ევროპაში ენერგომოხმარების ფასები იზრდება და მილიონობით ადამიანს სახლის გათბობასა და სურსათის ყიდვას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. უფრო მეტიც, ამ კატეგორიაში 35 მილიონზე მეტი მოქალაქე მოხვდა. სწორედ ამ რაოდენობის ევროპელს წლევანდელ ზამთარში გათბობაზე უარის თქმა უწევს, რადგან სასწორის მეორე პინაზე საკვები დევს. ეს მაჩვენებელი უნგრეთის, საბერძნეთის, ირლანდიისა და პორტუგალიის მოსახლეობის საერთო ჯამთან არის შედარებული.
ენერგეტიკული სიღარიბის ორი ძირითადი მიზეზია დაბალი შემოსავალი და ცუდი თბოიზოლაციის მქონე საცხოვრებელი სახლები. საწვავის ფასის მატება და მიმდინარე პანდემია გათბობის გადასახადს ბევრისთვის მიუწვდომელს ხდის. სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების მიღების უფლებას, რაც ენერგეტიკის სფეროსაც მოიცავს, „ევროკავშირის სოციალური უფლებებიც“ ითვალსიწინებს. ბრიუსელმა წარადგინა მთელი რიგი სარეკომენდაციო ღონისძიება, რომლებიც წევრმა ქვეყნებმა საწვავის მზარდი ფასების შესაჩერებლად შეიძლება განახორციელონ. მათ შორის არის დაბალი სოციალური ფენისთვის გადაუდებელი დახმარება და გადასახადების შემცირება.
საფრანგეთში, კერძოდ კი, პარიზში, უფასო კვების ბენეფიციართა რაოდენობა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 30%-ით გაიზარდა. ევროპის მასშტაბით მზარდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც საკვებისა და გათბობისთვის ფულის შოვნა უჭირთ. მაგალითად, ბულგარეთში ყოველი მეოთხე მოქალაქე გათბობის გადასახადს ვერ იხდის. ეს ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეორე და მესამე ადგილს ლიტვა და კვიპროსი იკავაბენ. არა და, ზამთარში ბულგარეთში ჰაერის ტემპერატურა ნულის ქვემოთ რეგულარულად ეცემა. შესაბამისად, გათბობა აქ ძალიან აქტუალური საკითხია. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი საცხოვრებლის გათბობისთვის საკმარისი ფული არ აქვს. შენობების ცუდი თბოიზოლაცია, დაბალი შემოსავალი და საწვავის ფასების ზრდა ამ მდგომარეობის მთავარი მიზეზია.
რა ხდება?
Euronews-ი ევროპაში არსებული კომუნალური კრიზისის გასაცნობად ბულგარეთს ესტუმრა. კოჩერინოვო ქვეყნის დასავლეთით მდებარე პატარა სოფელია. 71 წლის ნიკოლა ტიშანსკი აქ მარტო ცხოვრობს. ის იღებს მცირე პენსიას, რაც 150 ევროს ეკვივალენტია. ეს თანხა მინიმალურ ხელფასზე ორჯერ ნაკლებია. ნიკოლა სახელმწიფოსგან სპეციალურ დახმარებას იღებს და ამ ფულით მან ღუმელისთვის შეშის ყიდვა შეძლო. თუმცა ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირებამ მის საფულეზე დიდი გავლენა იქონია. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდთან დაკავშირებით ის სამედიცინო დახმარებას იღებს და პენსიონერებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ანაზღაურებასაც, კომუნალური გადასახადების, მედიკამენტებისა და საკვების ხარჯების დასაფარად თანხა ძლივს ჰყოფნის. სწორედ ამიტომ, ნიკოლა ყოველდღიურად იღებს უფასო სადილს ევროპის ღარიბთა დახმარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია „ცხელი სადილი სულისთვის“. ნიკოლას გარდა, 2020 წელს ღარიბთა დახმარების ფონდიდან საკვებს 20 მილიონი ევროპელი იღებდა.
რა არის ენერგეტიკული სიღარიბის გამომწვევი მიზეზი?
ენერგეტიკული სიღარიბის გამომწვევ მიზეზებზე Euronews-ი ჟაკ დელორსის სახელობის ენერგეტიკის ცენტრის დირექტორს, თომას პელერინ-კარლინს ესაუბრა. მისი თქმით, ამის მიზეზი არის წარსული გადაწყვეტილებები, რომლებიც წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული არაეფექტიანი სისტემის შექმნისკენ იყო მიმართული. თომას პელერინ-კარლინის განმარტებით, სწორედ ამის გამო დღეს მილიონობით ევროპელი საკუთარ სახლს ვერ ათბობს. სიტუაცია კი ყოველ ჯერზე უარესდება, როგორც კი წიაღისეული საწვავის კრიზისი იწყება და ფასები სწრაფად იზრდება.
ექსპერტის შეფასებით, ამ მხრივ საუკეთესო მდგომარეობაში არიან ის ქვეყნები, რომლებიც განახლებად და უფრო ეფექტიან ენერგიის წყაროებზე გადასვლაზე არიან ორიენტირებული. ენერგეტიკული სიღარიბის მხრივ ყველაზე უარესი სიტუაცია სამხრეთ ევროპაშია და ერთი შეხედვით, ეს პარადოქსულად ჟღერს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაც უფრო ცივია ქვეყანა, მით უფრო დიდია ენერგეტიკული სიღარიბე, მაგრამ სინამდვილეში პირიქით არის. იმიტომ, რომ ენერგეტიკული სიღარიბე არა გეოგრაფიის ან კლიმატის, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო წარმოიქმნება. თუ შვედეთში ახლა ყველაფერი რიგზეა, ეს არ არის შვედეთის ამჟამინდელი მთავრობის დამსახურება. ესაა 30-წლიანი ინვესტიციის შედეგი, რომელიც საცხოვრებელი სახლების სტრუქტურის განახლებასა და გათბობის მიზნით, განახლებადი ენერგიის გამოყენებაში ჩაიდო.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირის მასშტაბით, თომას პელერინ-კარლინი აცხადებს: „ჩემი აზრით, სამი რამ. ევროპის მწვანე კურსმა უნდა უზრუნველყოს ყველა ოჯახის უფლება, რომ ზამთარში გათბეს. ეს უნდა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზანი. როგორ მივაღწიოთ ამას? პირველ რიგში, რეგულაციის გზით. ჩვენ უნდა გავხადოთ სავალდებულო შენობების თბოიზოლაცია, როდესაც ისინი იყიდება ან ქირავდება. მესამე, რაც გასაკეთებელია, სარემონტო სამუშაოების სუბსიდირებაა, განსაკუთრებით კი ისეთ ღარიბ ქვეყნებში, როგორიცაა ბულგარეთი. ამ მიზნით, ევროკომისია გამოვიდა კარგი წინადადებით, რომელიც სოციალური კლიმატის ფონდის შექმნას გულისხმობს. ეს იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.“