ელექტროენერგიისა და გაზის ფასების უპრეცედენტო ზრდა განსაკუთრებულად მომგებიანი აღმოჩნდა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში არსებული ჰიდროენერგიის მწარმოებელი კომპანიებისთვის. შექმნილი სიტუაცია მათ საშუალებას აძლევს კიდევ უფრო გაიმყარონ პოზიციები საბითუმო ბაზარზე.

Pyhäkoski-ის ჰიდროელექტროსადგური ფინეთში, ერთ-ერთი ენერგო ობიექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი მოგება ნახა არსებულ სიტუაციაში
ბუნებრივ აირზე ფასებისა და მოთხოვნის რეკორდულმა მატებამ ელექტროენერგიის ფასები მთელ ევროპაში რეკორდულ მაქსიმუმამდე გაზარდა. S&P Global Platts-ის ცნობით, მაგალითად, გერმანიაში ელექტროენერგიის ღირებულებამ სექტემბრისთვის 117 ევრო/მვტ.სთ-ს გადააჭარბა.
წიაღისეული საწვავის მწარმოებლების მსგავსად, ჰიდროსადგურებმა, ისევე როგორც ატომურმა ელექტროსადგურებმა, არსებული სიტუაციაში განსაკუთრებული სარგებელი ნახეს. თუმცა, წიაღისეული საწვავის მწარმოებლებისგან განსხვავებით, ჰიდროელექტროსადგურები არ იხდიან ევროკავშირის ნახშირბადის ემისიების გადასახადს, რაც მათ უკეთეს მდგომარეობაში აყენებთ.
ერთ-ერთ მთავარ “გამარჯვებულად” გვევლინება ავსტრიული კომპანია Verbund AG, რომლის საკუთრებაშიც რამოდენიმე ჰიდროსადგურია რეგიონის მასშტაბით. ფინური Fortum Oyj, კიდევ ერთი ჰიდროენერგეტიკული კომპანიაა, რომელმაც შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანი სარგებელი ნახა.
მაგალითად, Verbund-ის აქციების ფასმა, ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის გამო, 16 წლიან მაქსიმუმს მიაღწია სექტემბრის დასაწყისში. ხოლო Fortum-ის აქციებს ასეთი დონისთვის 2008 წლის შემდეგ არ მიუღწევია.
ნორვეგიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰიდროენერგიის მწარმოებელი Statkraft AS ასევე ვარაუდობს დიდ მოგებას გაზრდილი ფასებიდან, აცხადებენ S&P Global Ratings-ის ანალიტიკოსები.
გარდა ჰიდროენერგიისაა, ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრმა მატებამ დადებითად იმოქმედა ასევე ქვანახშირზე, რომელიც, მიუხედავად ნახშირბადის მაღალი გადასახადისა (მაგალითად, გერმანიაში – 60 ევრო/ტონაზე), ბოლო კვირებში ისევ მიმზიდველი გახდა ევროპელი მომხმარებლისთვის.
“ნახშირის რენესანსის ხანაში ვიმყოფებით”, – აღნიშნავენ ევროპელი ანალიტიკოსები. „ძალიან საინტერესო სიტუაციის მომსწრენი ვართ: COP26 (გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია) ახლოსაა, ამ დროს, გერმანიაში ქვანახშირის წარმოება დღითიდღე იზრდება“.
ნინო სამადაშვილი