გაირკვა ქვეყნები, საიდანაც მთავრობა ცდილობს, იაფი საწვავი შემოიტანოს

ბოლო დროს მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრ ცვლილებებს განიცდის და საქართველოში საწვავის ღირებულება წარმოუდგენელ ნიშნულს მიუახლოვდა. ამ კრიტიკულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, მთავრობამ რაიმე ბერკეტი გამოიყენოს და ფასი როგორმე შემცირდეს. „რეზონანსმა“ გაარკვია, რომ მთავრობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 3-4 ქვეყანასთან იაფი საწვავის შემოტანასთან დაკავშირებით და ამ ინფორმაციას იმპორტიორთა ნაწილიც ადასტურებს.

რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ეს პროცესი ძალიან დიდ გავლენას ახდენს როგორც ბიზნესგარემოსა და ეკონომიკაზე, იმავდროულად _ ინფლაციაზეც. ბოლო დღეებში 1 ლიტრი საწვავის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა.

რადგან საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, საერთაშორისო ტენდენციებს ფეხი უნდა აუწყოს და გამოსავალი ქვეყნის შიგნით უნდა გამოძებნოს, მით უფრო მაშინ, როცა საწვავის ფასებმა მოსახლეობაში აგრესია და გაღიზიანება გამოიწვია. „რეზონანსის” ინფორმაციით, საქართველოს მოლაპარაკებები აქვს დაწყებული რამდენიმე ქვეყანასთან, რომ ქვეყანაში საწვავი საერთაშორისო ფასებზე ნაკლები ღირებულებით შემოიტანოს. ეს მომავალში საცალო ქსელში მნიშვნელოვან გაიაფებას გამოიწვევს. ამ სახელმწიფოებში იგულისხმებიან: თურქმენეთი, ყაზახეთი, რუსეთი და ნაწილობრივ _ აზერბაიჯანიც.

„სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე საქართველოში საწვავის გაიაფების მექანიზმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, ხოლო შეთანხმების შემთხვევაში გაიაფება 50 თეთრამდე იქნება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა სახელმწიფოსთან და ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა რუსეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ნამდვილად მოიაზრებიან იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც საქართველოს შესაძლოა,  ფასდაკლება გაუკეთოს საწვავის ღირებულებასთან მიმართებით. თუ მოხერხდა შეთანხმება, რაც 1 ტონაზე 200-300 დოლარის ფარგლებში იქნება, ამან შეიძლება, 50-თეთრიანი გაიაფება მოგვცეს 1 ლიტრზე.

საქართველოში მოქმედებს კონკრეტული კანონმდებლობა საწვავის ხარისხობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით, ანუ რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის პროდუქტი, რაც ყველასთვის ერთნაირია. ამ კუთხით რაიმე სახის გამონაკლისი თუ მოხდება საკანონმდებლო დონეზე, მაგალითად, აზერბაიჯანულ ბენზინთან დაკავშირებით, ეს უკვე სხვა ამბავია“, – აღნიშნა იაკობიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან ბოლო წლებში მხოლოდ დიზელის იმპორტს ახორციელებდა, რომელიც „ევრო-4“- ის სტანდარტის შესაბამისია. არადა,  საქართველოში „ევრო-5“-ის სტანდარტი მოქმედებს, თუმცა მთავრობა ყოველ წელს უგრძელებს საშეღავათო პირობებს მეზობელ სახელმწიფოს. იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა დათმობაზე წავა და „ევრო-4“-ის სტანდარტით წარმოებულ ბენზინის შემოტანასაც დაუშვებს, ქვეყანაში იაფი პროდუქტი შემოვა, რაც, თავის მხრივ, საცალო ფასებზე იმოქმედებს.

ახლა ნაწილობრივ უკვე გაირკვა გზები, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო, საწვავზე ფასი ნაწილობრივ მაინც ძველ ნიშნულს დაუბრუნოს, მაგრამ საინტერესოა, იქნება თუ არა მხოლოდ ეს მექანიზმები საკმარისი იმისათვის, რომ ნავთობპროდუქტებმა გაიაფება დაიწყოს?

საბედნიეროდ, მკვეთრი გაძვირების შემდეგ, საერთაშორისო ბაზარზე ნელ-ნელა ფასი ქვევით წავიდა, რაც იმედის მომცემია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, რთულია მომავალზე საუბარი, თუმცა ბაზარზე პოზიტიური ნიშნებია.

„2-3 დღეა, რაც საერთაშორისო ფასები იკლებს. თუ ტენდენცია ასე გაგრძელდება და ღირებულება კიდევ შემცირდება, ეს დადებითად იმოქმედებს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ არავის აქვს კონკრეტული გათვლის რესურსი, რადგან რუსეთ-უკრაინის ომია, ამიტომ რთულია ამაზე საუბარი.

ღირებულების სტაბილიზაციისა და შემცირებისთვის მნიშვნელოვანია, ნავთობზე საერთაშორისო ფასებმა კლება განაგრძოს, ასევე, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდეს. ისიც დადებით როლს თამაშობს ყველა მიმართულებით და არა მხოლოდ საწვავის ფასზე, არამედ ყველა იმპორტირებულ პროდუქციის ღირებულებაზე. თუ ეს ტენდენციები გაგრძელდება, ფასების სტაბილურობას ხელს არაფერი შეუშლის, მაგრამ რთულია იმის თქმა, რა იქნება მომავალში“, – აღნიშნა მთვრალაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საწვავი რამდენიმე ქვეყნიდან შემოაქვს, მათ შორის არიან: რუსეთი, თურქმენეთი, რუმინეთი, ბელგარეთი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი და  ყაზახეთი. 2021 წელს ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან – 22.1%, რომელსაც მოჰყვებიან რუსეთის ფედერაცია – 19.2% და რუმინეთი – 18.2%.

წყარო: “რეზონანსი”

Leave a Reply