ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 4,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

„მსოფლიო ბანკი“ მიუთითებს, რომ  საქართველოს მწვანე ზრდის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება შეუძლია.

„მსოფლიო ბანკის“ ანგარიში „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“ აფასებს სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის და სანაპირო ზოლის დაბინძურებასთან და დეგრადაციასთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაკარგებს. 2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 4,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ეკონომიკურმა დანაკარგმა 560 მლნ. აშშ დოლარი – ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 3% შეადგინა. სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის დეგრადაციით გამოწვეული ხარჯები, რაც განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს მიწის დამუშავებით მოსაზრდოვე სოფლის ღარიბ მოსახლეობაზე, 128 მლნ. აშშ დოლარით შეფასდა. ლანდშაფტების აღდგენა ამ ადამიანთა შემოსავლის დეფიციტს, სავარაუდოდ, 6%-ით შეამცირებს.

კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო გაამწვავებს გარემოს დეგრადაციას, განსაკუთრებით, საქართველოს სანაპირო ზოლში. 2018 წელს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყალდიდობების, ეროზიის, ნარჩენების უმართაობისა და ნიადაგის დეგრადაციის ეკონომიკურმა ღირებულებამ სანაპირო ზოლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5%  შეადგინა. ანგარიში ხაზს უსვამს ბუნებრივი აქტივების მნიშვნელობას საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის და მიუთითებს იმას, რომ COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის აღდგენა ქვეყნისათვის უკეთესი, უფრო სამართლიანი და მწვანე განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

„მსოფლიო ბანკი“ საქართველოს მთავრობის გვერდით დგას ეკონომიკის აღდგენის მწვანე გზაზე. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ტექნიკური ცოდნა, გამოცდილება და ანალიზი ხელს უწყობს საქართველოს მწვანე გარდაქმნას, რეაგირებას ახდენს ბუნებრივი რესურსების დეგრადაციაზე, ამცირებს რესურსებზე დამოკიდებული ადამიანების მოწყვლადობას და განსაზღვრავს მწვანე განვითარების სტრატეგიას, რომელიც შესაფერისი და ეფექტურია მთელი საქართველოსთვის – როგორც სანაპირო ზოლისა და დაბლობისთვის, ისე მთიანი რეგიონებისა და ქალაქებისთვის. ქვეყნის მთავრობამ აჩვენა, რომ ის მზადაა ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს და ჩვენც საქართველოს გვერდით ვართ მწვანე განვითარებისკენ მიმავალ ამ გზაზე“,- აღნიშნა „მსოფლიო ბანკის“ რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ იკისრა მდგრადი განვითარების გაძლიერებისა და გლობალური დათბობის შეზღუდვის ვალდებულება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ახლახან განახლებული დოკუმენტის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს სათბური აირების ემისიის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის. ამ განახლებული დოკუმენტის ფარგლებში, საქართველომ 2030 წლისთვის აიღო სათბური აირების 35%-ით შემცირების ვალდებულება, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წელს გლაზგოში დაგეგმილ მხარეთა კონფერენციაზე საქართველო და პარიზის ხელშეკრულების ყველა ხელმომწერი ქვეყანა წარადგენს ანგარიშგებას ამ სამიზნე მაჩვენებლების მიღწევისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”

Leave a Reply