სასამართლომ ქარის ტურბინების ოპერატორი კომპანიებს კრისტელ და ლუკ ფოკარტების სასარგებლოდ 128 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
ოქსიტანიის პროვინციის ტარნის დეპარტამენტის სოფელ ფორტნიეში მცხოვრები ბელგიელი წყვილი ამტკიცებდა, რომ მათ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწუხებდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მთელი რიგი, კერძოდ, თავის ტკივილები, უძილობა, გულის ფრიალი, დეპრესია, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში და გულისრევა, რაც ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, გამოწვეული იყო მათ სახლთან ახლოს განთავსებული ქარის 6 ტურბინით.
წყვილმა 2004 წელს ზემო ლანგედოკის რეგიონალური ბუნებრივი პარკის შუაგულში მდებარე 1813 წელს აშენებული ძველი საცხოვრებელი სახლი და სამი დამხმარე ნაგებობა იყიდა, გადააკეთა და 2006 წელს ისინი უკვე ტურისტების საცხოვრებლად მოსახერხებელი სოფლის პატარა სახლების მფლობელები გახდნენ.
2008-2009 წლებში მათი საცხოვრებელი სახლებიდან 700-დან 1300 მეტრამდე დაშორებით ქარის 6 ტურბინა დაამონტაჟეს.
საფრანგეთში მინიმალური დასაშვები მანძილი 500 მეტრია და თავდაპირველად ჩვენ არ ვიყავით ქარის ტურბინების საწინააღმდეგოდ განწყობილები. პრობლემები ქარის პირველი ტურბინის დამონტაჟებიდან 5 წლის შემდეგ, ტურბინას და სახლს შორის არსებული ხეების გაკაფვის შემდეგ დაიწყო და თანდათანობით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება კოშმარად იქცა. ჯანმრთელობა ულმობლად უარესდებოდა და ძილის ნაკლებობა, დაღლილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტინიტუსი, ტაქიკარდია, გონების დაკარგვა სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. ჩვენი არაერთგზის თხოვნა არც მუნიციპალიტეტმა და არც ოპერატორმა კომპანიებმა არ გაითვალისწინეს. დავრწმუნდით, რომ მაცხოვრებელთა ინტერესებზე მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტისთვის 100000 ევრო შემოსავლის მომტანი ქარის ტურბინები იყო და ექიმების რჩევით, 2015 წლის მაისიდან ქირით საცხოვრებლად ჩვენი სახლიდან 17 კმ-ის დაშორებით გადავედით, – ჰყვებიან კრისტელ და ლუკ ფოკარტები
საცხოვრებელი გარემოს შეცვლას დაავადებების თანდათანობითი რეგრესირება, 2016 წლის იანვარში კი სრული გაქრობა მოჰყვა. კრისტელმა და ლუკმა სასამართლოს მიმართეს და ქარის სადგურების ოპერატორი ორი კომპანიისგან კომპენსაციის გადახდა მოითხოვეს.
სასამართლოს მიერ დანიშნული სხვადასხვა ექსპერტიზიდან ერთ-ერთმა, კერძოდ, სონომეტრულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ქარის ტურბინების მუშაობას თან ახლდა ჩუმი ხმები – ინფრახმები. საპასუხოდ ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არ არის დამტკიცებული კავშირი ინფრახმებს და მომჩივანთა მიერ ჩამოთვლილ დაავადებებს შორის და დარღვევების მიზეზი, შესაძლოა, ხეების მოჭრის შემდეგ მხედველობის არეში მუდმივად მყოფი ქარის ტურბინების საშიშროებად მიჩნევის შესახებ წყვილის სუბიექტური აღქმა იყო.
სასამართლო დაეთანხმა ოპერატორი კომპანიის ადვოკატის მტკიცებას და არ დააკმაყოფილა წყვილის საჩივარი, მაგრამ ტულუზის საპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილებით, ქარის ტურბინების ზემოქმედების შედეგად წყვილის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება დადასტურებულად იქნა მიჩნეული. სასამართლომ აგრეთვე მიიღო მხედველობაში წყვილის მიერ საცხოვრებელი სახლის გამოცვლით მიღებული მორალური ზიანი და ის გარემოება, რომ მათმა უძრავმა ქონებამ ფასი დაკარგა (ბელგიელი წყვილი უკვე სამი წელის უშედეგიოდ ცდილობს სახლის გაყიდვას) და ოპერატორ კომპანიებს კომპენსაციის სახით 128 000 ევროს გადახდა დააკისრა.
მდგრადი გარემოს ფედერაციის (FED) და სამრეწველო ქარის საწინააღმდეგო ევროპული პლატფორმის (EPAW) ვარაუდით, ტულუზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელების შეტანის სიმრავლეს გამოიწვევს. ისინი თხოვენ იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც ქარის სადგურებს დგამენ, ქარის სადგურსა და საცხოვრებელ სახლს შორის დასაშვებ მინიმალურ მანძილად ქარის სადგურის სიმაღლის (ფრთის ჩათვლით) ათმაგი ოდენობა მიიჩნიონ ანუ 1500 მეტრი 150 მეტრი სიმაღლის ქარის სადგურისთვის.
კრისტელ და ლუკ ფოკარტების ადვოკატი მიიჩნევს, რომ ტულოზის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ქარის სადგურებთან ახლოს მცხოვრებ სხვა პირებს სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში წარმატება გარანტირებული აქვთ.
ქარის სადგურები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. სხვადასხვაა მათი კონფიგურაცია, მათზე დამაგრებული მუდმივად მოციმციმე ნათურების სიმძლავრე და სახეობა, მათი ფრთების ბრუნვის სიჩქარე, რელიეფი და სხვა. ყველა შემთხვევა ინდვიდუალური იქნება, – აცხადებს წყვილის ადვოკატი ალისა ტერასი.
წყარო: ipress.ge