საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) 10-პუნქტიანი გეგმა რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად

რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს. გეგმაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებები უკვე საკმაოდ ეფექტურია რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ერთი-მესამედით შესამცირებლად, ხოლო მოცემული დამატებითი ღონისძიებები შესაძლებელს გახდის მის ნახევრამდე შესამცირებლად, რაც, ყველაფერთან ერთად, ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებასაც.

გთავაზობთ ხსენებული პუნქტების ჩამონათვალს:

 

პუნქტი 1. ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რუსეთთან ახალი ხელშეკრულებებლის არ გაფორმება.

შედეგი: იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან უკვე გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის შედეგად გამონთავისუფლედება თანხები, რომელთა რუსული გაზისთვის გადახდა აღარ იქნება საჭირო, ან მინიმუმამდე შემცირდება, გაჩნდება საშუალებები მომწოდებლების დივერსიფიკაციისთვის.

 

პუნქტი 2. რუსული ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლება.

შედეგი: არარუსული წყაროებიდან დამატებით დაახლოებით 30 მლრდ. კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღება.

 

პუნქტი 3. ბაზრის მდგრადობის გაზრდის მიზნით, საცავებში ბუნებრივი აირის შენახვის სავალდებულო მინიმუმის განსაზღვრა.

შედეგი: აღნიშნული ქმედება გააძლიერებს სისტემის მდგრადობას, თუმცა, 2022 წლისთვის გაზსაცავების შევსების უფრო მაღალი ვალდებულება გაზრდის ბუნებრივ აირზე მოთხოვნას და შესაბამისად – ფასებსაც.

 

პუნქტი 4. ქარისა და მზის ახალი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების დაჩქარება.

შედეგი: ახალი განახლებადი ენერგიის პროექტებიდან მომდევნო წლის განმავლობაში, დამატებით 35 ტვტ/სთ გენერაციის მიღება იგეგმება, რაც ბუნებრივი აირის მოხმარებას 6 მლრდ კუბური მეტრით შეამცირებს.

 

პუნქტი 5. ისეთი დაბალი ემისიების მქონე წყაროებიდან, როგორებიცაა ბიო და ბირთვული ენერგიები, გენერაციის მაქისმალურად გაზრდა.

შედეგი: დამატებითი 70 ტვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავება დაბალი ემისიების მქონე არსებული წყაროებიდან, რაც 13 მლრდ კუბური მეტრით შეამცირებს ბუნებრივი აირის ელექტროენერგიის გენერაციისთვის გამოყენებას.

 

პუნქტი 6. მოწყვლადი მომხმარებლების ელექტროენერგიის ფასების ზრდის ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მოკლევადიანი ღონისძიებების გატარება.

შედეგი: შეამცირებს ენერგიის გადასახადებს მომხმარებლებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებრივი აირის ფასები დარჩება მაღალი, რაც ხელმისაწვდომს გახდის 200 მილიარდამდე ევროს, მოწყვლად ჯგუფებზე უარყოფითი ზეგავლენის შესამსუბუქებლად.

 

პუნქტი 7. გაზზე მომუშავე საქვაბეების სითბური ტუმბოებით (თბოტუმბოებით) ჩანაცვლების დაჩქარება.

შედეგი: შეამცირებს გათბობისთვის ბუნებრივი აირის გამოყენებას წელიწადში დამატებით 2 მლრდ კუბური მეტრით.

 

პუნქტი 8. შენობებსა და წარმოებაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების დაჩქარება.

შედეგი: შეამცირებს გათბობისთვის ბუნებრივი აირის მოხმარებას წელიწადში დამატებით 2 მლრდ კუბური მეტრით, რაც, თვის მხრივ, შეამცირებს ენერგიაზე გადასახადებს, გაზრდის კომფორტს და ხელს შეუწყობს
სამრეწველო კონკურენტუნარიანობას.

 

პუნქტი 9. მომხმარებლების წახალისება თერმოსტატების დროებით რეგულირების კუთხით.

შედეგი: შენობების გათბობის ტემპერატურის 1°C-ით დაწევა ბუნებრივ აირზე მოთხოვნას წელიწადში დაახლოებით 10 მლრდ კუბური მეტრით შეამცირებს.

 

პუნქტი 10. წყაროების დივერსიფიკაციისა და დეკარბონიზაციისთვის ენერგოსისტემის მოქნილობის მაქსიმალურად გაძლიერება.

შედეგი: ინოვაციებზე მოკლევადიანმა მნიშვნელოვანმა წახალისებებმა დროთა განმავლობაში შესაძლოა შეასუსტოს ბუნებრივი აირის მიწოდებასა და ევროპის ელექტროენერგიის უსაფრთხოებას შორის ძლიერი ურთიერთკავშირი.

გარდა ამისა, რეალურ დროში ელექტროენერგიის საფასო სიგნალების განსაზღვრას შეუძლიათ მოთხოვნების მოქნილობის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ შეამცირებს ძვირადღირებულ და გაზის ინტენსიური მიწოდების საჭიროების მქონე პიკურ პერიოდებს.

 

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply