებითი მილსადენი ამოქმედების პროცესშია და ქვეყანა შეძლებს მიწოდება მნიშვნელოვნად გაზარდოს.
დაბოლოს, საბერძნეთს აქვს თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი და ბულგარეთს მისი შეძენაც შეუძლია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის იმის გარანტია, რომ ბულგარეთი რუსული გაზის არქონას საერთოდ ვერ იგრძნობს, მაგრამ ამისთვის ინფრასტრუქტურა მაინც აქვს. არ არის გამორიცხული, რომ ეს ქვეყნები რუსული გაზის მიღებას გადამყიდველების მეშვეობით გააგრძელებენ, – აცხადებს სალიხოვი. “ევროპას გაზის ერთიანი ბაზარი აქვს. ამიტომ აქ დიდი სირთულეები, გარდა პოლიტიკურისა, არ იქნება. კომპანიების დონეზე ასეთი სქემის ორგანიზება შესაძლებელია,” – განმარტავს ექსპერტი.
მიბაძავენ თუ არა პოლონეთსა და ბულგარეთს სხვებიც?
ევროკომისიამ რუსეთთან გაზის საკითხებში ურთიერთობის ეტაპობრივი შეწყვეტის გეგმა ჯერ კიდევ გასულ წელს ჩამოაყალიბა. თუმცა ის საკმაოდ დუნე იყო და ვადა 2050 წლამდე ჰქონდა, მაგრამ ომმა კორექტივები შეიტანა. ახალი გეგმა, რომელიც 8 მარტს გაცხადდა, 2030 წლამდეა გაწერილი. აღნიშნული დოკუმენტის თანახად, ევროკავშირის ქვეყნები ყოველი წლის 1-ელ ოქტომბრამდე ვალდებულნი იქნებიან, გაზსაცავები, სულ ცოტა, 90%-ით შეავსონ (ჩვეულებრივ, გათბობის სეზონის დასაწყისში ისინი 20-30%-ით ივსება). ვის გაზზეა აქ საუბარი და შეიძლება იყოს თუ არა ის რუსული, დაკონკრეტებული არ არის.
ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად გაზრდიან თხევადი ბუნებრივის აირის მიწოდებას ნორვეგიიდან (დღეის მდგომარეობით, ევროკავშირისთვის მიწოდებული გაზის 23%-ი), ალჟირიდან (12%-ი), ყატარიდან (5%-ი), აშშ-დან (6%-ი), აზერბაიჯანიდან და სხვა სახელმწიფოებიდან.
გეგმის ბოლო პუნქტი არის განახლებად ენერგიაზე დაჩქარებული გადასვლა. ამ მიზნით, ევროკავშირის ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, სურს დააჩქაროს აღნიშნული სფეროს ყველა პროექტის სერტიფიცირება და მოუწოდებს ევროპელებს, თავიანთი სახლების სახურავებზე მზის პანელები დააყენონ. ეს ყველაზე მეტად გაუჭირდებათ გაზის უმსხვილეს მომხმარებლებს – გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს, – ამბობს ენერგეტიკისა და საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელი სალიხოვი.
როგორ იმოქმედებს ეს რუსეთზე?
სუვეროვის განმარტებით, “გაზპრომისთვის“ პოლონეთისა და ბულგარეთის უარი ნიშნავს შემოსავლებისა და ინვესტიციების შემცირებას, ასევე შესაძლოა, საბადოების კონსერვაციასაც, რუსეთის ბიუჯეტისთვის კი – გადასახადების დაკარგვას. პოლონეთსა და ბულგარეთზე, რომლებსაც გაზი უკვე აღარ მიეწოდებათ, რუსეთიდან ევროპაში გაზის ექსპორტის დაახლოებით 8-9% -ი მოდიოდა. ძალიან უხეში შეფასებით, ეს დაახლოებით 600 მილიარდ რუბლს უდრის („გაზპრომის“ წმინდა მოგების 2021 წლის მაჩვენებელზე დაყრდნობით). ეს საკმაოდ შესამჩნევი მაჩვენებელია, მაგრამ – არა კრიტიკული.
შედარებისთვის, „გაზპრომის“ მთლიანი ექსპორტის 45%-ი გერმანიასა და საფრანგეთში გადიოდა. ამ ქვეყნების დაკარგვა ბევრად უფრო მტკივნეული იქნებოდა და ტრილიონობით რუბლზე იქნებოდა საუბარი. თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ევროკავშირი გაცილებით მეტად არის მიბმული რუსულ გაზზე, ვიდრე – ნავთობზე. ამიტომაც მასზე უარის თქმა ბევრად უფრო რთულია. როგორც გავლენიანი ეკონომისტების ჯგუფის ღია წერილში იყო ნათქვამი, ამ მარაგების სწრაფად ჩანაცვლება რთულად შესაძლებელია.
წყარო: imedinews.ge