დანიის გარემოს დაცვის სააგენტომ სატრანსპორტო სისტემის ოპერატორ Energinet-ს აცნობა, რომ შეუძლია განაახლოს “ბალტიის მილსადენის” პროექტზე სამშენებლო სამუშაოები დანიის 210 კილომეტრიანი მონაკვეთის გარკვეულ უბნებზე.
Energinet ფიქრობს, რომ პროექტი შესაძლოა სამი თვით გადაიდოს, მაგრამ 2022 წლის ოქტომბრისთვის კომპანიას შეეძლება მიაღწიოს დაგეგმილი სიმძლავრის მნიშვნელოვან ნაწილს, ხოლო მისი სრულად მიღწევა 2022 წლის ბოლოსთვისაა ნავარაუდები.
2021 წლის 31 მაისს, დანიის გარემოსა და სურსათის უვნებლობის დაცვის სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, “ბალტიის მილსადენის” პროექტისთვის გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმების თაობაზე, Energinet-მა დროებით შეაჩერა მშენებლობა.
დანიის გარემოს დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ ის აღარ ეწინააღმდეგება Energinets-ის გეგმებს განაახლოს მშენებლობა პროექტის შერჩეულ უბნებზე.
Energinet–ი სავარაუდოდ განაახლებს სახმელეთო ხაზის მშენებლობას კუნძულ ზელანდიაზე, კუნძულ ფუნენის აღმოსავლეთ ნაწილსა და დანიის დასავლეთ სანაპიროდან Nybro–ს გაზსადენის ტერმინალამდე. შესაძლოა განახლდეს თავად Nybro–ს ტერმინალისა და ახალი საკომპრესორო სადგურის მშენებლობაც ევერდრუპში.
”ფუნენის კუნძულის დასავლეთ ნაწილსა და იუტლანდიის აღმოსავლეთ ნაწილში მილსადენის მშენებლობა ეგტვედეში არსებულ საკომპრესორო სადგურიდან “მცირე სარტყელამდე”, აგრეთვე, ევერდრუპში საკომპრესორო სადგურისთვის ელექტრომომარაგების გაყვანა, დროებით შეჩერდება ახალი გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემამდე, ”- განმარტა სატრანსპორტო ოპერატორმა.
ამრიგად, დანიის 210 კილომეტრიანი მონაკვეთის უმეტეს ნაწილზე მშენებლობა შეიძლება განახლდეს. მაგრამ, დანიის გარემოსა და სურსათის უვნებლობის დაცვის სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფუნენის დასავლეთ ნაწილში და იუტლანდიის აღმოსავლეთ ნაწილში მშენებლობა 2022 წლამდე გადაიდება .
2018 წელს Energinet და მისი პოლონელი პარტნიორი GAZ-System შეთანხმდნენ, რომ “ბალტიის მილსადენი” ექსპლუატაციაში 2022 წლის ოქტომბრამდე შევა, რის შედეგადაც შეძლებენ 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას. “ბალტიის მილსადენი” ნორვეგიულ ბუნებრივ აირს მიაწვდის პოლონელ მომხმარებელს, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პოლონეთის დამოკიდებულებას რუსულ ბუნებრივ გაზზე.
ნინო სამადაშვილი