მწვანე ენერგეტიკის დანერგვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის მომგებიანია

ევროპა მასშტაბური ენერგოკრიზისის საფრთხის წინაშე დგას. უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებაში რეალურად შესაძლებელია, რომ რუსეთი კონტინენტისთვის გაზის მიწოდებას ან სრულად შეწყვეტს, ან მნიშვნელოვნად შეამცირებს. ევროკავშირი მოხმარებული გაზის 40%-ს  სწორედ რუსეთიდან იღებს, შესაბამისად, სწორედ რუსეთია ევროპისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი.

რადგანაც დღეს 120 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან დგას, ევროპას მოუწევს ამ აღმაშფოთებელ გამოწვევაზე რაღაც პასუხის გაცემა, პარალელურად კი თავისი ენერგეტიკული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ვინმემ შესაძლოა რუსეთის ქმედებები შეაფასოს, როგორც მილევადი ნავთობსახელმწიფოს აგონია, თუმცა, ეს სასურველის არსებულად წარმოჩენის მცდელობა იქნება. მართალია, განვითარებული სამყაროს გადასვლა ალტერნატიულ ენერგეტიკაზე მართლაც შეასუსტებს რუსეთს, მაგრამ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ხოლო უახლოეს წლებში, პირიქით, გააძლიერებს. ამას, როგორც მინიმუმ, 3 მიზეზი აქვს:

პირველი – მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლას ფასების არასტაბილურობა მოჰყვება, რის გამოც გაზის და ნავთობის მსხვილი მომპოვებლები, ისეთები, როგორც საუდის არაბეთი და რუსეთია, მიწოდების სწრაფ გაზრდას და ამასთან ერთად შემოსავლების და პოლიტიკური გავლენის გაზრდას შეძლებენ. ამ პერსპექტივის კონტურებს ჩვენ უკვე დღეს ვხედავთ, – ინვესტიციები ნავთობ-გაზში შემცირდა, მაგრამ ეს არ ხდება მოთხოვნის ვარდნის ფონზე. პირიქით, მოთხოვნა მატულობს და, არასაკმარისი მიწოდების ფონზე, ფასები სწრაფად იზრდება. ეს კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება.

მეორე – კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე სულ უფრო ნაკლებ ნავთობს და გაზს მოიპოვებენ დასავლური კერძო კომპანიები და სულ უფრო მეტად გადადის ინიციატივა ავტორიტარული ქვეყნების სახელმწიფო კომპანიების ხელში. დღეს ისეთ ძლიერ გლობალურ კომპანიებზე, როგორც Shell, Chevron, Exxon, BP და Total, გაზის და ნავთობის ჯამური მოპოვების მხოლოდ 15% მოდის  და ეს მხოლოდ დასაწყისია. ისინი მოპოვების შემცირებას მომავალშიც გეგმავენ. თუ მოპოვებასთან ერთად მოთხოვნაც არ შემცირდა, გლობალურ ბაზარზე სულ უფრო გაძლიერდებიან ის ქვეყნები და კომპანიები, რომლებსაც არც ეკოლოგიური აქტივისტების აზრი, და არც ფინანსებთან წვდომის პრობლემა აწუხებთ. ამის ნიშნებს ჩვენ უკვე დღესაც ვხედავთ, – მოპოვების ზრდაში დიდ ინვესტიციებს საუდის არაბეთის და რუსეთის სახელმწიფო კომპანიები დებენ.

მესამე – მწვანე ენერგეტიკის პირობებშიც კი, ნავთობ-გაზი არსად გაქრება. თუ 2050 წლისთვის მსოფლიო თავის დეკლარირებულ კლიმატურ მიზნებს მიაღწევს, ამ შემთხვევაშიც კი შენარჩუნდება დღევანდელი ნავთობმოხმარების მესამედი და გაზის – ნახევარი. ამ ვითარებაში ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ამ ნავთობის და გაზის მოპოვება ძირითადად სწორედ ავტორიტარული ქვეყნების ხელში დარჩება და შესაბამისად, მათი შემოსავლები თითქმის უცვლელი დარჩება. ეს გაგრძელდება მოთხოვნის საბოლოო შემცირებამდე, რომელიც ზუსტად არავინ იცის როდის იქნება.

ალბათ ეს ასევე ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდებას შეეხება, რადგანაც, ფასების ზრდის მიუხედავად, ის მაინც ყველაზე იაფია.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთოს ევროპამ, ეს არის გაზზე და ნავთობზე მოთხოვნის შემცირება და ალტერნატიული ენერგეტიკა ამ სტრატეგიის მხოლოდ ნაწილია. შესაძლებელია სხვა ნაბიჯებიც – მაგალითად, შენობების გათბობის ეფექტურობის ზრდა, ასევე ელექტრომობილების და ჰიბრიდების წილის ზრდა.

დღეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლა შეუძლებელია და შეუძლებელი კიდევ დიდხანს იქნება. პრობლემას ისიც აღრმავებს, რომ ევროპის და ამერიკის მოსახლეობას ამაღლებული ეკოლოგიური მიზნების რეალიზებისთვის საზღაურის გადახდა არ სურს. ადამიანები, რომლებიც სიღარიბესთან ძალიან ახლოს არიან, სუფთა ენერგიისთვის მეტის გადახდაზე არ თანხმდებიან. ამიტომაც ევროპა 27, იაპონია 90, და ჩინეთი 1171 ახალი ნახშირის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავენ.

უნდა ვაღიაროთ, ენერგოგადასავლა ძალიან ხანგრძლივი პროცესი იქნება და ის ვერანაირად ვერ გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა ევროპას სულ რამდენიმე კვირაში დაატყდეს.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply