ერთ-ერთი ობიექტი იმ მცირე სიიდან, რომელიც ემისიების შესამცირებლად „ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის“ (CCS) ტექნოლოგიას იყენებს, აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტ სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე რეალურად იჭერს. კანადაში მდებარე Quest-ის ქარხანა, რომელიც ნავთობის გიგანტ Shell-ს ეკუთვნის, CCS-ის ტექნოლოგიის წარმატებულ პროექტად ითვლებოდა.
Global Witness-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თუ 2015 წლიდან ქარხანამ ატმოსფეროში 5 მილიონი ტონის მოცულობის ნახშირორჟანგის ემისიის გაშვება შეაჩერა, სამაგიეროდ, ამავე პერიოდში, 7,5 მილიონი ტონა სათბურის აირები გამოყო. კვლევის თანახმად, Shell-ის ობიექტის მიერ წარმოქმნილი აირები ყოველწლიურად 1,2 მილიონი ბენზინის ავტომობილის ნახშირბადით დაბინძურების მაჩვენებელს უტოლდება. გამოძიებით დგინდება, რომ ქარხანამ ფუნქციონირების პერიოდში ემისიების მხოლოდ 48%-ის დაფიქსირება მოახერხა, როდესაც ინდუსტრია, მსგავსი ტიპის პროექტებიდან, ნახშირბადის დაჭერის 90%-იანი შედეგს გვპირდება.
გამოძიების საპასუხოდ, Shell-ის წარმოდგენელი CNBC-ის დაუკავშირდა, Global Witness-ის მიერ ჩატარებულ კვლევას „არასწორი“ უწოდა და დასძინა, რომ Quest-ის ქარხანა ემისიების დაახლოებით მესამედის დასაჭერად შეიქმნა. მისივე განცხადებით, Quest-ის ქარხანა სადემონსტრაციო პროექტია CCS-ის ტექნოლოგიის ძირითადი კონცეფციის დასამტკიცებლად და არ განეკუთვნება წყალბადის მწარმოებელ ობიექტებს.
ნავთობის გიგანტის, Shell-ის CCS-ის ტექნოლოგიის ქარხანა 2015 წელს, კანადაში შეიქმნა და Scotford-ის კომპლექსის ნაწილია, სადაც წყალბადი ნავთობის ქვიშის ბიტუმის გადამუშავებისთვის იწარმოება. Quest-ის ქარხნის დაფარვა მთელი ობიექტის ემისიებზე არ ვრცელდება. Shell-მა გასული წლის ივლისში ფართომასშტაბიანი CCS-ის პროექტი, Polaris-ი დააანონსა, რომლის სავარაუდოდ ოპერირებას ათწლეულის შუა პერიოდში დაიწყებს.