ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ენერგეტიკოსები ნამოხვანჰესზე პრემიერის უპრეცენდენტო გადაწვეტილებას აფასებენ – „დროულია, მაგრამ ადვილი არ იქნება“

ნამოხვანჰესზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მოგვიანებით ენერგეტიკოსებიც გამოეხმაურნენ. მათთვის მთავრობის მეთაურის პოზიცია მისაღებია, მაგრამ რამდენად მოხერხდება ყველა მხარისთვის მისაღები პირობების შეთანხმება, ძველი სათქმელია. ჰესი რომ უნდა აშენდეს, ეს უდავოა, მაგრამ ხელშეკრულების პირობების შეცვლა მარტივი არ იქნება.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით და პრინციპულად აღნიშნა, რომ ნამოხვანჰესის პრობლემა მემკვიდრეობით დახვდა. მას კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობა არ მოსწონს და ამ ფორმით პროექტის განხორციელება აღარ გაგრძელდება.

„ნამოხვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი – 100 წელი და ასე შემდეგ… მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს – ეს ერთი. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, დავითანხმებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ წამოვიყვანოთ ის და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ნამახვანჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროექტის უსაფრთხოებაზე გააკეთა აქცენტი კონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომლის თქმითაც, ნამახვანის კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ მის უსაფრთხოებაში ყველა არ დარწმუნდება.

„დაახლოებით 12 თვე გვაქვს ჩვენ ყველას, ვიდრე შესაძლებელი გახდება კაშხლის მშენებლობა. ამ 12 თვის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროექტი გავაუმჯობესოთ. 15-მდე საექსპერტო ორგანიზაციამ გაიწვია ის კვლევები, რაც ჩვენ გვქონდა 1 თვის წინ გამოქვეყენებული. ველოდებით მათ, რომ ვნახოთ, რა აღმოაჩნეს ამ კვლევებში ისეთი, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს“, – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ჰესი მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება.

„მართალია, 99 წლით იჯარით გადაცემა შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ. სხვა დანარჩენში, რასაკვირველია, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ის ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს, მაგრამ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება“, – აღნიშნა თურნავამ.

ენერგეტიკოსები პრემიერის განცხადებას მართალია იწონებენ, თუმცა ხელშეკრულების პირობების შეცვლა ასე მარტივი მაინც არ იქნება. ენრგეტიკოსმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა რეზო არველაძემ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ოპერირებისას სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიებთან ხელშეკრულებების ფორმებსა და პირობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებები მხოლოდ ორივე მხარის შეთანხმების შედეგადაა შესაძლებელი.

„ნამოხვანჰესის პროექტი შემდეგი სისტემით შენდება – მშენებლობა, ოპერირება და ფლობა. ანუ აშენებ, ექსპლუატაციას უწევ და შენი საკუთრებაა, თურქი იქნება ამერიკელი თუ ჩეხი, არ აქვს მნიშვნელობა. ამ დროს არსებობს უფრო ხელსაყრელი მოდელი, მაგალითად, თურქებმა თავისი გენერაციის დიდი ნაწილი შემდეგი სქემით განავითარეს, რომელიც მსოფლიოში უფრო მიღებულია, ეს არის – მშენებლობა, ოპერირება და გადაცემა, რომელსაც გარანტირებული შესყიდვის ტარიფით გაძლევს ქვეყანა. თურქეთში ეს პერიოდი 15 წელია და ისეთი ტარიფია მიღებული, რომ ამ დროში ინვესტორი ჩადებულს ფულსაც ამოიღებს, ბანკის კრედიტსაც დაფარავს და კარგ მოგებასაც ნახავს. გარკვეული წლების შემდეგ კი, ეს ელექტროსადგური სახელმწიფოს უნდა ჩააბარო.

მსგავსი პროექტი, რომელიც ჩვენთან ამ სქემით ხორციელდება, არის „ნენსკრა“ და მისი ვადა 35 წლამდეა გაგრძელებული. აქ 15-20-წლიანი პერიოდში რომ გაკეთებულიყო ყველაფერი, კარგი იქნებოდა.

ნამოხვანჰესის შეთახმებაში წერია, რომ ცვლილება მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით შეიძლება მოხდეს. თუ ინვესტორი არ დათანხმდა, რომც იძახონ, ასე გავაკეთებო, არ გამოვა. ცალმხრივად ხელშეკრულების მოშლის უფლება სახელმწიფოს აქვს, მაგრამ მაშინ უზარმაზარი ჯარიმების გადახდა მოუწევს. ინვესტორი თუ დათანხმდება, რომ მშენებლობა-ოპერირება-ფლობა შეიცვალოს მშენებლობა-ოპერირება-გადაცემით, ეს უკვე იქნება საკითხის გადაწყვეტა“, – განმარტა ენერგეტიკოსმა არველაძემ.

პროექტში ცვლილების მომხრეა ენერგეტიკოსი გია არაბიძე, მაგრამ ისე უნდა მოხდეს, რომ არც ეკონომიკას შეექმნას პრობლემა და არც ეკოლოგიას. საბოლოო ჯამში, ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ შენიშვნები მაქსიმალურად უნდა იქნას გაზიარებული როგორც ინვესტორის, ასევე მთავრობის მხრიდან.

„ნამოხვანჰესის შეჩერება იქნება მძიმე, კატასტროფულიც კი, საქართველოს ენერგეტიკისთვის. პროექტი თუ არ ვარგა, უნდა გასწორდეს, მაგრამ არ უნდა იყოს საუბარი ჰესის მშენებლობის გაჩერებაზე. ეკონომიკას და ეკოლოგიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

ღარიბაშვილის განცხადება, რომ მას პროექტი მემკვიდრეობით დახვდა, პოლიტიკურ ელფერს შეიცავს და ამ მხრივ ვერ შევაფასებ, თუმცა მან აქცენტი სწორად დასვა, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა 800-მილიონიანი პროექტი არ გაჩერდეს.

ნამოხვანჰესის მშენებლობის ჩაშლით საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს კატასტროფა ელოდება. ამიტომ პროექტი უნდა გაკეთილშობილდეს, გადაიხედოს მისი იურიდიული ნაწილი, ეკონომიკური სარგებელი და ეკოლოგიური რისკები, ამის საფუძველზე უნდა ვიმსჯელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნისთვის იქნება დიდი პრობლემა“, – განაცხადა არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოთხოვნაა, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა.

წყარო: for.ge

Leave a Reply