ექსპერტი ანდრია გვიდიანი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე მოვლენებს საკუთარ facebook გვერედზე გამოეხმაურა. პოსტს უცველად გთავაზობთ:
“უამრავი აქცია გვინახავს, უამრავი შეძახილი მოგვისმენია, მაგრამ იმაზე მძიმე სანახავი, რაც დღეს რესპუბლიკის მოედანზე ხდება, იშვიათად მახსენდება. რთულია, როდესაც ტელევიზორს რთავ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციას უყურებ შენივე დედაქალაქში. ამაზე უფრო რთული სანახავია, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეები ამ ყველაფერში მონაწილეობენ, თან დიდი სიამოვნებით. სამწუხაროდ, საზოგადოების მცირე ნაწილს გულწრფელად სჯერა, რომ ჰესების წინააღმდეგ ბრძოლა მართლა რაიმე კავშირშია პატრიოტიზმთან.
დღესავით ნათელია, რუსული ინტერესები საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფერხების კონტექსტში. წლების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს ორკესტრირებული კამპანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ. სწორედ ამ მიზანმიმართული და უშინაარსო კამპანიის შედეგია გაყინული 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციები, გაჩერებული 100-მდე პროექტი და, ზოგადად, განვითარების დაბალი ტემპი.
რუსეთი იმპერიალისტური დოქტრინის მქონე ქვეყანაა, რომელიც მუდმივად ცდილობს ჰქონდეს ჩვენნაირი ქვეყნების მართვის ბერკეტები. შესაბამისად, იმპერიას არაფერში სჭირდება ძლიერი, წელში გამართული და საკუთარი რესურსების მქონე საქართველო. რაც შეეხება უშუალოდ “ნამახვანჰესს”, მე პირადად უკვე დიდი ხანია ამ პროექტს აღარ განვიხილავ წმინდა ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, ფინანსურ ან სხვა ტექნიკურ ასპექტში. ოპონენტების მხრიდან, “ნამახვანჰესის” შესახებ უკვე აღარ ისმის არც გარემოსდაცვითი და არც სხვა სახის პრეტენზიები. “რიონის მცველები” და ე.წ. გარემოსდამცველები უკვე ღიად ამბობენ, რომ პროექტი უბრალოდ არ უნდა განხორციელდეს და მორჩა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ჰესის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი დიდი ხანია გასცდა ენერგეტიკის დარგს და მიიღო ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა.
ჩვენ, ჩვენივე ირაციონალური და ემოციური ქმედებებით ქვეყნის განვითარების შანსი უამრავჯერ გავუშვით ხელიდან. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ ვერ ვისწავლეთ დამოუკიდებლად აზროვნება. ჩვენ ემოციებით ვღებულობთ გადაწყვეტილებებს, პრინციპულად უარს ვამბობთ რაციონალურ მსჯელობაზე და არაფრის დიდებით არ გვინდა ჩვენს ქმედებებს ცოტა ტვინიც მივახმაროთ.
ჩვენ გვინდა ინვესტიციები, მაგრამ არ გვინდა ინვესტორები;
ჩვენ გვინდა ენერგოუსაფრთხოება, მაგრამ არ გვინდა ენერგეტიკა;
ჩვენ გვინდა ვიყოთ მდიდრები, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ ამისთვის;
ჩვენ გვინდა ვიყოთ ძლიერები, მაგრამ შეგნებულად უარს ვამბობთ განვითარებაზე;
ჩვენ გვინდა ვიყოთ ჭკვიანები, მაგრამ პრინციპულად უარს ვამბობთ აზროვნებაზე.
ასე არ გამოდის, ასე ვერ განვვითარდებით, ასე არ შენდება ძლიერი სახელმწიფოები. სანამ არ დავიწყებთ ლაპარაკს, სანამ კეთილს არ ვინებებთ და არ დავიწყებთ აზროვნებას, ყოველთვის ვიქნებით წუმპეში, ვიქნებით ღარიბები, ვიქნებით მაჩანჩალები და მუდამ ვიფიქრებთ, თუ ვის გადავაბრალოთ ჩვენი არასახარბიელო მდგომარეობა.”