ესკოს თავმჯდომარემ რუსული დენის იმპორტიორი საკუთარ სახლში დაარეგისტრირა

„ვახტანგ ამბოკაძის უშუალო მონაწილეობით ხდებოდა და ხორციელდებოდა შპს „ინტერ რაო საქართველოს” დაფუძნების მოსამზადებელი სამუშაოები. საჯარო რეესტრში შპს-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია 2019 წლის 2 მაისს წარდგენილია ვახტანგ ამბოკაძის მიერ. დოკუმენტაციაში არის ვახტანგ ამბოკაძის 1 მაისით დათარიღებული თანხმობა შპს-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მის დანიშვნაზე და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე შპს-ს დარეგისტრირებაზე. ანუ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ სახელმწიფო კომპანია ესკოს-ს გენერალური დირექტორი იყო“, – ეს არის ამონარიდი Ipress.ge-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური მოკვლევიდან, სათაურით – „რა უჯდება საქართველოს რუსული დენი – კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებული ენერგოდამოუკიდებლობა“

მოკვლევა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტისას გამოვლენილ შეუსაბამობებს და დამალულ ინფორმაციას ეძღვნება.

energynews.ge-ის ყურადღება, მათ შორის, გამოიწვია, ფაქტმა, რომელიც ე.წ. „მბრუნავი კარის“ პრინციპის სრულ იგნორირებაზე მეტყველებს და ნათლად აჩვენებს, რომ როცა საკითხი ელექტოენერგიის იმპორტის საქრფიან საქმეს ეხება, იქ ყველა პრინციპი უგულებელყოფილია.

ვახტანგ ამბოკაძე დღეს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანია „ინტერ რაოს“ დირექტორია. ამ პოზიციაზე მან 2019 წლის მაისში ესკოს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) ხელმძღვანელის პოზიციიდან გადაინაცვლა. ანუ, სახელმწიფო კომპანიიდან, როემლიც განსაზღვრავს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელი ქვეყნიდან უნდა განხორციელდეს ელექტროენერგიის იმპორტი, ამბოკაძე გახდა ერთ-ერთი ქვეყნიდან, კერძოდ, რუსეთიდან იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი. ოღონდ, მანამდე, ისე რომ ოფიციალურად ესკოს ხელმძღვანელის პოსტი ეჭირა, უშუალო და სახელობითი მონაწილეობა მიიღო ამ იმპორტიორი კომპანიის დაფუძნებაში.

რა არის ე.წ. „მბრუნავი კარის“ პრინციპი. – ეს არის საჯარო და კერძო სექტორებს შორის სამსახურეობრივი გადაადგილება, რაც ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკს შეიძლება შეიცავდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გადაადგილება ერთი სექტორის ფარგლებში ხდება.

მაგალითად, თანამდებობის პირმა, რომელიც ამა თუ იმ სფეროს რეგულირებაში მონაწილეობს, შეიძლება საკუთარი თანამდებობა კერძო კომპანიის სასარგებლოდ გამოიყენოს იმ მოლოდინით, რომ შემდგომ იმავე კომპანიაში მაღალანაზღაურებად სამსახურს მიიღებს.

გარდა ამისა, კერძო კომპანიაში გადანაცვლებულმა ყოფილმა თანამდებობის პირმა ხელისუფლებაში შემორჩენილი კავშირები და გავლენა შეიძლება ლობირებისთვის და ამ კომპანიისთვის უსამართლო უპირატესობის მოსაპოვებლად გამოიყენოს.

ამ საფრთხეების პრევენციისთვის არაერთ ქვეყანაში გამოიყენება ე.წ. „გაგრილების პერიოდის“ მექანიზმი, რომელიც ყოფილ თანამდებობის პირებს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში კერძო სექტორის ზოგიერთი კატეგორიის სამსახურში დასაქმებას უკრძალავს.

ფაქტია, ვახტანგ ამბოკაძისთვის „მბრუნავი კარის“ პრინციპი საქმიანობისას რაიმე სახის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევა ამ პრინციპის უხეში და მოურიდებელი დარღვევა და გამოიწვევს თუ არა ეს ფაქტი რაიმე სახის რეაგირებას, ამაზე, დღეის მდგომარეობით, მონაცემები არ მოიძევება…

Leave a Reply