თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის (TAPI), იგივე ტრანს-ავღანური გაზსადენი – იმედი რეგიონისთვის

ბოლო პერიოდში, აზიის ქვეყნების მედიებში ისევ აქტიურად ჩნდება ინფორმაცია თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის (TAPI), იგივე ტრანს-ავღანური გაზსადენის მშენებლობის დაჩქარებული წესით გაგრძელების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ ის ავღანეთის სათავეში თალიბების მოსვლის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, დროებით კვლავ შეჩერდა, თუმცა, ბოლო მონაცემებით, თურქმენეთსა და ავღანეთს შორის წარმატებული მოლაპარაკების შედეგები, დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

1,814 კილომეტრიანი მილსადენი თურქმენეთის გალკინიშის ბუნებრივი აირის საბადოებიდან ავღანეთისა და პაკისტანის გავლით, ინდოეთის ქალაქ ფაზილკამდე მივა, რომელიც პაკისტანისა და ინდოეთის საზღვართან, ფენჯაბის შტატში მდებარეობს. ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მთავარი მომხმარებელი პაკისტანი იქნება.

გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 33 მილიარდი კუბური მეტრია. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი – 8-10 მილიარდი აშშ დოლარი. მისი დაწყება 2017 წელს იგეგმებოდა, რომელსაც 2000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა, თუმცა, ინდოეთ-პაკისტანს შორის არსებული დაძაბულობის გამო, გადაიდო.

განსაკუთრებით საინტერესო აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზეზია. ის 1990-იანი წლების დასაწყისში, ყაზახეთისა და თურქმენეთის ნავთობკომპანიებმა შეიმუშავეს, რადგან  რუსეთი, რომელიც აკონტროლებდა ხსენებული ქვეყნების ყველა საექსპორტო მილსადენს, პეროდულად, სხვადასხვა „მიზეზის“ გამო, ზოგჯერ კი სრულიად უმიზეზოდ, უარს ამბობდა მისი მილსადენების ქსელის გამოყენებაზე. აღნიშნულ კომპანიებს სჭირდებოდათ დამოუკიდებელი საექსპორტო მარშრუტი, რომელიც თავიდან აიცილებდა როგორც ირანთან, ასევე რუსეთთან ურთიერთობას.

ამაჟამინდელმა სიტუაციამ კი აღნიშნული პროქტის წარმატებით განხორციელებისთვის დამატებითი მიზეზები გააჩინა. როგორც ცნობილია, COVID-19 პანდემიის შემდეგ ბევრი ქვეყანა ახალი ტიპის პრობლემის წინაშე დადგა. დედამიწა ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. მსოფლიო იძულებულია ენერგიის მიღების ახალი წყაროების მოძიება დაიწყოს.

ხსენებული კრიზისი მწვავედ შეეხო პაკისტანს და ინდოეთს, რომ აღარაფერი ვთქვათ ავღანეთზე. განასკუთებით ცუდ სიტუაციაში ალბათ მაინც ინდოეთია, რომლის ეკონომიკაც სწრაფი ტემპით იზრდება და მისი იაფი და საკმარისი ენერგიით უზრუნველყოფა სულ უფრო და უფრო რთულდება. ხსენებული გაზსადენის პროექტის წარმატებით განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ქვეყნისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთ-პაკისტანს შორის ორმხრივი პრობლემები არსად გამქრალა და გასათვალისწინებელია თალიბანის ფაქტორიც, საერთო ინტერესი მჭიდრო თანამშრომლობაზე უბიძგებს ხსენებულ ქვეყნებს. შეხების მთავარი წერტილი და დიალოგის მნიშვნელოვანი საგანი კი, მსოფლიოში და რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სწორედ ენერგეტიკული ობიექტებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაზსადენი უახლოეს მომავალში შეიძლება გავრძელდეს ბანგლადეშის, ნეპალისა და ბუტანის ტერიტორიებზე, რაც საშუალებას მისცემს ყველა რეგიონალურ აქტორს მნიშვნელოვანი სარგებელი ნახოს. TAPI-ს მილსადენის პროექტის წარმატებით განხორციელებას ახალი იმედი მოაქვს მთელი რეგიონისთვის.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply