ბაქოში აშშ-ს ელჩის, ერლ ლიცენბერგერის განცხადებით, სამხრეთის გაზის დერეფნის მეგაპროექტით “ლურჯი საწვავის” მიწოდება ხელს შეუწყობს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მრავალი ათწლეულის მანძილზე.
აღნიშნული ლიცენბერგერმა ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ სიმპოზიუმზე, რომელიც რეგიონალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეძღვნებოდა, განაცხადა: ”მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მხარდაჭერას სამხრეთის გაზის დერეფნისადმი და აზერბაიჯანის მცდელობებს გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპის ბაზრებზე”. ელჩმა ასევე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ევროპაში ბუნებრივი აირის ფასების ზრდასთან დაკავშირებითაც. შეგახსენებთ, რომ ევროპელი მომხმარებლები შეშფოთებულები არიან ბოლო კვირების განმავლობაში ბუნებრივი აირის რეკორდულად მაღალი ფასების გამო. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ფასების ზრდა ასევე უარყოფითად იმოქმედებს ელექტროენერგიის ტარიფებზე ზამთარში, როდესაც ცივი ამინდების გამო სამომხმარებლო მოთხოვნა მკვეთრად იზრდება.
”ბაზარი ძალიან ნერვიულობს ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად” – განუცხადა New York Times-ს ლორა პეიჯმა, კვლევითი ფირმის Kpler-ის ანალიტიკოსმა. ”ამ დროისათვის, ჩვენ გვაქვს მარაგების ძალიან დაბალი დონე.”
კასპიის ზღვის ფსკერზე არსებული ბუნებრივი აირი დიდი ხანია განიხილება ერთ-ერთი ახალ ალტერნატივად ევროპაში.
3,500 კილომეტრი სიგრძის სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება, შვიდ ქვეყანას მოიცავს: ის იწყება აზერბაიჯანში, გაივლის საქართველოს, თურქეთს, საბერძნეთს, ბულგარეთს, ალბანეთს და “ადგება” იტალიის ნაპირებს. 2018 წლის ივნისში თურქეთმა მიიღო კომერციული გაზის პირველი პარტია სამხრეთის გაზის დერეფნის ყველაზე დიდი სეგმენტიდან – ტრანსანატოლიური გაზსადენიდან (TANAP). ტრანს-ადრიატიკულმა გაზსადენმა (TAP), სამხრეთის გაზის დერეფნის ბოლო სეგმენტმა, ევროკავშირის ბაზრებისთვის კომერციული გაზის მიწოდება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო.
მილსადენის საშუალებით მიწოდებული ბუნებრივი აირის ძირითადი წყაროა აზერბაიჯანული “შაჰ დენიზ-2” გაზის საბადო კასპიის ზღვის ფსკერზე. 28 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, რომელსაც BP მართავს, სამხრეთ გაზის დერეფნით წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი “ლურჯი საწვავი” ტრანსპორტირდება. 10 მილიარდი კუბური მეტრი შეიძინეს ევროკავშირის ქვეყნებმა, დანარჩენი 6 მილიარდი კუბური მეტრი კი თურქეთისთვისაა განკუთვნილი.
2021 წლის მაისისათვის, 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდებოდა ევროპის ბაზრებს TAP–ის საშუალებით. ”მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოცულობები მოკრძალებულია ევროპაში ბუნებრივი აირის საერთო მოხმარებასთან შედარებით, პროექტი საშუალებას აძლევს ევროპის უამრავ ქვეყანას მოახდინონს საკუთარი მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. გარდა ამისა, ის შეიძლება გაფართოვდეს, რაც დამატებით მოცულობებს მიიტანს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში“ – ნათქვამია ამერიკული ანალიტიკური ცენტრის – Atlantic Council-ის განცხადებაში.
მარია სავოვამ, TAP Commercial–ის ხელმძღვანელმა, არნიშნა, რომ მილსადენის გაფართოების სამი სცენარი არსებობს: „შეზღუდული გაფართოება (დაახლოებით 14.4 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში), ნაწილობრივი გაფართოება (დაახლოებით 17.1 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში) და სრული გაფართოება (დაახლოებით 20 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში). ღია, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული საბაზრო პროცესების მეშვეობით, TAP ევროპას მიწოდების საიმედო გრძელვადიან წყაროს სთავაზობს და ჩვენც ველით ახალი შეთავაზებების მიღებას”.
ნინო სამადაშვილი