რას მიიღებს საქართველო რუსეთიდან სომხეთში გაზრდილი ტრანზიტიდან, ეს მოლაპარაკების ბოლო ფაზაში გახდება ცნობილი. აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე
რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურია და სიტუაციის დრამატიზირება პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული,- მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.
„გაზპრომთან“ ხელშეკრულება გაზის მოწოდებაზე ჯერ კიდევ 2003 წელს არის გაფორმებული და ამ პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენ რუსეთიდან გარკვეული რაოდენობის გაზს თითქმის ყოველწლიურად ვღებულობდით. ახლა საუბარი იმაზე, რომ, თურმე, „გაზპრომთან“ რაღაც ახალი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მე მგონი, თითიდან გამოწოვილი თემაა“, –აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
მისი თქმით, „გაზპრომის“ მიერ სომხეთში გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდა საქართველოსთვის რომ სასარგებლო იქნება, ორი აზრი არ არსებობს, და თუ ამის შედეგად, ქვეყანამ, შეიძლება, გარკვეული დამატებითი ბენეფიტები მიიღოს, ამაზე უარის თქმა სავსებით არარაციონალური და არაპრაგმატული იქნება.
„მე მაინც მგონია, რომ ეს თემა, უფრო, პოლიტიზირებულია და, ძირითადად, გამოწვეულია იმით, რომ 2016 — საარჩევნო წელია. აქედან გამომდინარე, გარკვეულ ძალებს აჟოიოტაჟის ატეხვა აწყობთ და პირველ რიგში, სწორედ იმ ძალებს, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთიდან გაზს ყიდულობდნენ“, –მიაჩნია ლევან კალანდაძეს.
რას მიიღებს საქართველო რუსეთიდან სომხეთში გაზრდილი ტრანზიტიდან, ეს მოლაპარაკების ბოლო ფაზაში გახდება ცნობილი.
ენერგეტიკის სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულია სტატისტიკური მონაცემები 2003–2014 წლებში საქართველოს მიერ შეძენილი და მოხმარებული გაზის რაოდენობის შესახებ, რომელთა თანახმად, საქართველოს რუსეთისგან გაზი მხოლოდ 2013 წელს არ შეუძენია. სხვა წლებში კი ქვეყანა აზერბაიჯანულ და სამხრეთ კავკასიურ გაზთან ერთად, რუსულ გაზსაც მოიხმარდა. ყველაზე დიდი მოცულობა — 1,610.396 კუბური მეტრი გაზი, რუსულ კომპანიას საქართველოსთვის 2006 წელს მოუწოდებია. ამავე წელს საქართველომ დაიწყო აზერბაიჯანული გაზის მიღებაც. 2006 წელს ქვეყანას 4.955 კუბური მეტრი გაზი ირანისგანაც უყიდია, თუმცა, როგორც სტატისტიკიდან ირკვევა –პირველად და უკანასკნელად.
„ირანისგან გაზის მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია და, თუ მომავალში მოხდება გაზსადენის რეაბილიტაცია,შეიძლება, საქართველოს გაზის მომწოდებელი ქვეყნების არც თუ ისე დიდ ჩამონათვალს ირანიც დაემატოს“, – აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
მისი განცხადებით, რა თქმა უნდა, აუციელებელია, ბუნებრივი აირის მოწოდების წყაროების დივერსიფიცირება, მაგრამ არსებობს გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები, კერძოდ, ის, რომ საქართველოს გაზის მიღება ტექნიკურად მხოლოდ აზერბაიჯანისგან და რუსეთისგან შეუძლია და ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს.
„2004 წელთან შედარებით, 2014 წელს საქართველოში გაზის მოხმარება, პრაქტიკულად, ორჯერ არის გაზრდილი. ბუნებრივია, აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობაც ამ წლების განმავლობაში პერმანენტულად იზრდებოდა, მაგრამ თავად აზერიჯანსაც გააჩნია გარკვეული ზღვარი გაზის მოწოდების თვალსაზრისით“, –მიაჩნია ეკონომისტს.
2004 წელს საქართველომ 1,112.910 კუბური მეტრი გაზი მოიხმარა, 2014 წელს კი ამ მაჩვენებელმა უკვე 2,177.036 შეადგინა. 2014 წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან 1,211.552 კუბური მეტრი გაზი მიეწოდა, რუსეთიდან– 61.607 კუბური მეტრი, სამხრეთ– კავკასიური გაზსადენიდან – 686.022 კუბური მეტრი, ხოლო ტრანზიტის საფასურმა 206.166 კუბური მეტრი შეადგინა.
ლევან კალანდაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია გაზის მოხმარების რაოდენობის ზრდა, რაღაც თადარიგი ხელისუფლებამ წინასწარ უნდა დაიჭიროს და, ამ თვალსაზრისით, გარკვეული მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს როგორც აზერბაიჯანულ, ისე რუსულ მხარესთან. რადგან ისე არ გამოვიდეს, რომ 2016–2017 წლებში აზერბაიჯანმა ვერ უზრუნველყოს საქართველოს გაზრდილი მოთხოვნის დაბალანსება და ქვეყანა გარკვეული დეფიციტის პირობებში აღმოჩნდეს.
წყარო: sputnik.ge