როგორ განვითარდება მოვლენები ნავთობის მსოფლიო ბაზარზე და რა გავლენას იქონიებს აღნიშნული საქართველოში საწვავის ფასებზე?

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასები კვლავაც არასტაბილურია. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს გაურკვევლობა „ოპეკში“. ვენის შეთანხმების ქვეყნების მინისტრები ნავთობის მოპოვების დონეზე უნდა შეთანხმებულიყვნენ 30 ივნისს – 1 ივლისს. მაგრამ საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის დაძაბულობამ პროცესი შეაჩერა.

ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერსპექტივაში, მოთხოვნა ნავთობზე არ შემცირდება და ფასების ზრდა გაგრძელდება – დღეს ბაზარზე ნავთობის დეფიციტია, რომლის შევსებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. შესაძლოა ამ ვითარებაში ნავთობი 80 დოლარამდეც გაძვირდეს.

ანალიტიკოსების აზრით, ამჟამინდელი ქაოსი და გაურკვევლობა ნავთობის ბაზარზე, საბოლოო ჯამში, ყველას ერთნაირად დააზარალებს.

მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონიეს საქართველოზეც: საწვავი ისევ გაძვირდა – არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საშუალოდ 10, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კი 7 თეთრით.

ფასის მატების პარალელურად, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ აქციზის გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის.

აღნიშნულ და სხვა საკითხთან დაკავშირებით, „ენერგონიუსი“ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავჯდომარეს ვანო მთვრალაშვილს ესაუბრა:

 

ყველაზე ოპტიმისტური და პესიმისტური პროგნოზებით, კიდევ რამდენადაა მოსალოდნელი საწვავის გაძვირება?

ძალიან ძნელია გრძელვადინი პროგნოზის გაკეთება, რადგან აღნიშნული,  გარდა ლარის კურსისა და მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე დაფიქსირებული ფასებისა, ბევრ ნიუანსზეა დამოკიდებული, რომელთა პროგნოზირება მარტივი არაა. თუმცა, თუ გლობალურ ბაზრებზე მიმიდინარე პროცესებს გავაანალიზებთ, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოში საწვავზე ფასების კლებას ნაკლებად უნდა ველოდოთ, უფრო მეტიც, ამჟამინდელი ფასების შენარჩუნებაც საკმაოდ გაჭირდება და სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება, ყოველ შემთხვევაში, ზოგი კომპანიის საწვავის ფასი, ზოგიერთის შეიძლება იგივეც დარჩეს. სხვათა შორის, ლარის კურსის გამყარებამ უკვე ითამაშა თავისი როლი და მეტ-ნაკლებად შეჩერა სწრაფი მატება.

 

რამდენად ახდენს კონკრეტულად აზერბაიჯანულ ნავთობის ფასის ცვლილება საწვავის ფასზე გავლენას საქართველოში?

რომელიმე კონკრეტული ქვეყნის, იქნება ეს აზერბაიჯანული, თუ თურქმენული,  ნავთობის ფასის მატება ნაკლებად ახდენს ზეგავლენას საქართველში საწვავის ღირებულების გაზრდაზე. გავლენას ახდენს მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე  ფასების ცვლილება, რომელიც, თავის მხრივ მოქმედებს აზერბაიჯანულ და იგივე თურქმენეთის ნავთობის ფასზეც, მსგავსი პირობა (საერთაშორისო ბაზრებზე (ფასების ცვლილება) ჩადებულია ხოლმე სახელშეკრულებო პირობებშიც. თუმცა, ქვეყნებთან შეიძლება იყოს შეთახმება განსაკუთრებულ ტარიფებზე. მაგალითად, თურქმენული ნავთობი უფრო იაფია, აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ლოჯისტიკური კუთხითაა მოსახერხებელი, რადგანაც მეზობელი ქვეყანაა. ისე, ცნობისთვის, აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტებიდან მხოლოდ დიზელის საწვავი შემოდის საქართველოში და საკმაოდ კარგი პირობებით, ხსენებული „ლოჯისტიკური უპირატესობის“ წყალობით.

 

„ოპეკმა“ კვლავაც ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა, აღნიშნულმა უკვე გამოიწვია ნავთობზე ფასების არასტაბილურობა. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება დიდხანს ვერ მოხერხდა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს ჯერ გამოიწვევს ფასების მკვეთრ მატებას, ხოლო შემდეგ კლებას. თუ იზიარებთ ხსენებულ მოსაზრებას?

დიახ, „ოპეკმა“ კვლავაც ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა, რადგან საემიროების დელეგაცია მოპოვების ზრდის დაჩქარებას მოითხოვს და შეთანხმების 2022 წლამდე გაგრძელების წინაამღდეგია, თუმცა მე ვფიქრობ რომ შეთანხემის მიღწევა მაინც მოხდება, რადგან საემიროებზე უფრო მეტი გავლენა მაინც სხვა ქვეყნებს აქვთ, როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება. ასეთებია, მაგალითად: საუდის არაბეთი, რუსეთი და სხვ. შესაბამისად, თქვენს მიერ ნახსენები სცენარით სიტუაციის განვითარება ნაკლებადაა მოსალოდნელი. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რა არის „ოპეკის“ მთავარი დანიშნულება – მაქსიმალურად დაიცვას მასში შემავალი ქვეყნები ფინანსური ზარალისგან. შესაბამისად, აღნიშნული სიტუაციაც უფრო იმის მაჩვენებელია, რომ მომავალში ფასები ზრდას გააგრძელებს.

