მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საწვავის იმპორტი 14,9%-ით გაიზარდა. ცვლილება გამოწვეულია ეკონომიკის ზრდის ტენდენციით, ვინაიდან პანდემიური პერიოდის გამო ეკონომიკები დიდწილად შემცირებული იყო და შემდგომი პერიოდის ზრდა როგორც იმპორტზე, ასევე ნავთობპროდუქტების მოხმარებაზეც დადებითად აისახა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და გლობალური ბაზრები ახალი მოცემულობის წინაშე დააყენა. ახლა ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესია და მსოფლიოს უამრავ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ამ პრობლემასთან უწევს გამკლავება.
თუკი ომის წინა პერიოდს განვიხილავთ, იმპორტში საგრძნობი ზრდა შეინიშნებოდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფომაციით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 182,5 ათასი ტონა, რაც 23,6 ათასი ტონით, ანუ 14,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (158,9 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2022 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა მიაღწია 92,5 ათას ტონას, დიზელის საწვავის იმპორტის შმთხვევაში, ეს მაჩვენებელი 90 ათასი ტონას შეადგენს.
კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: “რეგულარის” ტიპის ბენზინი – 54,8 ათასი ტონა (59,2%); “პრემიუმის” ტიპის ბენზინი – 35,4 ათასი ტონა (38,3%); “სუპერის” ტიპის ბენზინი – 2,3 ათასი ტონა (2,5%);
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული მონაცემიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 52,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ბულგარეთი – 35,6 ათასი ტონა – 19,5%; აზერბაიჯანი – 34,9 ათასი ტონა – 19,1%; რუსეთი – 29,2 ათასი ტონა – 16%; თურქმენეთი- 23,1 ათასი ტონა – 12,6%; თურქეთი – 3,6 ათასი ტონა – 2%; საბერძნეთი – 2,5 ათასი ტონა – 1,4%; სეიშელი – 0,5 ათასი ტონა – 0,3%; ყაზახეთი – 0,3 ათასი ტონა – 0,2%.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნაა, ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე წელი ხასიათდება იმით, რომ პანდემიის შემდგომ მსოფლიოში ეკონომიკის აღდგენის სწრაფი პროცესი შეინიშნება, რამაც გამოიწვია, პირველ რიგში, ნედლი ნავთობის მოხმარების ზრდა.
,,იანვარ-თებერვალში ეკონომიკის ზრდის პროცესი მიმდინარეობდა საქართველოშიც, რაც ,,საქსტატის“ მონაცემითაც დასტურდება. თავისთავად ეს ფაქტორი განაპირობებს, რომ მოხმარება უშუალოდ ნავთობპროდუქტებზე მზარდია. ამასთან, მიმდინარე წელი ხასიათდებოდა იმითაც, რომ მოთხოვნის ზრდის პარალელურად ფასები მატულობდა და მაღალი ნიშნულისკენ მიიწევდა, თუმცა დღესდღეობით ნავთობის ფასთან მიმართებით ვითარება დრამატულია და მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეუქცევადი ნახტომისებური ზრდა გამოიწვია.
ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს საომარი მოქმედებები შუაგულ ევროპაში და შეიძლება ითქვას, რომ მისი გავლენა ნავთობის ფასზე პირდაპირპროპორციულად აისახება. რუსეთი მსოფლიოში რიგით მეორე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა და თავისთავად მისი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში განაპირობებს ასეთ მაღალ ფასს“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
მისი აზრით, ნავთობის დღევანდელი ფასი არ აღიქმება, როგორც ბოლო ზღვარი, არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება.
,,რეგიონში ომი მძვინვარებს, რაც მნიშვნელოვან კორექტირებას შეიტანს ბევრ საკითხში, მათ შორის, ფასებთან მიმართებაში. ნავთობპროდუქტებზე რეკორდულად მაჩვენებლებია და წინასწარ ძნელია განსაზღვრა საწვავის მოხმარება მომდევნო თვეებში რა მასშტაბს შეიძენს. რადგანაც არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ არსებობს.
ფასი არ იკლებს და სტაბილურად ასე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 2-3 დღით შემცირდა ფასი, ტენდენცია ვერ გაგრძელდა და გეზი კვლავ გაძვირებისკენ აიღო. საქართველოს შემთხვევაში, პრობლემაა გაცვლითი კურსიდან გამომდინარეც, ლარი ვეღარ მყარდება დოლართან მიმართებით და ფასებზე ესეც ნეგატიურ გავლენას ახდენს“, – დასძინა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.
წყარო: “რეზონანსი”