ასე შეიძლება დახასიათდეს სიტუაცია ირანში, როდესაც ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგია. საზაფხულო ელექტროენერგიის გათიშვა ბოლო 30 წლის განმავლობაში უკვე ქრონიკული მოვლენაა ირანში, თუმცა, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი წელს განსაკუთრებით მასშტაბური იყო.
თეირანი, ისპაჰანი და სხვა დიდი ქალაქები ნამდვილ პოსტ-აპოკალიპტურ ჰოლივუდურ ფილმს მოგაგონებთ: შუქნიშნები და მაღაზიების სიგნალიზაციები გამორთულია, ზოგიერთმა საწარმომ და ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა, თეირანის მეტროს გრაფიკი არეულია, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სამრეწველო მაცივრები გაჩერდა, მოიშალა მობილური სისტემები, შეუძლებელია ქალაქში ჩვეულებრივ გადაადგილება, ან სასურსათო მაღაზიებში რამის შეძენა, რადგან ელექტრონულმა სალაროებმა შეწყვიტეს მუშაობა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი საავადმყოფოებისა და კლინიკების ფოტოები.
ყველაზე ცუდი სიტუაცია ქვეყნის ჩრდილოეთით არის, სადაც ელექტროენერგიის გათიშვამ გავლენა მოახდინა ქალაქებისა და სოფლების წყალმომარაგებაზე. ხოლო სპარსეთის ყურის მიმდებარე სამხრეთ პროვინციებში, სადაც ზაფხულის ტემპერატურა 50 გრადუსზე მეტია, მოსახლეობა აღმოჩნდა სრულიად გაუსაძლის პირობებში.
ბუნებრივია, არ დააყოვნა საპროტესტო გამოსვლებმაც – აღშფოთების ტალღამ მოიცვა ირანის ყველა პროვინცია. უფრო მეტიც, თეირანში, რაშტში, ჰომაში, ბაბოლსარში, გამშერში, ამოლში, როსტამკოლში, ბეხშარში და სხვა ქალაქებში ხალხი გადიოდა პროტესტის ნიშნად ღამით, სიბნელეში. მოსახლეობა ყველაფერში ადანაშაულებს ჩინოვნიკებს – ყველას, წოდების მიუხედავად. დაძაბულობა არ შემცირდა მას შემდეგაც, რაც მთავრობამ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა შექმნილი ვითარების გამო.
”ირანში მომხდარი არ არის ელექტროენერგიის მიწოდების სისტემაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგი, არამედ ქვეყნის მთლიანი ენერგეტიკული სისტემის მოსალოდნელი ჩამოშლა”, – განუცხადა აზერბაიჯანულ Daily–ს ირანელმა პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა თაჰა ქერმანმა.
ბოლო წლების განმავლობაში, ირანელი ეკონომისტები აფრთხილებდნენ მთავრობას, რომ მსხვილი ინვესტიციების გარეშე, ქვეყანა “ენერგეტიკული ნოკაუტის” წინაშე აღმოჩნდება. თუმცა, ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ირანი გამოიმუშავებს 85 ათას მეგავატ ელექტროენერგიას, რაც საკმარისია სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამასთან, დამოუკიდებელი ექსპერტები თვლიან, რომ არსებული სიმძლავრით რეალურია არაუმეტეს 56 ათასი მეგავატის წარმოება, ხოლო ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი მინიმუმ 10 ათას მეგავატს აღწევს. გარდა ამისა, ირანის ენერგეტიკული სისტემა მორალურად და ტექნიკურად მოძველებულია. წარმოების დაახლოებით 40% მოძველებულ ორთქლის გენერატორებზე მოდის, სადაც საწვავად მაზუთი გამოიყენება .
”მინიმუმ, არსებული სიმძლავრის შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცის ჩადება, რაც დიდი ხანია არ კეთდება. არქაულ ტექნოლოგიას მივყავართ იქამდე, რომ განაწილების სისტემაში წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის 43% იკარგება. ელექტროენერგიის წარმოების თანამედროვე სისტემები, “მწვანე ენერგეტიკა” მხოლოდ 0,5%-ს შეადგენს. ბირთვულ ენერგეტიკაში იგივე ვითარებაა, ის მთლიანი მოხმარების მხოლოდ 1.5%-ს იძლევა ” – აღნიშნავს ქერმანი.