 

მსოფლიო ცდილობს მიაღწიოს „ნულოვან გამონაბოლქვს“, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნები აწესებენ გადასახადს. ზოგადად, აშკარაა სურვილი ნავთობზე უარის თქმის და სრულად განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის, როგორც მთავრობების, ისე კერძო ბიზნესის მხრდან, მაგალითად, ძალიან ბევრი მსხვილი ავტოკომპანია გეგმავს მხოლოდ ელექტრომობილების ან წყალბადზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების წარმოებას. ამ დროს, ექსპერტები ვარაუდობენ ნავთობის ფასის კიდევ უფრო გაზრდას, რასთანაა აღნიშნული დაკავშირებული?

მართალს ბრძანებთ, ამჟამად, მსოფლიოში ეკოლოგიურ და გარემოსთან დაკავშირებული საკითხებს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ნამდვილად შეინიშნება ყველა ის ტენდენცია, რაც ჩამოთვალეთ. მსოფლიო მიდის იქითკენ, რომ სრულად თქვას უარი ნავთობპროდუქტებზე. უმდიდრეს ნავთობკომპანიებს დაახლოებით იგივე ბედი ელით, რაც ერთ დროს ცნობილ კომპანია „პოლაროიდს“ –  დროთა განმავლობაში უბრალოდ დაკარგა ფუნქცია, რადგან ყველა ციფრულ სისტემებზე გადავედით. სავარაუდოდ, ასე უფრუნქციოდ დარჩებიან დღეს გავლენიანი ნავთობმწარმოებლებიც, თუმცა ეს არ მოხდება უცებ, ამისთვის მინიმუმ 15 წელი მაინცაა საჭირო და ზოგ ქვეყნებში გაცილებით მეტიც, რადგან აუცილებელია, რომ ინდუსტრიული თუ საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა მოდიფიცირდეს ისე, რომ მოერგოს ენერგიის ახალ წყაროებს, რისთვისაც დროა საჭირო, ხსენებული ერთ და ორ წელში ვერ განხორციელდება. ეს ყველაფერი, ბუნებრივია კარგადაა ცნობილი ნახსენები ნავთობკომპანიებისთვისაც. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ ამ გარდამავალ პერიოდში უფრო დახვეწონ ტექნოლოგიები, რათა ნავთობის მოპოვება და წარმოება უფრო სუფთა გახდეს, რაც ბუნებრივია მოქმედებს ფასზე. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ნავთობზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება, პოსტ-პანდემიურ ეკონომიკის აღორძინებასთან დაკავშირებით, რაც ასევე იმოქმედებს ფასების მატებაზე. ამიტომაა, რომ ექსპერტები უახლოესი ერთი წლის მანძილზე ფასების ზრდას ვარაუდობენ.

 

თქვენ გამოდიხართ აქციზის გადასახადის შემცირების ინიციატივით, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულის განხორციელებას?

პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არ ვგულისხმობთ აქციზის ისეთი სახით შემცირებას, ან გაუქმებას, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ბიუჯეტში შესულ გადასახადზე. ჩვენი წინადადება შემდეგში მდგომარეობს: უნდა შექმნას კომისია, რომელიც დაადგენს ეგრეთწოდებულ „საგანგაშო ზღვარს“, რომელსაც არ უნდა გადასცდეს საწვავის ფასი, რადგან მისი ზრდა უარყოფითად იმოქმედებს ბიზნესზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გაუძვირდება წარმოება, რომელიც შემდეგ, თავის მხრივ, აისახება წარმოებული პროდუქციის ფასზე და მოქალაქეების ჯიბეზე, აღნიშნული ასევე ირიბად მოახდენს უარყოფით გავლენას თავად ბიუჯეტზეც.  მაგალითისთვის ავიღოთ 3 ლარი. როდესაც დაფიქსირდება ისეთი ტენდენცია, რომ საწვავის ფასი სცდება აღნიშნულ 3 ლარიან  ზღვარს, კომისია მიიღებს აქციზის ფასის შემცირების გადაწყვეტილებას, საწვავის ფასების კლების შემთხვევაში კი – პირიქით.

მსგავსი პრაქტიკა ძალიან წარმატებით დაინერგა თურქეთში. შეგახსენებთ, რომ საქართველო თურქეთში გზავნიდა საწვავს იმპორტზე, ამჟამად, სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა, რადგანაც ხსენებული საგადასახადო რეფორმით თურქეთმა შეძლო მნიშვნელოვნად შეემცირებინა ფასები.

 

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply