საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება კიდევ ერთხელ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადაიდო. ბირჟის ამოქმედების ვადის გადაწევის მთავარ მიზეზებად სიახლეებთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეების ნაკლები მზაობა და შიშებია.
იმის გასარკვევად, არის თუ არა საფრთხე, რომ ბირჟის ამოქმედება კვლავაც გადაიდოს, რასთან იქნება აღნიშნული დაკავშირებული და თუ არის შემუშავებული პრევენციული ზომები აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, “ენერგონიუსი” საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს ირინა მილორავას ესაუბრა:
ბირჟის ამოქმედებამ თავდაპირველად ბევრ ქვეყანაში გამოიწვია ფასების უკონტროლო ზრდა, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა გარკვეულ ბიზნესებს. ქართულ რეალობაში, ენერგიის ფასების მნიშვნელოვნად მატების შემთხვევაში შესაძლოა ზოგ კომპანიას რამოდენიმე დღით წამოების გაჩერებაც კი მოუწიოს, რაც დიდ ზარალთანაა დაკავშირებული. თუ ხდება აღნიშნული კუთხით მონაწილეებთან მუშაობა, ევროპის ქვეყნების რა გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია მსგავსი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ან შესარბილებლად?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ, არსებული ბაზრის მოდელის პირობებშიც კი, რამდენჯერმე მოხდა სამომხმარებლო ტარიფების ზრდა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, არსებული მოდელის შენარჩუნება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ბაზრის ფასიც არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება. გეთანხმებით, რომ ბევრ ქვეყანაში კონკურენტულმა ბაზარმა ფასების ზრდა გამოიწვია, რაც მოსალოდნელიც იყო. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, კონკურენციის განვითარებასთან ერთად, ფასები შემცირდა და დასტაბილურდა. Სსაქართველოს რეალობაში კონკურენტული ბაზრის განვითარების შედეგი ადგილობრივი გენერაციის განვითარება უნდა იყოს, რომელმაც ეტაპობრივად უნდა ჩაანაცვლოს იმპორტირებული, ძვირიანი ელექტროენერგია და ფასების სტაბილურობა უზრუნველყოს.
რთული სათქმელია, საწყის ეტაპზე როგორი იქნება ბაზრის ახალი მოდელის გავლენა ელექტროენერგიის ტარიფებზე, ვინაიდან ჩვენ არსებითად განსხვავებულ სატარიფო სისტემაზე გადავდივართ. საბითუმო დონეზე თვის ტარიფის ნაცვლად გვექნება დროში დიფერენცირებული ტარიფები, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება სეზონის, თვის და დღის სხვადასხვა მონაკვეთებში და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალი ბაზრის გასაშუალოებული ტარიფი მნიშვნელოვნად არც შეიცვალოს დღევანდელ ტარიფებთან შედარებით.
რაც შეეხებათ მომხმარებლებს, გასაგებია, რომ ყოველსაათობრივი ტარიფები მათთვის სიახლეა და არასტაბილურ ხარჯებთან ასოცირდება, მაგრამ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის მათ შეუძლიათ ბაზრის სხვა სეგმენტი – ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი გამოიყენონ, სადაც ისინი ენერგიის შესყიდვას გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმების გზით შეძლებენ.
თუ არის იმის საფრთხე, რომ ბირჟის ამოქმედება კვლავაც გადაიდება? რასთან იქნება ეს დაკავშირებული, თუ არის შემუშავებული პრევენციული ზომები აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად?
