გიგლა აგულაშვილი: ვერეს ხეობაში რაიმე სახის მშენებლობა სასურვეი არ არის

გიგლა აგულაშვილი: ვერეს ხეობაში რაიმე სახის მშენებლობა სასურვეი არ არის

ინტერვიუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გიგლა აგულაშვილთან

რატომ ფიქრობთ, რომ ვერეს ხეობაში, ნებისმიერი მშენებლობა უნდა გაჩერდეს?

ამას მარტო მე არ ვფიქრობ, ეს მარტო ჩემი პერსონალური აზრი არ არის.ამას ფიქრობენ ჩვენი სპეციალისტები, რომლებმაც საკმაოდ მოცულობითი ნამუშევარი, დასკვნა დადეს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც 13-14 ივნისს მოხდა. ამავე დროს, ჩვენმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლის ერთი ნაწილი ითვალისწინებს იმას, რომ არ არის სასურველი ჭალაში, მდინარის ორივე ნაპირზე რაიმე, მათ შორის საცხოვრებელი სახლები აშენდეს. ასევე რეკომენდაციაა, ავტოსატრანსპორტო მაგისტრალი გადიოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მდინარის ერთ ნაპირზე იქნება. თუ მაინც და მაინც გადაკვეთეს მდინარეს, ასეთ შემთხვევაში, გვირაბების ნაცვლად გამოყენებული იქნას ფართო ბიჯიანი დამაკავშირებელი ხიდები. მეტი დაზღვევისათვის მდინარის ქალაქში შემოსვლამდე მოწყობილი იქნას წყალგამტარი ჯებირები. ასევე განიხილება შესაძლო კაშხალის მშენებლობის თემა, თუმცა, ეს უფრო ფართო მსჯელობის საგანია. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი ტიპის ფართო მშენებელობა ამ ტერიტორიაზე ჩვენი სპეციალისტების მიერ არ არის რეკომედირებული.

ამ დასკვნის და რეკომენდაციების მიხედვით, რამ გამოიწვია 13 ივნისის ტრაგედია?

13 ივნისს ერთმანეთს დაემთხვა ბუნებრივი მოვლენების ერთობლიობა, ამ შემთხვევაში სტიქია,რომელიც ძირითადად ორი არსებითი კომპონენტით გამოიხატა: პირველი, ჭარბი ნალექი. ეს საკმაოდ უცნაური მოვლენა იყო იმიტომ, რომ დასაწყისში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა სეტყვა, აეროპორტიდან შავი ზღვის ქუჩამდე ნალექი არ შეიმჩეოდა, შემდეგ ნალექი ეტაპობრივად კატასროფულად იზრდებოდა. ვაშლიჯვრის ავტომატურმა სადგურმა, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის, დააფიქსირა წყლის მოცულობა მხოლოდ 49 მილიმეტრი, რაც საგანგაშო მონაცემი არ არის. ამ დროს კი ვერეს ხეობაში ნალექების მოცულობა 100 მილიმეტრს აღემატება. ამან გამოიწვია მდინარე ვერეს ხეობაში მდინარის წყალშემკვრელ აუზში ძალიან დიდი ოდენობის წყლის მასის მოგროვება, რასაც თან დაერთო ახალდაბასთან მეწყერის ჩამოწოლა. მთელი ეს მასა, მდინარე ხოჯანასხევმა ვერეს მდინარეში ჩამოიტანა. ამ მასამ სვანიძის ქუჩამდე თავისუფლად გამოიარა, თუმცა, მერე დაიწყო პირველი შეტბორვა.

