გერმანია რუსული გაზის ემბარგოსა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისისთვის ემზადება. სტატიას მსგავსი სათაურით Financial Times ავრცელებს. ევროპის #1 ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რუსულ გაზზე თითქმის 50%-ითაა დამოკიდებული, რისი სწრაფი ჩანაცვლებაც პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს.
ემბარგოს შემთხვევაში კომპანიათა ნაწილს უბრალოდ გაჩერება მოუწევს. ქიმიკატების ჯგუფ BASF-ის აღმასრულებელ დირექტორ მარტინ ბრუდენმიულერის განცხადებით გერმანული ბიზნესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე კრიზისის საშიშროების წინაშე დგას. ბრუდენმიულერის პოზიციას ბიზნესის დიდი ნაწილი იზიარებს.
რუსული გაზი გერმანიისთვის ერთგვარი აქილევსის ქუსლია. მასზე დამოკიდებულება განსაკუთრებით 10-იან წლებში იაპონიაში მომხდარ ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ გაიზარდა. ბერლინმა ატომური ელექტროსადგურები ერთ მეორის მიყოლებით დახურა, მზისა და ქარის ელექტროსადგურებმა დეფიციტის აღმოფხვრა ვერ შეძლეს.
ომამდე რუსულ ქვანახშირზე დამოკიდებულება 20%-ს შეადგენდა, ნავთობზე თითქმის 40%-ს, გაზზე 50%-მდე და მთლიანად ყველა სახის ენერგიაზე დაახლოებით 30%-ს. ევროკავშირი ყველაზე იოლად ქვანახშირს შეელია. კანცლერმა შოლცმა პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე გერმანია რუსულ ნავთობზეც უარს იტყოდა. გაზი კი კვლავ გამოწვევად რჩება. გარდა იმისა, რომ მისი წილი ყველაზე დიდი, დამატებით პრობლემას ტრანსპორტირებაც წარმოადგენს, ეს კი მყისიერი ჩანაცვლების პერსპექტივას მნიშვნელოვნად ართულებს.
შოლცი და ბუნდესტაგი დილემის წინაშე დგანან. ერთის მხრივ ემბარგო დადასტურებულ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, მეორეს მხრივ რუსულ გაზში მილიარდების გადახდით პუტინის რეჟიმს არსებობის დროს უხანგრძლივებენ, იმ რეჟიმს, რომელიც სამხედრო ინტერვენციას არ სჯერდება და უკრაინის მიწაზე აშკარა ომის დანაშაულს სჩადის.
კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევარ სტეფან კოტსის დაანგარიშებით რუსულ გაზზე უარის თქმა გერმანიას 2022-2023 წლებში, 400 000 სამუშაო ადგილს და €220 მლრდ შემოსავალს დააკარგინებს, რაც თავის მხრივ ქვეყნის მშპ-ის 6.5%-ის ექვივალენტურია.
დიდი ეკონომიკური დანაკარგის საფრთხეს არავინ უარყოფს, მაგრამ ბოლო დროს ემბარგოს მომხრეთა ბანაკიც გააქტიურდა. გერმანიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტი იანს კლუგე თვლის, რომ გერმანიამ საკითხი თუნდაც მორალური მიზეზის გამო უნდა განიხილოს. მისი შეფასებით ძველი სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელების შემთხვევაში ბერლინი პოლიტიკურ კაპიტალს დაკარგავს.
გერმანიამ რუსული გაზის შესყიდვა 70-იან წლებში დაიწყო. კონტრაქტი არც ავღანეთში შეჭრის დროს დარღვეულა, არც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მსგავსი განხილვები არც აგვისტოს ომის დროს ყოფილა და არც ყირიმის ანექსიის დროს.
რუსული გაზის გათიშვის შემთხვევაში გერმანიისთვის ერთგვარ მაკომპენსირებელ საშუალებად შესაძლოა გაჩერებული ატომური ელექტროსადგურების ხელახალი ამუშავება და ქვანახშირის მოხმარების ზრდა გახდეს. ეს უკანასკნელი ატმოსფეროს სხვა წიაღისეულთან შედარებით ყველაზე მეტად აბინძურებს, მაგრამ თუ სასწორის ერთ პინაზე გლობალური დათბობა და ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაა, მეორე პინაზე ადამიანთა ძალადობრივი სიკვდილი და ევროპის უსაფრთხოებაა.
წყარო: “კომერსანტი”