საბითუმო ბაზრის ახალი მოდელის და, მათ შორის, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების თარიღს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ბაზრის მოდელის კონცეფციით. ახალი მოდელის სიახლე მხოლოდ ენერგეტიკული ბირჟა არ არის. ახალი მოდელის მთავარი სიახლე და, იმავდროულად, გამოწვევაც არის საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლა და ბაზრის მონაწილეებისათვის უბალანსობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება. ამ თვალსაზრისით, მნიშნელოვანია საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ეფექტიანი ამოქმედება, სადაც მოხდება როგორც ბაზრის ყველა სეგმენტზე ვაჭრობის შედეგების, ასევე ბაზრის მონაწილეების მიერ მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი საათობრივი მონაცემების თავმოყრა და უბალანსობის განსაზღვრა. ამ მოდელში, ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს ბაზრის მონაწილეების მიერ უბალანსობის შემცირების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, ვინაიდან იგი შესაძლებლობას აძლევს ბაზრის მონაწილეებს, დააბალანსონ მათი სავაჭრო პოზიციები.
შესაბამისად, როდესაც ბირჟის ამოქმედების თარიღზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სეგმენტის, არამედ მთელი სისტემის მზადყოფნა ახალი მოდელისთვის, რომელიც მოიცავს გამართული სამართლებრივი ბაზის არსებობას, ბაზრის ყველა სეგმენტის გამართულ მუშაობას, სისტემის ოპერატორების მზადყოფნას, აღრიცხვის სისტემების გამართულობას და, რაც ყველაზე მთავარია, ბაზრის მონაწილეების მზადყოფნას ახალი მოდელისათვის. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი გახდა ახალი მოდელის კიდევ ერთხელ გადავადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი და კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორთან ერთად, წლის დასაწყისში დაწყებული ერთობლივი სატესტო ვაჭრობა ოქტომბრიდან უკვე უწყვეტ რეჟიმში გადავიყვანეთ, იმისთვის, რომ ბაზრის რეალურ გაშვებამდე ყველა შესაძლო პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტა მოხდეს და, ვფიქრობ, რომ დარჩენილი დრო სრულიად საკმარისი იქნება ამისთვის.
დაბოლოს, ენგურჰესი. როგორც ვიცით, ის არის იაფი ელექტროენერგიის წყარო, რა როლს ითამაშებს ის ენერგეტიკულ ბირჟაზე?
გენერაციის ინვესტორების მთავარი შიში ბაზარზე ფასის სწორად და სამართლიანად ფორმირებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბირჟაზე საბაზრო ფასის ფორმირება მოხდება ევროპულ ბაზრებზე გამოყენებული ფასწარმოქმნის ალგორითმით, არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება დაამახინჯონ საბაზრო ფასი. ასეთი რისკები ძირითადად უკავშირდება ჩვენი ბაზრის მცირე ზომას და ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ელექტროსადგურების არსებობას. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის გენერაცია ქვეყნის ჯამური გენერაციის დაახლოებით 35%-ს შეადგენს და ისინი იაფიანი ჰიდროგენერაციის ძირითადი წყაროები არიან, გასაგები გახდება გენერაციის ინვესტორების შიში – ისინი ენგურჰესს განიხილავენ, როგორც საბაზრო ფასებზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა და განვითარებულმა ქვეყნებმა გამონახეს ამ გამოწვევასთან გამკლავების გზა ბაზრის მონიტორინგის ძლიერი მექანიზმის შექმნის გზით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბაზრების დერეგულირებაზე და კონკურენციის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ამ მოდელში კიდევ უფრო იზრდება და ძლიერდება მარეგულირებელი კომისიის როლი და იგი ახალ ფუნქციას იძენს – მარეგულირებელი კომისია ხდება ის ორგანო, რომელიც უნდა დააკვირდეს ბაზარზე მონაწილეების ქცევას და უზრუნველყოს ბაზარზე სამართლიანი ფასის ჩამოყალიბება, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, ფინანსური სანქციების გამოყენების გზით და ეს მიდგომა თანაბრად გავრცელდება ბაზრის ყველა მონაწილეზე. თუმცა, თუ ენგურჰესი ბაზარზე ეკონომიკურად დასაბუთებული განაცხადებით შემოვა და, მისი წარმოების მასშტაბის გათვალისწინებით, შეამცირებს საბაზრო ფასს, ეს შედეგი კონკურენტული ბაზრის სარგებლად უნდა განვიხილოთ.
ნინო სამადაშვილი