„ჩვენი ჰიდრორესურსების პოტენციალი 10-ჯერ აღემატება ერთად აღებულ მზისა და ქარის რესურსებს“

ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მზისა და ქარის რესურსების მეშვეობით, ჩვენი ქვეყანა თავისუფლად შეძლებს ენერგო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

აღნიშნულ თემაზე „ენერგონიუსი“ „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს გიორგი აბრამიშვილს ესაუბრა:

“ქარი და მზე გახლავთ სწრაფი, ეგრეთწოდებული ცვალებადი ენერგიის წყარო. ანუ, რას ნიშნავს ხსენებული? ის იცვლის ყოველ წუთს თავის სიჩქარეს, მიმართულებას, შესაბამისად ენერგია ხან იკლებს, ხან მატულობს. მზეს რაც შეეხება, ის ასე ყოველ წუთს შეიძლება არ შეიცვალოს, მაგრამ აქაც ხან ღრუბელი ეფარება, ღამდება, წვიმიანი ამინდია და ა.შ. ანუ, გჭირდება რაღაც, რაც ამ ცვალებადობას დააბალანსებს, რადგან, მოხმარება ამ დროს არ იცვლება, იგივეა, შეიძლება მოიმატოს კიდევაც. შესაბამისად, მყისიერად უნდა მოხდეს მისი ჩანაცვლება, რადგან, ბუნებრივია შეუძლებელია მაგალითად გამოვრთოთ ერთი უბანი, მერე ჩავრთოთ მეორე უბანი, რეაგირება უნდა იყოს მყისიერი. აღნიშნული შეუძლიათ მხოლოდ თბოსადგურებს, მაგრამ ასეთი სწრაფი რეაგირების თბოსადგურები ჩვენ არ გვაქვს და რომც გვქონდეს, ეს ისევ ნიშნავს იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულებას.” – აცხადებს ენერგეტიკოსი.

ექსპერტის აზრით, რჩება მხოლოდ რეზერვუარიანი სადგურები, სადაც წყლის სახით არის დაგროვილი ენერგია, რომელიც საჭიროებისას მაშინვე შიძლება გამოიყენო. გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ხსენებული არის ყველაზე სწრაფი რეაგირების საშუალება, ოღონდ, აუცილებელია ჰიდროელექტროსადგული იყოს რეზერვუარიანი, რადგან მოდინებაზე მომუშავე ასეთ შემთხვევაში ნაკლებად სტაბილურია.

ენერგეტიკოსის სიტყვებით, აღნიშნულზე კვლევა აქვს გაკეთებული გერმანულ კომპანიას „საილენთ დიგ“. მათ გამოიკვლიეს, თუ ჩვენს ქვეყანაში რა სიმძლავრის ინტეგრირება შეუძლია მზის და ქარის ენერგიებს.

“მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ის დაგეგმილი პროექტი, მათ შორის, „ნამახვანი“, „ხუდონი“ და „ნენსკრა“ განხორციელდება, შესაძლებელი იქნება 520 მეგავატიანი მზის და 1330 მეგავატიანი ქარის სადგურები აშენდეს, რაც ჯამში დაახლოებით 1800 მეგავატია. ამ დროს, ჰიდრორესურსების მხრივ ჩვენი პოტენციალი არის 15000 მეგავატი, ანუ 10-ჯერ მეტი. გარდა ამისა, შეუძლებელი იქნება პირველი გავაკეთოთ მეორეს გარეშე. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ უფრო ძვირია, არასტაბილურია. ასევე, იმისთვის, რომ იგივე 430 მეგავატიანი მზის ელექტროსადგური ააშენო, საჭიროა ათასობით, სასოფლო-სამეურნო საქმიანობებისთვის გამოსადეგი ჰექტარი მიწა, რადგან აუცილებლად სწორი პლატო სჭირდება და არა მდინარის კალაპოტი. ამ დროს ამხელა ამბავია ატეხილი 300 ჰექტარ მიწაზე.” – აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply