კასპიის ზღვის ირანულ ნაწილში ბუნებრივი აირის ახალი მძლავრი საბადო აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ “თეირან ტაიმსი” იუწყება, იმ სახელმწიფო კომპანიის შეფასებაზე დაყრდნობით, რომელმაც ხსენებული საბადო აღმოაჩინა.
”თუ პირველადი შეფასებები დადასტურდება, კასპიის ზღვის ირანული სექტორი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტში. აღნიშნული საშუალებას მისცემს ქვეყანას დაიკავოს ევროპაში გაზის რეგიონული ექსპორტის 20 პროცენტი” – განაცხადა ხაზარის საძიებო და წარმოების კომპანიის (KEPCO) ხელმძღვანელმა ალი ოსულმა.
ანგარიშის თანახმად, Chalous არის სიდიდით მეორე ბუნებრივი აირის საბადო კასპიის ზღვაში, “ალბორცის” შემდეგ. მისი რეზერვები “სამხრეთ პარსის” – მსოფლიში უდიდესი ოფშორული გაზის მარაგის, რომელსაც ქვეყანა ყატართან იზიარებს, მეოთხედის ტოლია. აღნიშნული Chalous-ს მეათე უდიდეს ბუნებრივი აირის საბადოდ აცევს მსოფლიოში. ახალ საბადოზე საძიებო ბურღვას ორი წელი დასჭირდება, იტყობინება KEPCO.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ხსენებულმა სიახლემ შესაძლოა თურქმენეთის დამწუხრება გამოიწვიოს.
ირანის ახალმა აღმოჩენამ შეიძლება საბოლოოდ ხელი შეუშალოს თურქმენეთის გეგმებს, გახდეს ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპაში. ამჟამად, კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი აირი ევროკავშირს სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) გავლით მიეწოდება.
SGC-ის TANAP და TAP გაზსადენები განკუთვნილია აზერბაიჯანული შაჰ-დენიზის საბადოდან 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ევროპის ქვეყნებისთვის და 6 მილიარდი კუბური მეტრის – თურქეთის ბაზარისთვის მისაწოდებლად. თუმცა, ამჟამად, ხსენებული გაზსადენები მათ სრულ სიმძლავრეებთან შედარებით, მხოლოდ ნახევარი დატვირთვით მუშაობენ. უფრო მეტიც, უახლოეს მომავალში, აზერბაიჯანმა შეიძლება ვერც შეძლოს SGC-ს სრულად დატვირთვა.
ბაქო მიიჩნევს, რომ თურქმენეთს შეუძლია დაეხმაროს მას სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის შევსებაში. ბოლოს და ბოლოს, ქვეყანა მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში გაზის მარაგების მიხედვით – 19.5 ტრილიონი კუბური მეტრი, ეს კი მსოფლიო რეზერვების 10%-ია. თუმცა, არსებობს სერიოზული დაბრკოლება თურქმენული გაზის ევროპაში გაგზავნისთვის.
აუცილებელია, კასპიის ზღვის ფსკერზე, თურქმენეთის სანაპიროდან აზერბაიჯანის სანაპირომდე გაზსადენის მშენებლობა. თუმცა, აღნიშნულის გაკეთება საკმაოდ რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მშენებლობა მოითხოვს კასპიის რეგიონის ხუთივე ქვეყნის თანხმობას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშხაბადმა შეძლოს ახლო მომავალში მიაღწიოს მსგავს შეთანხმებას.
ამ დროს “სცენაზე ჩნდება” ახალი ირანული საბადო. თურქმენეთისგან განსხვავებით, თეირანს არ სჭირდება გაზსადენის მშენებლობა კასპიის ზღვის ფსკერზე. მას შეუძლია მარტივად დაუკავშირდეს მილსადენით სამხრეთ კავკასიის გაზსადენს, რომელიც SGC–ს დასაწყისს წამოადგენს. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტულ მომენტში აზერბაიჯანს არ შეეძლება “დერეფნის” საკუთარი ბუნებრივი აირით შევსება, SGC-ის სიმძლავრე შეიძლება გაიზარდოს. ხსენებული გათვალისწინებულია პროექტით. აღნიშნულ სიტუაციაში ბაქოსთვის უფრო ადვილი იქნება ირანული გაზის გამოყენება, ვიდრე თურქმენულის.
ნინო სამადაშვილი