შედარებისთვის: თურქეთში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით იგივეა, რაც ირანში, მთლიანი ენერგიის მეხუთედი ალტერნატიული წყაროებიდან მიიღება. დღეს ირანის ენერგეტიკულ სისტემაში არ არსებოს ერთი სეგმენტიც კი, რომელსაც ხარვეზი არ გააჩნია. საბოლოო დარტყმა კი მას ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულმა მაინინგმა – ციფრული ვალუტის მოპოვებამ მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, კრიპტოვალუტის არალეგალური მაინერები მოიხმარენ წარმოებული ელექტროენერგიის 10%-ს ან მეტს. სამხრეთ თეირანში პოლიციამ ცოტა ხნის წინ გამოავლიინა უზარმაზარი მიწისქვეშა მაინინგ-ცენტრი მიტოვებული ქარხნის შენობაში, სადაც დიდი რაოდენობით იყო კრიპტო-დანადგარები.
ქერმანი აღნიშნავს, რომ ირანში მაინინგ-დანადგარების გაყიდვა ოფიციალურად აკრძალულია, თუმცა, მთავრობის ზოგიერთმა წარმომადგენელი ლეგალიზაციის ინიციატივით გამოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ წინადადებებს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ მიუღიათ. ამასობაში, არსებობს მტკიცებულებები, რომ მაინინგს ფართოდ იყენებენ IRGC, “ბასიჯი” და სხვა სამართალდამცავი ორგანოები.
ექსპერტის აზრით, ხსენებული ორგანიზაციები დანადგარებს ათავსებენ იქ, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება უფასოა ან ძალიან იაფი. მაგალითად: მეჩეთებში, “ბასიჯისთის” გამოყოფილ შენობებში, სოფლებში და ა.შ.
”გასულ თვეში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში დასრულდა მაინინგ სამუშაოები, თუმცა აღნიშნული არავინ დაიჯერა, რადგან მასში მონაწილეობდნენ სტრუქტურები, რომლებიც თავად წარმოადგენენ სახელმწიფოს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება მართლაც გააჩერებს კრიპტო-სამუშაოებს, ეს არ გადაარჩენს ირანის ენერგეტიკულ სისტემას ნგრევისგან და კრიზისული ზაფხულის შემდეგ, კიდევ უფრო კრიზისული ზამთარი დადგება. საქმე იმაშია, რომ ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ამ დროს, ქვეყნის ენერგოსისტემა 80-იან წლებშია ჩარჩენილი ”, – აცხადებს პოლიტოლოგი.
ქერმანის თანახმად, ელექტროენერგიის დეფიციტით, ყველაზე მეტად ირანის ჯანდაცვის სისტემა დაზარალდა. ”თავრიზის კლინიკაში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, გამოირთო კოვიდის მქონე პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი სისტემები. რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. ყოვლად წარმოუდგენელია, მაგრამ იმამ რეზას სახელობის უდიდეს კლინიკაშიც კი, ენერგია მიეწოდება მხოლოდ რეანიმაციულ განყოფილებას. მორგებს ელექტროენერგია არ მიეწოდება და ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მდგომარეობაში არიან გარდაცვლილთა ცხედრები ზაფხულის სიცხეში ”.
”გასულ წელს ასევე ჰქონდა ადგილი ენერგეტიკულ კრიზისს, მაგრამ არა ამ მასშტაბისას”, – აცხადებს ის.
ქერმანის სიტყვებით, საპროტესტო აქციები ჯერ კიდევ ისეთი მასშტაბური არ არის, როგორც, მაგალითად, 2020 წლის იანვარში. ხალხმა ჯერ ვერ გაარკვია, ვინ არის პასუხისმგებელი, რა ხდება და ვის უნდა მიმართოს – ჰასან რუჰანის უფლებამოსილების ვადა პრაქტიკულად ამოიწურა და არჩევნებში გამარჯვებული ახალი პრეზიდენტი რაისი ჯერ არ შედგომია მოვალეობების შესრულებას …
ნინო სამადაშვილი