მდინარემ სადაც კი ბარიერები ნახა, ყველგან ჩაიხერგა. ეს შეიძლება არ მომხდარიყო მხოლოდ წყალი რომ ყოფილიყო, მაგრამ ღვაროცფული მასა, მათ შორის ხეების უზარმაზარი მასა ჩაიხერგა და ამან დიდი შეტბორვები გამოიწვია. ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა ერთობლიობასთან, სტიქიასთან და ადამიანის უგუნურებასთანაც. კითხვა ისმის ხოლმე, რომ შეიძლებოდა თუ არა ამ ვითარების პროგნოზირება? შემიძლია ჩვენს სპეციალისტებზე დაყრდნობით ვთქვა,რომ კლდეზვაური მეწყერის პროგნოზირება შეუძლებელია. შეგვიძლია მათი ლოკაციის ადგილების აღმოჩენა. ჩვენ ახლაც ვიცით, იქვე ახლოს, სპეციალისტების მიერ იდენტიფიცირებული იქნა დაახლოებით 60 ლოკაცია, მაგრამ როდის დაიძრება ეს პროცესი არ ვიცი. მისი გაუნებელყოფა თანამედროვე საშუალებებით და ტექნოლოგიებით შეუძლებელია. ასე რომ, ამ მოვლენის პროგნოზირება განვითარებული ფაქტობრივი მოვლენებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. თუმცა, იმის პროგნოზირება და თქმა, რომ ჭალაში საცხოვრებელი სახლი არ უნდა ააშენო,ეს ფაქტია და აქ ჩემი აზრი ცალსახაა.

ფაქტობრივად გმირთა მოედნის ქვეშ არსებული გვირაბების გახსნას უნდა ველოდოთ?

ჩვენი რეკომენდაციით, გვირაბები პრობლემურია. აუზში ყველაზე დიდი წყალი მოსალოდნელი იყო 240 მილიმეტრი კუბი მეტრ/წამში. ახლა როგორც სპეციალისტები თვლიან, წყლის ნალექი 468 მეტრ/კუბი იყო. შესაბამისად, არ ვიცით, ეს რაოდენობები მომავალში გაიზრდება თუ არა. ამიტომ სიფრთხის ყველანაირი ზომა უნდა მივიღოთ. ეს გვაფიქრებინებს, რომ გვირაბები პრობლემაა და მისი საკითხი სხვანაირად უნდა გადავწყვიტოთ თამარაშვილზეც, სავანაძის ქუჩაზეც, მთელი ტერიტორიის მანძილზე.

დღეს ვისი საკუთრებაა ჭალის ტერიტორია? რამდენადაც ცნობილია, იგივე ხეობის ნაწილი არის გასხვისებული, შესაბამისად, როგორ გესახებათ პროცესი, უნდა ველოდოთ მესაკუთრეებთან მოლაპარაკებას თუ მოვლენები რა სცენარით შეიძლება განვითარდეს?

ჩვენ გვაქვს ამ ტერიტორიის სპეციალური რუკა, სადაც ჩანს რომელი მონაკვეთია სახელმწიფოსი და რომელი მუნიციპალიტეტის, რომელი როდის გასხვისდა და როდის გახდა კერძო საკუთრება.ასევე , კერძო საკუთრებად ქცევის შემდეგ როგორ დაიწყო მშენებლობები.ჩვენ ამ მწარე გაკვეთილიდან გამომდინარე, თავი უნდა შევიკავოთ იქ რაიმენაირი მშენებელობისგან.თუმცა, მშენებელობის ნებართვა გაცემული რომც იყოს, არ მგონია, რომ ეს გონივრული იყოს იქ ვიღაცამ ახლა მშენებლობა წამოიწყოს.

მდინარე ვერე პირველად არ ადიდებულა, რატომ ვერ მოახერხეს შეაბამისმა უწყებებმა მის პრევენეცია, როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ მათთან მიმართებაში?

როდესაც ამ ტიპის ადგილები, ნაკვეთები იქცევა ხოლმე ყიდვა-გაყიდვის ობიექტად, აქ ადგილი გვაქვს ხოლმე ადამიანურ სიხარბესთან. ზოოპარკისთვის გამოყოფილი ფართობი თავის დროზე თითქმის 100 ჰექტარი იყო, შემდეგ დაიწყო მისი შემცირება და საბოლოო ჯამში 5 ჰექტრამდე მოვედით. გაცილებით ფართო იყო მზიურის ტერიტორიაც, ესეც შემცირდა. ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მიუხედვად იმისა, საკუთრების ფორმა როგორია, დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს. ხოლო იმათ, ვინც ჭალაში კერძო საკუთრებას ფლობს და გადაწყვეტს მშენებლობა წამოიწყოს, სახელმწიფომ მშვიდად და უარით უპასუხოს. საკუთრება იყოს, ამას ვერ შევეხებით, შეიძლება მომავალში კომპენსაციაზე იყო საუბარი, თუმცა, რეკომედაციაა რომ იქ მშენებლობები არ იყოს.

commersant.ge

Leave a Reply