ამჟამად, დასაზუსტებელია დეტალები, თუ კონკრეტულად რის გამო დავობს „ენკა“ და რა პოზიცია ექნება მის კონკრეტულ პრეტენზიებზე სახელმწიფოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, თუ ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები.
თუმცა კონტრაქტის შინაარსი და ინვესტორის გავრცელებული მოკლე ცნობა რამდენიმე სცენარის წარმოდგენის შესაძლებლობას გვაძლევს:
კომპანია წყვეტს კონტრაქტს და პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე გადის ქვეყნიდან ზარალის/ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე.
კომპანია წყვეტს კონტრაქტს და ითხოვს კონტაქტით გათვალისწინებულ კომპენსაციას, რასაც საქართველოს მთავრობა თანხმდება და იხდის.
იმ შემთხვევაში, თუკი ენკას მიერ კონტრაქტის გაწყვეტის დასახელებული შემთხვევა არის კონტრაქტით გათვალისწინებული კომპენსირებადი გარემოება, მაშინ მას აქვს უფლება, მოითხოვოს აღნიშნული კომპენსაცია და სახელმწიფო, კონტრაქტის თანახმად, ვალდებულია, ის აანაზღაუროს.
იმ შემთხვევაში, თუკი ენკას მიერ კონტრაქტის გაწყვეტის დასახელებულ შემთხვევა არის გახანგრძლივებული ფორსმაჟორი, – რაც 180 დღე გრძელდება და რაც ამ შემთხვევაში შესაძლოა პანდემიას გულისხმობდეს, – სახელმწიფო ვალდებულია, გამოისყიდოს გადაცემადი აქტივები.
გადაცემადი აქტივების ღირებულება, რაც შესაძლოა სახელმწიფომ გამოისყიდოს, ამ ეტაპზე უცნობია.
კომპანია წყვეტს კონტრაქტს და ითხოვს გარკვეულ კომპენსაციას, თუმცა საქართველოს მთავრობა ამას არ თანხმდება.
ამ შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებულია, რომ დავის გადაწყვეტის არენა ხდება საერთაშორისო არბიტრაჟი, რა შემთხვევაშიც მხარეებმა უნდა წარადგინონ საკუთარი არგუმენტაცია, საერთაშორისო სასამართლოს მიერ კი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კონტრაქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
წყარო: “ნეტგაზეთი”