ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეებისგან სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის შენიშვნა, რომ საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული, თუ რეალურად რამდენი ელექტროენერია სჭირდება ქვეყანას და რა წყაროებით შეიძლება აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება.
აღნიშნულ თემაზე „ენერგონიუსი“ „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს გიორგი აბრამიშვილს ესაუბრა.
“მინდა მოგახსენოთ, რომ სამოქმედო გეგმა არსებობს. სტრატეგია 2007 წელს არის დაწერილი. 15 წლიანი ვადა ჰქონდა მას და ამ წლის ბოლოს იქნება უკვე ახალი ერთიანი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული არის, მათ შორის, ჩვენი ევროკავშირის ენერგო გაერთიანებასთან შეერთების ვალდებულების შემადგენილი ნაწილი. ანუ, ჩვენ გვიდევს ვალდებულებად, რომ 2021 წლისთვის უნდა გვქონდეს ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა. აღნიშნული იქნება სამივე მიმართულებით: 1) განახლებადი ენერგიების განვითარების სამოქმედო გეგმა; 2) მთლიანად ენერგეტიკული სამოქმედო გემა და 3) ენერგოეფექტურობის განვითარების სამოქმედო გეგმა.”
ექსპერტს მიაჩნია, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმით სპეკულირება, თითქოს არ გვჭირდება ამდენი ჰესი, მიუღებელია, რადგანაც, მისი სიტყვებით, გვაქვს სტატისტიკური მონცემები, სადაც ნაჩვენებია, რომ 8 მლიარდ კვტ.სთ.-ს გამოიმუშავებენ ჩვენი ჰესები, მაშინ, როცა მოხმარება არის წელიწადში 13 მილიარდი. რაც, გიორგი აბრამიშვილს უზარმაზარ სხვაობად მიაჩნია.
“გარდა ამისა, ყველა ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, იქნება ეს USAID, „გალტ & თაგარტი“ თუ „საქართველოს ელექტროსისტემა“, მოხმარება იზრდება, კიდევ გაიზრდება და სავარაუდოდ, იქნება წელიწადში 21-დან 25 მილიარდ კვტ.სთ.-მდე. წარმოიდგინეთ, ჩვენი გამომუშავება რომ ისევ 8-9 მილიარდი იყოს, რა ცუდ დღეში ჩავვარდებით! აღნიშნულს სამოქმედო გეგმაც დიდად მგონი არ სჭირდება.” – აღნიშნავს ექსპერტი.
ნინო სამადაშვილი