რას ნიშნავს ქვეყნისთვის კომპანია ENKA-ს გადაწყვეტილება და მის მიერ საქართველოს სახელმწიფოთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, რისი შედეგადაც $ 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი აღარ განხორციელდება – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, საქმე შესაძლოა, საერთაშორისო არბიტრაჟშიც გადავიდეს.
„ყველამ ვიცით, რომ „ენკა“ ხელშეკრულებიდან გავიდა. ეს პროექტი, განსაკუთრებით, 2 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვის თემა იყო. „ენკა“ იყო არა უბრალოდ ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი, არამედ საბჭოთა კავშირის დროიდანაც კი, როცა „ენგურჰესი“ აშენდა, ასეთი დიდი საინვესტიციო პროექტი საქართველოს არ ჰქონია. როცა ლაპარაკია 800 მილიონ დოლარზე, ლარში რომ გადავიყვანოთ, ეს 2 მილიარდ ნახევარია. ბუნებრივია, როცა ამხელა ინვესტიცია შემოდის, შემდეგ ამ ინვესტიციის ტორპედირება ხდება და მერე საერთოდაც გადის ინვესტორი, ეს, რა თქმა უნდა, არც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე და არც მის იმიჯზე კარგად არ აისახება. ზოგადად, ბოლო წლებში ყველაზე მსხვილი ინვესტიციები ენერგეტიკაში იდებოდა.
როცა ქვეყანაში ასეთი მსხვილი პროექტი ხორციელდება, ნებისმიერი ინვესტორი რისკებს უყურებს. დასამალი არაა, ჩვენ საშუალოზე მაღალი რისკის ზონის ქვეყანა ვართ. პოლიტიკურ რისკებს ვგულისხმობ. ეს არ არის მხოლოდ შიდა დაპირისპირების რისკებიდან გამომდინარე, ეს არის რუსული ფაქტორიდან გამომდინარე. ბუნებრივია, როცა ინვესტორი ამხელა თანხას დებს, ის თავის წინაპირობებს აყენებს. ისე არ ვიფიქროთ, რომ ხელისუფლება ვინემს ყველაფერზე თავს უქნევს. „ენკა”-მ ძირითადი პირობები დააყენა, ხელისუფლება, აქედან გამომდინარე, იძულებული ხდება, ამ პირობების ნაწილი მიიღოს. იქედან კი არ უნდა გამოვიდეთ, ჩვენ რა გვინდა მარტო, ჩვენ იძულებული ვართ, ინვესტორის ინტერესები გავითვალისწინოთ. ამას მინდა, ხაზი გავუსვა.
რაც შეეხება თავად ამ ხელშეკრულებასა და მის სადავო მუხლებს. იცით, რომ ძირითადი დავა მიწის გასხვისებაზე და, ზოგადად, ეკოსისტემაზე იყო. ესეც ზედმეტად იყო უტრირებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ენკა”-მ 130 მილიონამდე გადაუხადა მოსახლეებს, როცა მათი მიწების გამოსყიდვა მოხდა. ეს საკმაოდ დიდი ფულია. კითხვა ახალაც შემიძლია, დავსვა: „ ენკა“ რომ გავიდა, ამ ფულს ვინ გადაიხდის? არ იფიქროთ, რომ „ენკა“ კომპენსაციას არ მოითხოვს. საქმე შესაძლოა, საერთაშორისო არბიტრაჟშიც გადავიდეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანია იმ თანხის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც მან მოსახლეობას გადაუხადა. ამიტომ, ლაპარაკი, რომ მოსახლეობა არ იყო ბოლომდე ინფორმირებული, არაა სწორი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, თემა – „არა ჰესებს“ ანტიეროვნულია და რუსეთის ინტერესში შედის.
„ძალიან მნიშველოვანია ის, თუ როდის გაწყვიტა „ენკა”-მ ხელშეკრულება. როცა ამ პროექტის მშენებლობა შეჩერდა, მედიაციის ჯგუფი შეიქმნა. ერთ მხარეს იყვნენ „ხეობის დამცველები“, საქართველოს მთავრობა, არასამთავრობოები და ასევე აქ, როგორც მედიატორი, ჩართული იყო „ევროკავშრიის ენერგეტიკული ასოციაცია“. ჯგუფიდან ერთერთი მხარე, „ხეობის დამცველები“ გავიდა, ამის შემდეგ, მოკლე პერიოდში „ენკა”-ს გადაწყვეტილება ხდება ცნობილი.
დარიალის ხეობაში იაპონელები ენერგეტიკულ პროექტს აშენებენ. მათი პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს უნიკალური შანსი აქვს არა მხოლოდ ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, არამედ იმპორტის სერიოზულად ჩასანაცვლებლადაც. მაგრამ, იმპორტი რომ ჩავანაცვლოთ, ჩვენი წარმოება უნდა შევქმნათ.
დავუბრუნდეთ „ენკა”-ს თემას: ამ საკითხს ასე უნდა მივუდგეთ – რა დაკარგა ქვეყანამ ან რა მოიგო. მე რომ მკითხოთ, ქვეყანამ არც არაფერი მოიგო, პირიქით, დაკარგა. კიდევ ერთი რამ გავითვალისწინოთ: ესაა პოლიტიკური ფაქტორი. ერთადერთი მხარე, რომელიც საქართველოში მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით არაა დაინტერესებული, ეს რუსეთია. ის ამისთვის ყველანაირ გავლენებს იყენებს. თვითონ ეს თემაც, რომ „არა ჰესებს“, ანტიეროვნულია და რუსეთის ინტერესში შედის“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ „კვირას“ პრესკლუბში.